ფოთში საუბნო კომისიის წევრები "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ [Video]

2016.10.25 ავტორი: TS

ფოთში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე გადამდგარი საუბნო კომისიის წევრების ნაწილი იძულებასა და ზეწოლაზე საუბრობს. 

ფოთის საოლქოს, საუბნო კომისიის დატოვების მოთხოვნით, ერთდროულად 11კომისიის ოცმა წევრმა მიმართა, რომელთაგან 4 თავმჯდომარე და ერთი მოადგილეა.

 

საოლქოს სხდომაზე, სადაც მათ განცხადებებს განიხილავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მიხეილ პაჭკორიამ განაცხადა, რომ კომისიის წევრებს თანამდებობების დატოვებას აიძულებდნენ და საოლქო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

საოლქოს წარმომადგენლებმა სხდომაზე განმარტეს, რომ საოლქოში შეტანილ განცხადებაში, საუბნო კომისიის დატოვების ოფიციალურ მიზეზად, ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობებს ასახელებენ. ხოლო სხვა სახის მოკვლევა მათ უფლება-მოვალეობასა და კომპეტენციას სცილდება.

 

საოლქომ კომისიის ახალი შემადგენლობა უკვე დაამტკიცა. ახლადარჩეული წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიები არიან.

 

 

11 უბნიდან, სადაც წევრები შეიცვალა, 4 უბანში, არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ბექა ბასილაიამ მოიგო, ერთ უბანზე -  5 ხმა დააკლდა, ხოლო დანარჩენ ექვს უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხაუბია ბასილაიაზე 120-ზე მეტი ხმით ლიდერობდა.

 

საუბნო კომისიის წევრების ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომისიის დატოვებას ადასტურებენ, ნაწილი კი, TSpress -თან საუბარში, სტატიაში ვინაობის დასახელების გარეშე ყვება, რომ კომისიიდან გასვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებიდან მოთხოვეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყვნენ.

 

„საარჩევნო შტაბების კოორდინატორები ახლობლობით სვამდნენ კომისიაში ადამიანებს, მეც ასე მოვხვდი თავიდან. პირველი ტურის შემდეგ, იგივე ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ კომისია დამეტოვებინა, რადგან მას თხოვდნენ პასუხს. ანუ ყველა თავის მიყვანილ ადამიანზე იყო პასუხისმგებელი. ამიტომ მას ვეცი პატივი და გამოდის ნაწილობრივ ჩემი სურვილით დავწერე განცხადება, თუმცა მანამდე მივედი შტაბში და ვითხოვე აეხსნათ, თუ რატომ მაიძულებდნენ დამეტოვებინა კომისია, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. ჯოხი ჩვენზე გადმოტყდა. ჩვენ უბანზე სუფთად ვიმუშავეთ და სამართლიანად ჩატარებული არჩევნებით ის შედეგი დაიდო, რაც მივიღეთ. ამაში დამნაშავე კომისია კი არა თავად არიან“ - განაცხადა TSpress-თან საუბარში ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

 

ერთ-ერთი ყოფილი წვერის თქმით, კომისიის დატოვება „ქართული ოცნებიდან“ იმდენად ახლობელმა მოთხოვა, რომ „ერთჯერადი ხელფასის“ გამო წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია.

 

„ეს ხომ არ იყო რაიმე მუდმივი სამსახური, უბრალოდ ახლობელსაც ვაგდებდი უხერხულ სიტუაციაშუ თავის ხელმძღვანელებთან, მეგობრებთან და თავად ირაკლი ხახუბიასთანაც კი. ყველა ყველას ახლობლები ვართ და სიმართლე გითხრათ, პირველ ტურში ისეთი ამბები გადავიტანეთ, არც მიღირდა“- თქვა მან.

 

#21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ბადრი ბუსქანძეს განცხადებით, ვინაიდან აღნიშნულ უბანზე „ნაციონალურ მოძრაობამ“ და მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მისი მისამართით თითქმის ყველა პარტიიდან წამოვიდა ცილისწამებლური, აბსურდული ბრალდებები, რამაც მას კომისიის დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

„ამ აბსურდული ბრალდებების გამო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არჩევნების საღამოსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში თანამდებობა დამეტოვებინა“- განმარტავს ბუსქანძე.

 

#19 საარჩევნო უბნის ყოფილი თავმჯდომარის, მაკა ჩხეტიას განცხადებით, მან კომისიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. უბანზე, რომელსაც ჩხეტია ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ბექა ბასილაიმ გაიმარჯვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, არჩევნების დღეს ჩხეტიას „ქართული ოცნება“ შედეგების შეცვლას თხოვდა, რასაც თავმჯდომარე არ დათანხმდა. აღნიშნულს უარყოფს ჩხეტია. მისი თქმით, არჩევნებმა მის უბანზე ინციდენტების გარეშე ჩაიარა და შედეგები სამართლიანად შეჯამდა.

 

 

             კომისიის ახლადარჩეული წევრები "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერები არიან

 

საოლქოს გაადწყვეტილებით, საუბნო კომისიების ოცივე წევრი, ახალი წევრებით ჩანაცვლდა. Tspress -მა კომისიის ახალი წევრების სამსახურებრივი და პარტიული აქტიურობა მოიკვლია. კომისიის ახლადარჩეული წევრების უმრავლესობა  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ადასტურებს, ნაწილი პოლიტიკური სიმპატიების ღიად გაცხადებისგან თავს იკავებს.

 

#1 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი მარიკა ევგენიძე  ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელია. მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. „არასდროს დამიმალავს ჩემი პოლიტიკური სიმპატია „ქართული ოცნების“ მიმართ, ეხლა საჯარო განცხადებებისგან თავს ვიკავებ კომისიის წევრობის გამო“- განმარტა მან.

 

ამავე უბნის კომისიის წევრის, ქეთევან გერსამიას თქმით, ის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგია და კომისიის წევრობამდეც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.

 

#3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრის, ნონა ხასიას  განმარტებით, რომელიც კერძო სექტორშია დასაქმებული  „ქართული ოცნების“ და პირადად ირაკლი ხახუბიას მხარდამჭერია. „კომისიაშიც მისი რეკომენდაციით ვარ“- განმარტა ხასიამ.

 

#19 საარჩევნო უბნის წევრი, გოდერძი კუპრავა თვითმმართველობის დაფუძნებული ააიპ „აბაშის კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

 

#21 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მალხაზ გვიჩია პროფესიულ სასწავლებლის „ლაზიკას“ დირექტორია. მისი  თქმით, ის „ქართული ოცნების" მხარდამჭერია. „ქართული ოცნება" ჩემთვის მისაღები პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს, არ ვიქნებოდი კომისიის თავმჯდომარე“- აცხადებს ის.

 

ანალოგიურს პასუხობს იმავე უბნის კომისიის წევრი ალა ქვარცხავა. მმართველი ძალის მხარდამჭერას ადასტურებს იმევე კომისიის მესამე ახლადარაჩეული წევრი მაია ჯანჯღავაც.

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერობას ადასტურებენ კომისიის სხვა ახლადარჩეული წევრებიც: ეკატერინე სარია (ინმეწარმე) რუსუდან ლემონჯავა, (კერძო სტრუქტურა),  გურანდა აბაკელია (მე-14 საბავშვო ბაღის პედაგოგი), ნანა ფირცხალავა (დროებით უმუშევარი). 

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სამსონ კუტალია მათი მხრიდან კომისიის საქმიანობაში რაიმე სახით ჩარევის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, კომისიის წევრების მიერ კომისიის დატოვების ან კომისიის თავისუფალ წევრების შერჩევაში "ქართული ოცნება" არ ჩარეულა.

 

რამდენიმე დღის წინ, საუბნო კომისიის შემადგენლობის ცვლილებამდე ფოთის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები მერიის ადმინისტარციულ შენობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანსა და დანიშნულებაზე შეხვედრიდან გამოსულმა კომისიის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს.  შენობის შესასვლელში გადაღებული გადაღებული კადრების მიუხედავად, სადაც კარგად ჩანან შეხვედრის მონაწილეები, შეხვედრა საერთოდ უარყვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ და მისი შტაბის წევრებმა.

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კი, საუბნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ საოლქოს საქმიანობის ჩარევაში და საუბნო კომისიების საკუთარი ინტერესებით დაკომპლექტებაში დაადანაშაულა.

 

მათი თქმით, მმართველი გუნდმა თავად შეადგინა კომისის წევრების სია. „ნაციონალების“ განცხადებით, მათ კომისიის თავისუფალ წევრები პარტიული ნიშნით შეარჩიეს, რომლებთაც ტრენინგს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები უტარებდნენ. აღნიშნულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეომასალაც გაავრცელა.

 

 

ამავე თემაზე:


ირაკლი ხახუბია საუბნო კომისიის წევრებს ფოთის მერიაში შეხვდა [Video]


საუბნო კომისიათა თავმჯდომარეები და დამოუკიდებელი წევრები მმართველი პარტიიდან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED