"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" შეფასებები არჩევნების მეორე ტურზე

2016.10.30 ავტორი: TS

ფოთის საოლქო- საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი კანონით მითითებულ დროს, 20 სთ- ზე დაიხურა და  ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღის ბოლოს, კენჭისყრის დასრულების შემდგომ არჩევნები TSpress - თან „ნაციონალურ მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ შეაფასა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ არჩევნების მიმდინარეობისას სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ქონია და პარტიას საჩივარიც არ დაუფიქსირებია.

 

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სამსონ კუტალიას თქმით, არჩევნების დღის შეფასებას კონკრეტულ საკითხებზე ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან შეუთანხმებლად ვერ გააკეთებს.

 

თავად კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ფოთში, არჩევნების პროცესს „მშვიდი და თავისუფალი“ უწოდა. აღნიშნულზე კომენტარი მან ხმის მიცემის დროს გააკეთა

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ბასილაიას განცხადებითაც, არჩევნები ფოთის, ოზურგეთისა და ლანცხუთის საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროცედურა -ხმის დათვლის პროცესი წინაა.

 

„კენჭისყრის პროცესში ადგილი ქონდა გარკვეულ დარღვევებს, თუმცა უბნის გაუქმების  საფუძველი, რომ ყოფილიყო ასეთი დარღვევა არ გამოვლენილა. მაგრამ წინ ძალიან მნიშვნელოვანი- ხმის დათვლის პროცედურები გვაქვს. ყველას კარგად გვახსოვს, 8 ოქტომბრის არჩევნებში როგორ უკანონოდ მიმდინარეობდა ვაჭრობა, რომ მეორე ტური არ ყოფილიყო, აბსოლუტურად კორუფციული სქემების გამოყენებით ხორციელდებოდა უბნების არდახურვა, ხმების დათვლის გაჯანჯლება დილის 10 სთ-მდე, ვერ ვივარაუდებთ ამჟამად რა გველის წინ, ამიტომ საბოლოო შეფასებისგან თავს შევიკავებთ“- აღნიშნა ბასილაიამ.

 

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის ხელისუფლების აქტიურ ოპონირებაში იქნება და ხელს შეუწყობს ფოთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბასილაიას განმარტებით, ქალაქის საქმიანობაში ჩართული დამარცხების შემთხვევაშიც  იქნება.

 

„ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვიზრუნოთ, შემდგომშიც ვიქნებით ჩართული, და შევეცდებით ვაიძულოთ ხელისუფლება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.“- აღნიშნა მან.

 

ფოთში, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, საჭირო ხმები მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ხმების - 47.86 % მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ბასილაიამ - 26 %.

 

 

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED