"ქამრების შემოჭერის" ქრონიკა ანუ მშიერი ხალხის მაძღარი მსახურები

2011.11.16 ავტორი: ნინო ხაჩიძე

საქართველოს ხელისუფლებამ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“, ჯერ კიდევ 2009 წელს, ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით  გამოაცხადა, რისი უპირველესი მიზანიც, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო.

ლარის კუპიურები

ლარის კუპიურები

თუმცა 2008-იდან  მიმდინარე წლამდე  სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესახებ ბიუჯეტის მეხუთე თავის მიმოხილვით ცხადი ხდება, რომ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ ქრონიკა რეალობას სულაც არ ასახავს.


2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 162 ადამიანი მუშაობდა და მათი შრომის ასანაზღაურებლად, 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.


მომდევნო წელს, ამდენივე თანამშრომლის სახელფასო ფონდი 3,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
გასულ წელს აღნიშნული უწყების თანამშრომელთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა,  შრომის ანაზღაურება, წინა წელთან შედარებით კი _ 144 ათასი ლარით.


მიმდინარე წელს 183 თანამშრომლისთვის 3 მილიონ 845 ათასი ლარია გამოყოფილი.
გამოდის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის საშუალო წლიური ხელფასი, 18-დან 21,6 ათას ლარამდე მერყეობს.


ანალოგიური სიტუაციაა საქართველოს მთავრობის კანცელარიაშიც, სადაც 2008 წელს, 250 ადამიანის სახელფასო ფონდი 3 მილიონ 832 ათასი ლარი იყო.
მომდევნო წელს ამდენივე თანამშრომლის სახელფასო უზრუნველყოფა ბიუჯეტს უკვე 100 ათასი ლარით მეტი(3 მლნ 930 ათასი) დაუჯდა, რადგან საშუალო ხელფასის ოდენობა გაიზარდა.


გასულ წელს, მთავრობის კანცელარიის თანამშრომელთა საშუალო ხელფასის შემცირების ხარჯზე, სახელფასო ხარჯი 3 მილიონ 648 ათას ლარამდე შემცირდა, ოღონდ გაიზარდა თანამშრომელთა სოციალურ უზრუნველყოფასა (15 000 ლარით) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ოდენობა (771 000 ლარით).
მიმდინარე წელს მთავრობის კანცელარიის თანამშრომელთა რაოდენობა 205-მდე შემცირდა, თუმცა, მათმა ანაზღაურებამ მოიმატა და სახელფასო ფონდი 3 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა.


ბოლო სამი წლის განმავლობაში კანცელარიის თითოეული თანამშრომლის საშუალო წლიური ხელფასი 15-დან 17,5 ათას ლარამდე მერყეობს.
ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას თქმით, ხელფასების გაზრდის პირობებში, ქამრების შემოჭერის გაფიარება, უზნეობაა.


– „ზოგიერთ სტრუქტურაში აშკარად გაიზარდა სახელფასო დაფინანსება. ჩვენ რომ კრიზისის პირობებში არ ვიყოთ, ეს ნამდვილად არ არის ცუდი. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ჩინოვნიკი მაღალ ხელფასს იღებდეს, რათა, ჯერ ერთი, სახელმწიფო სამსახური იყოს მიმზიდველი და, მეორე, იქ კომპეტენტური ადამიანები მუშაობდნენ. მეორე მხრივ, ეს საჭიროა იმისათვის, რომ საჯარო მოხელეს შეეძლოს ღირსეულად შეინახოს თავისი შრომით ოჯახი და ნაკლები საფუძველი ჰქონდეს ცდუნებისთვის.
უფრო მეტიც, შესაძლოა, გაჭირვებაში მყოფ ქვეყანაშიც გაუზარდონ ჩინოვნიკებს ხელფასები, მაგრამ არ უნდა გააფიარო, რომ თითქოს ქამრებს იჭერ, ეს უკვე უზნეობაა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ მონაცემებში არ ჩანს ის ხარჯი, რომელიც ჩინოვნიკების მივლინებებისთვისაა გამოყოფილი. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სამინისტროებში, სადაც თანამშრომლების რაოდენობა არ იზრდება ან მცირდება, რატომ იზრდება მათი სახელფასო დაფინანსება. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ასევე: რატომ უნდა იღებდეს ერთი და იმავე რანგის საჯარო მოხელე განსხვავებულ ანაზღაურებას, იმისდა მიხედვით, რომელ სამინისტროში მუშაობს?!”

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში პენსიონერის წლიური შემოსავალი 960 ლარია (მიმდინარე წლის სექტემბრიდან 1 200 ლარი გახდა). პედაგოგის საშუალო წლიური ხელფასი – 2400-3600 ლარს უტოლდება.

პენსიის რიგში

პენსიის რიგში


„საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წლიური საშუალო ხელფასი 7 000 ლარს არ აღემატება. ამავე „საქსტატის“ მიერ საარსებო მინიმუმად 149,6 ლარიანი ნორმაა დადგენილი, რასაც საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა ერთი თვის საშუალო ხელფასები, მინიმუმ, ათჯერ აღემატება.
ამ ციფრებისა და ქვეყნის ცხოვრების დონის ფონზე, რატომ ეწოდება საბიუჯეტო დაწესებულებების, განსაკუთრებით, მისი ზედა ეშელონების წარმომადგენლების ხელფასების, უმეტეს შემთხვევაში, ზრდას, უმცირესში კი, ომამდე და გლობალურ კრიზისამდე არსებულ ნიშნულამდე შენარჩუნებას, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“, გაუგებარი ხდება.
 
ნინო ხაჩიძე

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი

Funded through Democracy Commission Small Grants
Program, the U.S. Embassy in Georgia
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED