ზვიად ქორიძე: „ესაა სტანდარტული კორუფციული სქემა“

2011.11.25 ავტორი: ნინო თუნთია

საბიუჯეტო მონიტორინგი

 

 

ფოთის თვითმმართველობა საკრებულოს თავმჯდომარის ორი გამოსვლის, აღმასრულებელი ხელისუფლების ორი ანგარიშისა და საკრებულოს ხუთი სხდომის გაშუქებაში 8 000 ლარს გადაიხდის.

თვითმმართველობამ ტენდერი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება ერთ კვირაში დასრულდა. ტენდერი მონაწილეობის მსურველების არარსებობის გამო ჩაიშალა.

 

მერიის შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ თვითმმართველობამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ხელშეკრულება ადგილობრივ ტელეკომპანია „მეცხრე ტალღასთან“ გააფორმა, რომელმაც მომსახურება 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.

 

საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოს ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მსგავსი შესყიდვა სტანდარტული კორუფციული სქემაა.

 

-  „არჩევითი ორგანოს ხელმძღვანელმა ფული გადაიხადოს იმაში, რომ საჯარო ინფორმაცია,  თავის ამომრჩეველს მიაწოდოს, სრული ბოდვაა. საკრებულოს სხდომის ტრანსლირებისთვის ბიუჯეტიდან ფულის გაღება კი, უკანონო და არამიზნობრივი ხარჯია. გამოდის, ბიუჯეტში აქვთ ფული და არ იციან სად წაიღონ. ეს გადაწყვეტილება სრული ნონსენსია,“-ამბობს ის.

 

მისი თქმით, მაუწყებელთა შესახებ კანონში არ არსებობს ტერმინი „სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა“. კანონში, ასევე განმარტებული არაა „სატელევიზიო მომსახურება“.  

 

- „ხელისუფლებას ნუ შეეშლება. ინფორმაცია, რომელსაც ის გასცემს მისი საკუთრება არ არის, ის არც ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისაა. ის საზოგადოებისაა, რომელიც არაა ვალდებული საკუთარი გადასახადებიდან ფორმირებული ბიუჯეტის ფული გადაიხადოს იმაში, რაც უფასოდ ეკუთვნის,“-აცხადებს  ქორიძე.

 

ექსპერტის თქმით, თუკი თვითმმართველობა სარეკლამო დროს ყიდულობს, ის სარეკლამო ტარიფებით უნდა იყიდოს, ხოლო თუ საუბარია სარედაქციო პროდუქტზე, მაშინ სპონსორინგი გამოდის, რისი უფლებაც სარედაქციო პროდუქტის შემთხვევაში, თვითმმართველობას არა აქვს. და თუ საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს ანგარიშის გაკეთება უნდა, ამაში ფული კი არ უნდა გადაიხადოს, პრესკონფერენცია უნდა მოიწვიოს.

 

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ოთარ კონჯარია თვითმმართველობის მიერ არაეფექტიან ხარჯვაზე საუბრობს.

 

- “ჟურნალისტები ისედაც გააშუქებენ თვითმმართველობის საქმიანობას, ამიტომ, აქ არაეფექტიანი ხარჯვის საკითხი დგება,“-ამბობს კონჯარია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ტენდერის გამოცხადება „გამჭვირვალობის“ მტკიცებას ჰგავდა, რადგან 5000 ლარს ზემოთ შესყიდვა კანონით ტენდერს ითვალისწინებს.

 

მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ შესყიდვების შესახებ კანონი ტელე-რადიოეთერის  შესაბამის  შესყიდვაზე არ ვრცელდება და თუკი თვითმმართველობა იტყვის, რომ საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება აქვს, შეუძლია ეს ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდებზე გამოაქვეყნოს. მისი თქმით, „ეს იგივეა, რომ მედიას მიყიდო ახალი ამბავი, თან ფული თავად გადაიხადო.“

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრესის გამოწერის, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, ტელე-რადიო გადაცემების დაკვეთის პრაქტიკას ფოთის თვითმმართველობა წლების წინაც იყენებდა.

 

მაგალითად: 2004 წელს ადგილობრივი გაზეთების გამოწერისა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების დავალიანება 8 215 ლარი, ფოთის მერიამ 2005 წელს გადაიხადა.

 

2005 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან  ადგილობრივი თუ ცენტრალური მედიასაშუალებების მომსახურებაში 84 000 ლარი გამოიყო. აქედან 18 000 ლარი ადგილობრივი გაზეთებისა და საკანონმდებლო ჟურნალების გამოწერისათვის, 66 000 კი პრესითა და ტელევიზიით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.

 

სხვადასხვა დროს, „მეცხრე ტალღის“ ეთერით გადიოდა  თვითმმართველობის  დაკვეთით დამზადებული გადაცემები: „დიალოგი მთავრობასთან“, „ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია“, „ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის აღდგენა“ და სხვადასხვა სარეკლამო რგოლი, სადაც, მაგალითად: ხანდაზმული ქალბატონი განათებული რუსთაველის რკალის ფონზე ამბობს, რომ „ამაყად დადის განათებულ ქუჩებში“ და ა.შ.

 

საჯარო ინფორმაცია ერთდროულად ხუთ სხვადასხვა გამოცემაში ქვეყნდებოდა. სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფდა შპს „ფოთის უწყებანი“, შპს „ბენეფისი“ („გაზეთი „რეზიუმე“), შპს გაზეთი „ფოთის მოამბე“, ს.ს. „ლელა ფირცხალავა“, ი.მ. „ელეონორა დუდაევა“ ჟურნალი „პროფესიონალი“.

 

პარალელურად, ადგილობრივი თითმმართველობა გამოსცემდა „საინფორმაციო მაცნეს“, რაშიც ბიუჯეტი ათიათასობით ლარს ხარჯავდა. საინფორმაციო ბიულეტენში ძირითადად  მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის  შესახებ იბეჭდებოდა და უფასოდ რიგდებოდა.

 

ფოთის მერიამ უპასუხოდ დატოვა „თავისუფალი სიტყვის“ წერილობითი მიმართვა 2007, 2008, 2009-წლებში სხვადასხვა მედიასაშუალებისათვის სხვადასხვა სახის მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხებზე ინფორმაციის შესახებ.

 

2010 წლის იგივე ხარჯის შესახებ კი უპასუხა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან არც ერთი მედიასაშუალება არ დაფინანსებულა.

რაში სჭირდება ფოთის ხელისუფლებას საჯარო ინფორმაციის გასავრცელებლად თანხის გადახდა, როცა იგივე ინფორმაციას tspress.ge-ს კვირების, ხანაც თვეების განმავლობაში ითხოვს, მაგრამ ვერ იღებს?

 

მიმდინარე წელს, ფოთის მერი და მერიის სამსახურების თანამშრომლები tspress.ge-სთან ინტერვიუებზე და ამ გზით საზოგადოების ინფორმირებაზე უარს ამბობენ.

გამოცემას საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად მუდმივად წერილობითი მიმართვა უწევს. უმეტეს შემთხვევაში, პასუხებს ან არ იღებს ან ინფორმაცია არასრულყოფილია, რაც გამოცემის ოპერატიულად მუშაობას მნიშვნელოვნად  აფერხებს.

მერისათვის კითხვების დასმის ერთადერთი საშუალება პრესკონფერენციაა, რომელსაც ის ყოველი თვის ბოლო პარასკევს მართავს, თუმცა, ამომწურავი ინფორმაციის მიღება აქაც შეუძლებელია. მისი პასუხები ხშირად ზოგადი და ბუნდოვანია და დასმულ კითხვასთან საერთო არაფერი აქვს.

 

მიმდინარე წელს, იმ მიზეზით, რომ  სხდომების შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდზე აქვეყნებდა, ფოთის საკრებულოს აპარატმა სხდომების გამართვის დროის შესახებ ჟურნალისტების ინფორმირება შეწყვიტა. 

 

საკრებულოს სხდომის შესახებ ინფორმაცია კი, ვებ-გვერდზე სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე იდება ან  საერთოდ არ  ქვეყნდება. მაგალითად, 24 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის ჩატარებისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს აპარატმა, ვებ-გვერდზე მხოლოდ მისი ჩატარების შემდეგ, დღის ბოლოს განათავსა.

 

საკრებულოს სხდომების შესახებ ანონსის მორბენალი სტრიქონით გაშვების ინიციატივით საკრებულოს წევრი, ქრისტიან-დემოკრატების ფოთის ორგანიზაცის თავმჯდომარე, ლაშა ბერაია საკრებულოს სხდომაზე არაერთჯერ გამოვიდა. საკრებულოს თავმჯდომარე უარს მუდამ ერთი მიზეზით: ბიუჯეტში თანხების უკმარისობის გამო ამბობდა.

 

2011 წლის ფოთის ბიუჯეტში თანხა არც ზემოხსენებული მომსახურების შესყიდვისთვის ყოფილა გათვალისწინებული, ამასთან, ამ დროისათვის თვითმმართველობას 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში 1,2 მილიონიანი დანაკლისი აქვს.

 



Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED