პრეზიდენტმა ფოთში მშენებარე თეატრის შენობაც დაიწუნა?

2012.04.27 ავტორი:

პრეზიდენტის მიერ, მშენებარე თეატრის შენობის დაწუნებისა და მისი დანგრევის ბრძანების შესახებ, ფოთში, თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საუბრობენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად tspress.ge პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს, ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, პრეზიდენტი მშენებარე ობიექტებს პირადად, მედიის გარეშეც ათვალიერებს ხოლმე და შესაძლოა, ბოლო ვიზიტებისას ფოთის თეატრიც ენახა.

 

სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელმა, იგორ ღურჯიამ tspress.ge-სთან საუბარში დაწუნების შესახებ ინფორმაცია უარყო. „დაიწუნა კი არა, გაჩერებული მშენებლობის გასაგრძელებლად მილიონ ორასი ათასი ლარი გადმოგვირიცხა. პრეზიდენტმა თეატრი მანქანიდან დაათვალიერა და თანხის გადმორიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, როცა გაიგო, რომ სამუშაოები უსახსრობის გამოა გაჩერებული,“- განაცხადა მან.

 

თეატრის მშენებლობაზე, ამ დრომდე 3 მლნ. ლარზე მეტია დახარჯული. ღურჯიას თქმით, პროექტის მთლიანი ღირებულება 9 მლნ ლარია. თეატრის შენობის პროექტი საპროექტო ფირმა „ლატელიტშში“ მომზადდა, რომლის დირექტორიც არქიტექტორი, ლადო ხმალაძეა.

 

პრეზიდენტის მიერ დაწუნებული შენობის დანგრევისა და ახლის აშენების პრეცენდენტი ფოთში ერთხელ უკვე იყო. 2009 წელს, ფოთის რკინიგზის სადგურის ახალი შენობის პროექტი პრეზიდენტმა მაშინ დაიწუნა, როცა მიწასთან გასწორებული ძველი შენობის ნაცვლად, ახლის მშენებლობა დაწყებული იყო. პროექტის მიხედვით, შენობა თანამედროვე სტილის, შემინული უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტის მითითების შემდეგ, კი პროექტი შეიცვალა და კვლავ ძველი სადგურის ასლი(მცირეოდენი ცვლილებებით) ააშენეს. ნგრევა-შენებაში სადგურის შენობის დანახარჯმა 2 მლნ  ლარს გადააჭარბა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED