დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

2013.04.11 ავტორი: TS

ფოთის თვითმმართველობისთვის, წინა წლებში შეძენილი ძვირადღირებული ავტომანქანები, ამჟამად, ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას ბიუროსა და მისი დანიშნული კადრების განკარგულებაშია. მერიის ბალანსზე რიცხული ზოგიერთი ავტომანქანის კვალს TSpress-მა საერთოდ ვერ მიაკვლია, ხოლო სამართალდამცავი უწყებებიდან და გუბერნიიდან, მერიისთვის დაბრუნებული ასევე ძვირადღირებული მანქანების შენახვა-სარგებლობა, კანონდარღვევით ხდება.

წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი 6 მანქანიდან, რომლითაც კუდ-ი, შსს ფოთის სამმართველო და გუბერნატორი სარგებლობდნენ, ფოთის მერიამ 5 მანქანა დაიბრუნა.

 

მერიას არ დაუბრუნებია მხოლოდ ერთი - LEXUS - ის ფირმის ავტომანქანა (ZWZ 068), რომელიც მერიამ დახლოებით 60 ათას ლარად გასულ წელს შეიძინა. მანაქნიათ ამჟამად შს სამმართველოს უფროსი, ზურაბ მალანია სარგებლობს. მალანია მაჟორიტარის ნათესავი და მისი რეკომენდებული კადრია.

 

დავით სარსანია აღნიშნული ავტომანქანის დაუბრუნებლობის მიზეზებს არ განმარატვს, თუმცა, აბობს, რომ ეს პოლიციის უფროსის ბესელიასთან ნათესავობის გამო არ მომხდარა.

 

მეორე, ასევე ძვირადღირებული, 80 ათას ლარიანი TOYOTA PRADO - ს ფირმის ჯიპი, ეკა ბესელიას ბიუროს გადაეცა. ბესელიას განცხადებით, ფოთში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, მან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გათვალისწინებულ 30 ათას ლარზე უარი თქვა და თანხა, მისივე სურვილით, სოციალური და მატერიალური დახმარების პროგრამების დაფინანსებას დაემატა.

 

თუმცა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბესელიას კეთილი ნება არ აღმოჩნდა, ამ აქტს წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის საკანონმდებლო ინიციატივა უძღოდა, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მაჟორიტარის ბიუროს დაფინანსება აიკრძალა.

  

ფოთის მერის განცხადებით, მანქანის გამოყოფის თხოვნით, ბიურომ მერიას წერილობით მიმართა.

 

მანქანით ამჟამად ბიუროს თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა სარგებლობს, რომელიც ავტომობილით ოფიციალურად გადაცემამდეც სარგებლობდა.  თუმცა, ის ერკვირიანი მცდელობის მიუხედავად, ბიუროში მისი ნახვა ვერ მოხერხდა. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით, ის "საქმიანი ვიზიტით" მთელი კვირა ქუთაისში იმყოფებოდა, რაც სატელეფონო საუბრისას თავად უარყო.

 

იურიდიული დოკუმენტის გარეშე გადაცემული სახელმწიფო ქონება

 

მერის ბალანსზე რიცხული 2010 წელს გამოშვებული BMW (სედანი) ფირმის  ავტომობილი (BBT 877), რომელშიც მერიამ 80 ათას ლარი გაიღო, ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მისი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

 

ფოთის მერის განცხადებით, აღნიშნული მანქანა და ამასთან, კუდ-ისგან დაბრუნებული სხვადასხვა ფირმის 4 ავტომანქანა სარგებლობისთვის, ჯერჯერობით, არავისთვის გადაუცია. თუმცა, მათი ადგილსამყოფელის შესახებ, რამდენიმე წუთში, მერმა რამდენიმე განსხვავებული კომენტარი გააკეთა.

 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, სულხან სალაძე განმარტავს, კანონის მიხედვით, კერძო ავტოფარეხის მფლობელსა და მერიას შორის ქონების შენახვაზე, შესაბამისი ხელშეკრულება უნდა არსებობდეს და გაფორმებული უნდა იყოს მიღება- ჩაბარების აქტი. 

 

მერმა ჩართული კამერის წინ, თავდაპირველად განაცხადა, რომ მანქანები მერიის ეზოში ეყენა, ხოლო ცარიელი ეზოს ფოტოს ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ მანქანების ნაწილი სხვადასხვა სამსახურს გადაეცა, ხოლო ნაწილი, კერძო პირთა ავტოფარეხებში შესაბამისი დოკუმენტების (ხელშეკრულების) საფუძველზე ინახება.

მერიის ეზოში მდგარი ერთადერთი ავტომანქანა

 

მისი თქმით, ხუთი მანქანიდან ერთი შპს „ინფრასტრუქტურა 2008 "-ს გადაეცა, რომლის ხელმძღვანელად ბესელიას სააჩევნო შტაბის წევრი, რატი კვანტრიშვილი რამდენიმე ხნის წინ დაინიშნა.

 

-„მეორე მანქანა, რაღაც დაშლილი იყო...ააწყო, გააკეთა, მისი ფული დაახარჯა და ახლა დათო ხომერიკი (მერის მოადგილე-ავტ) სარგებლობს, მესამე ნახეთ, რომ ეზოშია, მეოთხე - გოგი გაგუას (სამხატვრო-საგამოფენო დარბაზის ხელმძღვანელი, ბესელიას შტაბის წევრი-ავტ) უნდა მივცეთ, მეხუთე, ის BMW ძვირაღირებულია და ახლა მაგას ქუჩაში ასე უპატრონოდ ვერ დავტოვებდით. კერძო სახლშია, დაცულად“- განაცხადა Tspress - თან საუბრისას სარსანიამ.

 

ხოლო მას შემდეგ, რაც მერმა ჩათვალა, რომ კამერა გამორთული იყო, მანქანების შემნახველებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის ან ბრძანების არსებობა უარყო და მსგავსი დოკუმენტის ქონას, „ბავშვობა“ უწოდა. 

 

-„რა ხელშეკრულება უნდა არსებობდეს. მერი ვარ, ჩემს სახლში დგას, ვინ უნდა გააფორმოს ჩემთან ხელშეკრულება?! თუ ისე გინდათ, აგერ ქუჩაში რომ დგას, ერთი მანქანა, ისე დავაგდოთ ეს მანქანები? (გულისხმობს მერიის ეზოში მდგომ ერთ შედარებით იაფფასიან ავტომანქანაზე-ავტ) კაციშვილი არაა მისი პატრონი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას? არც არავინ. მე გეუბნებით, რომ ძვირადღირებული მანქანები ავტოფარეხშია, მორჩა და დამთავრდა! რა ხელშეკრულება გინდა, რა ბავშვობაა?“- აცხადებს სარსანია.

 

მერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ავტოფარეხის მისამართი და პასუხისმგებელი პირის ვინაობა მისთვის უცნობია. ტელეფონის ნომრის გაცემაზე კი უარი განაცხადა.

 

 

Tspress - ს მოგვიანებით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი ტელეფონით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ერთი ავტომანქანა(გუბერნატორის ნაქონი BMW-ავტ). საკუთარი სახლის ავტოფარეხში იმყოფება, თუმცა, რაიმე დოკუმენტით ან ბრძანებით ავტომანქანის მიბარების ფაქტი, მან უარყო.

 

ამ დროისთვის, ასევე არ არსებობს არანაირი იურიდიული დოკუმენტი შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ - სა და სამხატვრო საგამოფენო დარბაზისთვის მანქანების დროებით სარგებლობისთვის გადაცემის შესახებ, რაზეც მერი საუბრობდა. თუმცა, მერისვე განცხადებით, ისინი აღნიშნული ავტომანქანებით სარგებლობენ.

 

ასევე არ დადასტურდა, მერის მიერ გაკეთებული განცხადება, კუდი-დან დაბრუნებული მანქანის მერის მოადგილე, დავით ხომერიკისთვის გადაცემის შესახებ.

 

ხომერიკის თქმით, ის VOLKSWAGEN  JETTA - ს ფირმის ავტომანქანით სარგებლობს (MCM 070), რომელიც მერიამ 2007 წელს 42 ათას ლარად შეიძინა და მას შემდეგ მისით მუდმივად მერის მოადგილეები სარგებლობენ.

 

თავად ფოთის მერი, ამჟამად მისი წინამორბედის, ვახტანგ ლემონჯავას ავტომანქანით სარგებლობს. 2010 წელს გამოშვებული ავტომანქანა TOYOTA Land Cruiser Prado ბიუჯეტიდან ამავე წელს 77 ათას ლარადაა  შეძენილი.

 

 

დაკარგული 7 ავტომანქანა

 

ფოთის მერიის ბალანსზე, ოფიციალურად, ამ დროისთვის 29 ავტომანქანა ირიცხება, აქედან 13 სპეციალიზებულია: სახანძრო, ნაგავმზიდი და სამგზავრო ავტობუსები.

 

9 ავტომანქანა მერიის ჯანდაცვის, კულტურის, ინფრასტრუქტურის და ა.შ სხვადასხვა სამსახურს აქვს გადაცემული.

 

7 ავტომანქანა კი ამ დროისათვის, მხოლოდ ფურცლებზე არსებობს. აქედან, სამი მსუბუქი ავტომანქანაა:

 

1. VOLKSWAGEN PASATI, სახელმწიფო ნომრით, GST 444

2.TOYOTA HILUX (პიკაპი)  - FNF 557

3. GAZ 31029 (სედანი მსუბუქი) MER 101.

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანები მერიის ბალანსზე ირიცხება, მაგრამ მის კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაგნო. მისივე განცახდებით, ის ამჟამად ძიების პროცესშია და მათ ადგილსამყოფელს ადგენს.

 

 

მანქანები, რომელსაც თვითმმართველობა ვეღარ დაიბრუნებს

 

გარდა იმისა, რომ ფოთის ხელისუფლება ბიუჯეტიდან ნაყიდ და მერიის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს შემდგომ დროებით სარგებლობაში სხვადასხვა უწყებებს გადასცემდა, მანქანებს ძალოვან უწყებებს საჩუქრადაც გადასცემდა, რომელთა დაბრუნებაც მერიას აღარ შეუძლია. ჯამში ეს საჩუქარი ადგილობრივ ბიუჯეტს 358 ათას 330 ლარი დაუჯდა.

 

მათ შორის: ორი Shkoda oqtavia (თითოეულის ფასი 34 650 ლარი), რომელიც რამდენიმე თვეში საჩუქრად საპატრულო პოლიციას გადაეცა.

 

ერთი ერთეული 85 000 ლარიანი Toyota Prado, რომელიც შსს-ს ადგილობრივ უწყებას გადაეცა.

 

სამი Chevrolet Cruze, აქედან ორი - 28 000 ლარიანი, ერთი  -  30 400 ლარიანი, „მოვალეობის ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულებისთვის“ ასევე შსს ერთ-ერთ სამმართველოს გადაეცა .

 

მეოთხე  - 41 000 ლარიანი Ford ranger ფოთის მერიამ სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადასცა.

 

კიდევ 4 ავტომანქანა კი იმავე წელს, 2010 წლის 15 მარტს, ერთდროულად შეიძინა, რისთვისაც 127 000 ლარი გადაიხადა და მოგვიანებით, ისინი სხვადასხვა უწყებას გადასცა.



 

 

 

 

 

 

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED