ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 113 მილიონით შემცირდა

2012.11.26 ავტორი: იზა სალაყაია

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 113 მლნ ლარით ნაკლები იქნება.

ბიუჯეტი გასულ წელს 203 მლნ ლარს შეადგენდა, ახალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, მისი ოდენობა 90 მლნ. ლარამდეა შემცირებული.

 

ადგილობრივი ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერისა და ადგილობრივი შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია. 

 

ბათუმის მერიას ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივ და სპეციალურ ტრანსფერის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 117 მლნ ლარს გამოუყოფდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები თანხა 54 მილიონი ლარით შემცირდა და 63 მილონ ლარამდე განისაზღვრა.

 

შემცირებულია ადგილობრივი შემოსავლების გეგმის ოდენობაც, წინა წელთან შედარებით ბათუმის მერია–საკრებულო 59 მლნ ნაკლები თანხის მობილიზებას გეგმავს და ის 27 მილიონით განისაზღვრა.

 

 ბიუჯეტის შემცირების ერთ–ერთ მიზეზადაც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე პრივატიზაციებისა შემცირებასა და ქონების გასხვისების ნაკლებობას ასახელებს.

 

ვანაძის განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების შემცირების გამო, ქალაქში დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება.

 

"ბიუჯეტის შემცირება ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. ბათუმში წინა წლების მსგავსი მასშტაბების სამუშაოები არ განხორციელდება, თუმცა, ცვლილება არ შეეხება გარდამავალ ობიექტებს და ყველა დაწყებული პროექტი დასრულდება,"– განაცხადა TSpress- თან საუბრისას ვანაძემ.

 

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით თანხის გამოყოფასა და მის ოდენობაზე  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია არაა და შესაძლოა, ბიუჯეტის დამტკიცებამდე ის გაიზარდოს.

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბათუმის თვითმმართველობის ხარჯები 1მლნ ლარით შემცირდა და 15 მლნ ლარით განისაზღვრა.

 

შემცირებული ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურული და საჯარო სამსახურის დაფინანსების ხარჯების ფონზე გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

 

ვანაძის განმარტებით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებს ბიუჯეტის 5% მოხმარდება.

 

საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, განახევრებული ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი, ვიდრე წინა წლის ბიუჯეტი.

 

მისი თქმით, წინა წლებში მთავრობა, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცა ანბანის კოშკი, ძველი ბათუმის რეაბილიტაცია და ა.შ. თანხას არაეფუქტიანად და არამიზნობრივად ხარჯავდა.

 

"ეს არ იყო მოსახლეობის დაკვეთა და მსგავს პროექტებზე თანხები არ გამოიყოფა, თუმცა, არ ნიშნავს რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარდება, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. შემცირდა სხვდასხვა დღესასწაულზე ქალაქის გარეგაფორმების, განათებისა და ფეიერვერკების ხარჯები, გამოთავისუფლებული თანხა კი, ჯანდაცვის პროექტების გაზრდას მოხმარდება. სხვადასხვა პროგრამით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლობას, დახმარება ორჯერ მეტ ბათუმელს გაეწევა, ვიდრე აქამდე,"– განაცხადა TSpress- თან საუბრისას ჩავლეიშვილმა.

 

მისი თქმით, მომავალ წელს დასრულდება ბათუმის წყალომარაგებისა და წყალკანალიზაციის პროექტები, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტი უცხოური სესხის ფარგლებში ახორციელებს.

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED