შსს-ს დაფინანსება ფოთის დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში

2012.11.09 ავტორი: ელისო ჯანაშია

წლების მანძილზე, საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში, ფოთის ბიუჯეტიდან შსს-სთვის გადარიცხულია რამდენიმე მილიონი ლარი. ადგილობრივი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება „მოვალეობის ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულების მიზნით“ ხსნიდა.

ფოთის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თუ სამხარეო სამართალდავი სტრუქტურებისთვის მანქანებისა და სხვადასხვა ინვენტარის შეძენისა თუ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შენობების რემონტისთვის თანხის გამოყოფის პრაქტიკა, უკვე რამდენიმე წელია არსებობს. 

 

საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი, რამდენიმე დღის წინ, თვითმმართველობებიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან შსს ორგანოების დაფინანსების შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა. 

 

რამდენიმე დღის წინ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ადგილობრივი ტელევიზიით ასევე განაცხადა, რომ ფოთის ბიუჯეტის აუდიტი მოხდება და მან შს ორგანოებისთვის გადარიცხული მილიონი ლარიც ახსენა. ბესელიას თქმით, ფოთის დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში, აღნიშნული ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტის გასაწევი არ იყო.

 

TSpress.ge- ს ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება 490 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

 

გასულ წელს, ფოთის ბიუჯეტს სამართალდამცავი უწყებების ადგილობრივი ორგანოების ოფისი, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა–შენახვა 239, 8 ათასი ლარი დაუჯდა. აქედან, შს ფოთის სამმართველოსთვის – 111, 8 ათასი ლარი. შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ფოთის განყოფილებისთვის – 41, 8 ათასი ლარი.


შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამეგრელო ზემო–სვეენთის სამხარეო სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ფოთის ჯგუფისთვის (სოდი) – 86,2 ათასი ლარი.

 

358 330 ლარის ღირებულების 8 ავტომობილი ფოთის ხელისუფლებამ შსს-ს 2010 წელს უსაჩუქრა. მერიის ადმინისტრაციის კაპიტალური ხარჯებიდან შეძენილი ორი ერთეული Shkoda oqtavia (თითოეულის ფასი  34 650), რამდენიმე თვეში მერიამ ავტომობილები საპატრულო პოლიციას გადაეცა.

 

ერთი ერთეული Toyota Prado -  შსს-მ ფოთის თვითმმართველობისგან საჩუქრად იმავე წლის მარტში მიიღო, რაც ბიუჯეტს 84 800 ლარი დაუჯდა.

 

იმ დროს, როცა ქალაქის ხელისუფლება მანქანის  შესაძენად დოკუმენტებს ამზადებდა, დაგეგმილი 3,5 მლნ ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 700 ათასი ლარი იყო შესული.

 

სამი ერთეული Chevrolet Cruze, ჯამში 58 400 ლარის ღირებულების, ფოთის ბიუჯეტიდან რამდენიმე დღეში, მარტის ბოლოს შეიძინეს და შსს-ს გადასცეს. „მოვალეობის ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულების მიზნით“-  წერია მერის ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც მანქანების გადაცემა ხდებოდა.

      

ფოთის მერიამ მალევე  40 800-ლარიანი Ford ranger-იც შეიძინა და ორ თვეში, სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადასცა . "ზემოხსენებული ავტომანქანა დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულების მიზნით უნდა გადაეცეს სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციას“ - მითითებულია მერის 2010 წლის #187 ბრძანებაში.

 

მერიის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ცხრილის მიხედვით, ფოთის მთავრობამ მხოლოდ ერთ დღეში, 2010 წლის 15 მარტს, ერთდროულად 4 მანქანა იყიდა, 127 ათასი ლარი გადაიხადა და მოგვიანებით ისინი სხვადასხვა უწყებას გადასცა. მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით, არც ერთი თვის დაგეგმილი ბიუჯეტი არ შესრულებულა. სამი თვის მონაცემებით, ქალაქის ბიუჯეტის დანაკლისმა 900 ათასი ლარი შეადგინა.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომდევნო თვეებში კვლავ გამოთანაბრებითი ტრანსფერი მიიღო, რითაც საბიუჯეტო დანაკლისი შეივსო.

 

ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, ამავე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მერიას გადაუხდელი ჰქონდა სამსახურების ოფისის ხარჯი და კომუნალური გადასახადები, ასევე, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯები; სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლები მუშებს ხელფასს ბანკიდან აღებული კრედიტებით უხდიდნენ.  ამავე პერიოდის საბიუჯეტო დანაკლისმა ჯამში 3 მლნ. 518, 2 ლარი შეადგინა.

 

-„რასაკვირველია, მანქანების ასეთი რაოდენობით შეძენა და საერთოდ შეძენა ეწინააღმდეგება „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას, ვინაიდან ხდება ბიუჯეტიდან მოცულობითი საბიუჯეტო რესურსების ხარჯვა. „ქამრების შემოჭერის“ პირობებში, ძირითადად, მოძველებული ავტოპარკი უნდა განახლდეს რემონტის გზით (მცირე ხარჯებით) და არა ახალი, მითუმეტეს ძვირადღირებული ავტომობილების შეძენით,“  - ასე აფასებდა აღნიშნულ ფაქტს, ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტი, ამჟამად, ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია.

 

„კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის“ ექსპერტები სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე გაცილებით სახიფათო, რამდენიმე ტენდენციაზე მიანიშნებენ:

 

ცენტრის გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობებზე ძალიან დიდია; ადგილობრივი ბიუჯეტი იგეგმება და იხარჯება ცენტრალური ხელისუფლების დირექტივებით; თვითმმართველობები სოლიდურ სახსრებს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების დაფინანსებაზე ხარჯავენ, ხშირად საკუთარი ინიციატივითაც (ცენტრისადმი კეთილი ნების დასადასტურებლად) და საკუთარი უფლებამოსილებები დაუფინანსებელი რჩებათ;

 

 

 

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED