რა დაუჯდა ფოთის ბიუჯეტს ახალი წლის აღნიშვნა

2013.01.14 ავტორი: იზა სალაყაია

ქუჩების გაფორმება და სხვადასხვა სახის საახალწლო ღონისძიებები, ფოთის ბიუჯეტს 38 ათასი ლარი დაუჯდა, რაც წინა წელთან შედარებით 6 ათასი ლარით ნაკლებია. აქედან, 28 ათასი კონცერტებისთვის დაიხარჯა, ხოლო 10 ათასი ლარი ქუჩების გაფორმებას მოხმარდა. 

31 დეკემბერს ფოთში, ღია ცის ქვეშ გამართულ  კონცერტს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

კონცერტი ტენდერში გამარჯვებულმა “გომართელი ენდ კომპანიმ” (თამუნა გომართელი)  უზრუნველყო. თუკი გასულ წელს, მსგავსი კონცერტისთვის 24 800 ლარი იყო გამოყოფილი, წლევანდელ ახალ წელს, 4 მომღერლის: თიკა მახალდიანის, ნინი წიკლუარის, მარიკა თხელიძისა და დიტო ლაგვილავას ჩამოყვანა ფოთის ბიუჯეტს 10 ათასი ლარი დაუჯდა. 

 

საახალწლო სოფელი

საახალწლო სოფელი

ფოთის ბიუჯეტს ნაძვის ხესთან მოწყობილი  ე.წ “საახალწლო სოფლისათვის”, სადაც 1 კვირის განმავლობაში, პატარებისთვის ყოველდღურად თითო საათიანი "საახალწლო ზღაპრები" ეწყობოდა, 16 800 ლარი გამოიყო. 

 

“საახალწლო სოფლად” წოდებული ტერიტორია, ქალაქის ცენტრში, რამდენიმე კვ.მ ხის ფერადი ღობით ალაგ-ალაგ შემოკავებული ტერიტორიაა, სადაც ორი ნახატი და ერთი სათამაშო სახლია განთავსებული.

 

კულტურის სამსახურის უფროსის, ლელა კემულარიას განმარტებით, აღნიშნულ თანხაში შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგებაც შედიოდა. მისი თქმით, მერიამ საჩუქრებისთვის 75 კგ კანფეტი შეიძინა.

 

საახალწლოდ, ქალაქში 2 ნაძვის ხეც დამონტაჟდა და 4 ქუჩა საახალწლო ნათურებით გაფორმდა, რაზეც ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა, წინა წელთან შედარებით განახევრებულია.

 

ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსის, დავით კომახიძის განმარტებით, აღნიშნულ თანხაში მხოლოდ მონტაჟი შედიოდა, დემონტაჟისთვის საჭირო 7 ათასამდე ლარს კი შემდგომ თვეებში გაითვალისწინებენ.

 

წელს მერიას თანხების არარსებობის გამო, ახალი ნათურები და გაფორმებისთვის საჭირო სხვა აქსესუარები არ შეუძენია. 



ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED