ფოთელი საჯარო მოხელეები წელს საახალწლო პრემიებს ვეღარ მიიღებენ

2012.12.17 ავტორი: ელისო ჯანაშია

ბიუჯეტის დეფიციტურად დასრულების გამო, წელს, ფოთელი საჯარო მოხელეები საახალწლო პრემიებს ვეღარ მიიღებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო სამსახურის განცხადებით, ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლების შეუსრულებლობის გამო შექმნილი 2,5 მილიონიანი დანაკლისია. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი აცხადებს, რომ ფოთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტი გადახარჯა.

ფინანსთა სამინისტრომ, ბაღებისა და სკოლების შეუფერხებლად მუშაობის მიზნით, ფოთის ბიუჯეტს სასწრაფო წესით, მიზნობრივად 900 ათასი ლარი ჩაურიცხა. ტრადიციული პრემიების გასაცემი თანხა, მიმდინარე წელს, ფოთის ბიუჯეტს აღარ გააჩნია, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება.

 

გასულ წლის დეკემბერში, როდესაც სოციალურად  დაუცველი მოსახლეობისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილი 40 ათასი ლარი თანხა უკვე ამოწურული იყო და მოსახლეობას ამის გამო უარით ისტუმდებდნენ, საახალწლოდ ფოთის მერია-საკრებულოს ყველა თანამშრომელს, ხელფასის ორმაგი ოდენობის პრემია დაურიგდა, რამაც ჯამში, 130 ათასი ლარი შეადგინა.

 

საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული 275-მდე თანამშრომელმა კი, გასულ წელს, პრემიები წელიწადში 6 ჯერ, სხვადასხვა დღესასწაულზე მიიღო,  წელს, ჯამში,  577ათასი ლარი შეადგინა. (ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით-105 ათასი ლარი, აღდგომის დღესასწაულზე –107 ათასი ლარი,  მარიამობაზე–  105 ათასი ლარი, გიორგობაზე– 130 ათასი ლარი, შობა– ახალი წლისთვის – 130 ათასი ლარი).

 

2012 წელს, არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის თვეში, ფულადი პრემია ფოთის მერია–საკრებულოს ყველა თანამშრომელზე გაიცა, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 145 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემიები, ასევე 6 ჯერ გაიცა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 870 ათასი ლარი გამოიყო.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს, შეჭირვებულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისათვის და სტაციონალური (გადაუდებელი ოპერაციები და მკურნალობა) მკურნალობისათვის, ჯამში 165 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რაც პრემიებისთვის გათვალისწინებულ თანხებზე გაცილებით ნაკლებია. 

 

პრემიების გაცემას, ადგილობრივი ხელისუფლება, დაბალი ხელფასებით ხსნიდა, თუმცა, ოფიციალურად ხელფასები არ გაუზრდია და არც შტატების ოპტიმიზაცია განუხორციელებია.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე  და 74 -ე მუხლი  და „ორგანული კანონის“ 39-ე მუხლის მიხედვით, წახალისების ფორმები სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვისაა გათვალისწინებული. 

 


პრემიების გაცემის საფუძვლად, საკრებულოს თავმჯდომარე, ივანე საღინაძე საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ასახელებდა, თუმცა, მის ბრძანებებში, კონკრეტული სამუშაოები, რის სანაცვლოდაც საჯარო მოხელეები პრემიებს იღებდნენ, დასახელებული არ ყოფილა.

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED