საარჩევნოდ დარიგებული პრემიები

2012.10.24 ავტორი:

საარჩევნოდ ფულადი პრემია ფოთის მერია–საკრებულოს ყველა თანამშრომელმა მიიღო. პრემია სექტემბრის თვეში გამოიყო, თუმცა მათ ვინც იმ დროისთვის შვებულებაში იყო, პრემიის სახით ხელფასზე დანამატი შემდგომ თვეში დაერიცხათ.  ფულადი წახალიხება ბიუჯეტს დაახლოებით 145 ათასი ლარი დაუჯდა. კონკრეტულად რა სამუშაოსთვის გაიცა პრემია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული არაა. 

ფოთის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს პრემიის სახით  ხელფასზე დანამატი 6 ჯერ გასცა, პრემიის ოდენობა 1 თვის ხელფასის ტოლია, რისთვისაც ბიუჯეტიდან  870 ათას ლარი გამოიყო.

 

წინა წლებში, პრემია მხოლოდ სხვადასხვა დღესასწაულებზე, მაგ: გიორგობის, მარიამობის, აღდგომის, შობა–ახალი წელის, ნათლისღება და ა.შ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გასული წლის სექტემბერ– ოქტომბრის თვეში პრემიები არ გაცემულა

 

მიმდირე წლის სექტემბერ–ოქტომბრის თვეში გაცემული პრემიების საფუძველი და დანიშნულება საკრებულოსა და მერიას, ოფიციალურ დოკუმენტაციაში განმარტებული არ აქვს.  

 

საარჩევნო პერიოდის გამო საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უმრავლესობა ოფიციალურად შვებულებაში იყო გასული, ნაწილი საუბნო კომისიის თავმჯდომარე იყო, ნაწილი წევრი, ნაწილი კი უბრალოდ  საარჩევნო შტაბში სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებდა.  თითოეული მათგანი შესაბამისი უწყებიდან (ცესკო, პარტია) შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. 

 

ვინაიდან კანონის თანახმად, შვებულებაში მყოფ ადამიანზე პრემიის გაცემა ნებადართული არაა, ხელისუფლებამ თანხის გაცემა ასე გაანაწილა: სექტემებრში პრემია მხოლოდ სამუშაოზე მყოფ თანამშრომლებს დაურიგა, ხოლო შვებულებაში მყოფებმა პრემია ოქტომბრის თვეში მიიღეს. 

 

პრემიის გაცემის საფუძვლად, საკრებულოს თავმჯდომარის, ბრძანების თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელდება.

 

კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშაოდ შესრულებისათვის, ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უნდა მოხდეს.

 

როგორც დღესასწაულის, ისე სხვა თვეებში რა სახის სამუშაოს განხორციელების სანაცვლოდ მიიღეს საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა  პრემიები, არც ერთ შემთხვევაში განმარტებული არ ყოფილა.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის (საია) თათული თოდუას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მკაცრად საუბრობს პრემიების გამოყოფაზე, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად მისი გამოყენება არამიზნობრივად ხდება და მისი გაცემა საჯარო მოსამსახურის ამოცანების განასკუთრებული პასუხისმგებლობით შესრულებაზე არ არის მიბმული.

 

-„ გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, ასეთი დამთხვევა, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა თანამშრომლს სანიმუშოდ შეესრულებინა თავისი სამუშაო. პრემირების ისტორიის გაცნობით ირკვევა, რომ თანამშრომლებისთვის პრემიებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გასცემდნენ და რომ სამუშაობის სანიმუშოდ შესრულებისთვის პრემია ყოველთვიურად არგაიცემოდა, ამიტომ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ  სექტემბერ–ოქტომბრის თვეში პრემიების გაცემა საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. პრემიის გაცემის საფუძველში ზუსტად უნდა იყოს განმარტებული რა განსაკუთრებული სამუშაოსა და წვლილისთვის გამოიყოფა იგი“– განმარატვს თოდუა. 

 

იურისტი, ნინა ხატისკაცი პრობლემას ფართოდ რეგულირებულ კანონმდებლობაში ხედავს. მისი თქმით, საჯარო სამსახურის რეფორმისას უნდა შეიქმნას ზუსტი რეგულაციები თუ რა შემთხვევაში შეუძლია უწყების ხელმძღვანელს გასცეს პრემია.

 

„ჩვენი კანონმდებლობა ფართოთ რეგულირებულია და არაა კონკრეტიკა.  ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებს პრემიებს,  ერთჯერადად, ყოველთვიურად, დამსახურების თუ პირადი შეხედულებების მიხედვით. ხელმძღვანელის მიერ პრემიის საკუთარი სურვილისამებრ გაცემა ხშირად მანკიერ მხარეს იძენს და პრემირება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება, მაგ: საჯარო მოხელეების ფულადი წახალისება და დაჯილდოვება საარჩევნოდ, როცა ეს ადამიანები შესაძლოა  ყოფილიყვნენ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ჩართულები ეს არის ცუდი პრაქტიკა, რომელსაც საკანონმდებლო ჩარჩო ხელს უწყობს   “– განმარატვს ხატისკაცი. 

 

 

 

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED