ფოთელი ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ [Video, Photo]

2012.09.22 ავტორი:

"ჩვენი, ახალგაზრდების ძალა მხოლოდ facebook– ის სტატუსებში არ შემოიფარგლება. დღეს, ჩვენ ფიზიკურადაც და სულიერადაც ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ისინი, ვინც პატიმრებს ასე ექცეოდა"– განაცხადა ფოთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დღეს ფოთში ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ასათიანმა.

აქციია მონაწილე ახალგაზრდებმა, რომელთა შორის ბევრი სტუდენტი და მოსწავლე იყო, დაგმეს ძალადობა. "კრიმინალი ხელისუფლების მხარდაჭერა სირცხვილია!" "ჯალათებო, გასამართლდებით!" "არა უსამართლობას!" - ამ ტრანსფარანტებითა და საყვირებით 300-ზე მეტი ახალგაზრდა ფოთის ცენტრალურ პარკში შეიკრიბა.

 

საყვირების ხმაურითა და "ჩვენ ვგმობთ ძალადობას!" შეძახილებით, საპროტესტი მსვლელობა აღმაშენებლის ქუჩიდან პორტის მიმართულებით მოაწყვეს.

 

"აღარ ვართ უკვე პატარები, ყველას გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება და დღეს საქართველოში არ არის დრო, რომ გავჩუმდეთ, პირიქით ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავამტკიცოთ რა ძალა ვართ და რა შეგვიძლია"– აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ასათიანმა.

 

აქციის მსვლელობისას, ახალგაზრდები ყველას გაერთიანებისკენ და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდნენ. 

 

მსვლელობამ მანქანების მოძრაობა შეაფერხა, თუმცა მძღოლები მოსახლეობის სხვა ნაწილთან ერთად, ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და სიგნალითა და ხელის აწევით ეგებებოდნენ. 

 

მანიფესტანტები მერიის, სასამართლოსა და პოლიციის შენობასთან შეჩერდნენ და სიმბოლურად ცოცხი დაწვეს.

 

სასამართლოს შენობასთან ახალგაზრდებმა პატიმრის წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვეს. მათ თქმით, ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობა მხოლოდ კი არ უნდა დატოვონ, პასუხისგებაშიც უნდა მიეცნენ.

 

"გრცხვენოდეთ! გრცხვენოდეთ!" -სკანდირებდნენ ისინი.

 

"ყველას მოვუწოდებ შემოგვერთდეს, ნუ გეშინიათ, რომ მამებს მოგიხსნიან სამსახურიდან, შვილებს გამოგიძევებენ უნივერსიტეტებიდან, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, გავერთიანდეთ და ამით შევქმნით ისეთ საქართველოს, რომლითაც ყველა იამაყებს,"– აღნიშნა ერთ–ერთმა მონაწილემ. 

 

 

"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატი, ეკა ბესელია ახალგაზრდებს ნავსადგურის სამმართველოს მიდებარე ტერიტორიაზე შეუერთდა. მან გამოჩენილი მამაცობისთვის ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.

 

აქციის ორგანიზატორის, გიორგი ასათიანის თქმით, მათი მოთხოვნა იყო, აქციაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია და მოწოდებები არ ყოფილიყო, სხვა კუთხით მათ შეერთების წინააღმდეგი არ იყვნენ. მისი თქმით,  მათ მიერ ორგანიზებულ აქციას, პროტესტის გამოსახატად ნებისმიერ პარტია და მათ აქტივისტებს შეუძლიათ შემოუერთდნენ. 

 

"ფოთის ახალგაზრდობა ყოველთვის პასიურობდა, მაგრამ დღეს ყველანი ერთად ვდგევართ, გვერდში ვუდგევართ საქართველოს იმ ახალგაზრდობას, რომელიც ამ ყველაფერს გმობენ, ჩვენ მათ არასდროს მივატოვებთ,"– განაცხადა ერთ–ერთმა მონაწილემ. 

 

აქცია მსვლელობის დაწყების ადგილას - ფოთის ცენტრალურ პარკში დასრულდა.

 

 

 

 

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED