"სოციალური" წლები

2012.07.31 ავტორი: ნინო ხაჩიძე

საარჩევნო წელს, ხელისუფლება სხვადასხვა ისეთი სოციალური პროექტების დაფინანსებას ზრდის, რომელთა ნაწილი ბიუჯეტის თავდაპირველ დამტკიცებულ ვარიანტში გათვალისწინებული არც არის. მსგავსი ცვლილებები, რომელიც მოსახლეობის სოციალური მგდომარეობის გაუმჯობესებაზე ფაქტობრივად არასოდეს ასახულა, ტრადიციად იქცა.

opinion.ge-ს ფოტო

განსაკუთრებით გაადვილდა ეს პროცედურა 2012 წელს: თუკი აქამდე ბიუჯეტში თანხის პროგრამის მუხლებს შორის გადანაწილების ზღვარი 5 % იყო, ახლა ის 100 %-მდე გაიზარდა. ეს სახელმწიფო ორგანიზაციებს, საკუთარ საბიუჯეტო პროგრამების მუხლებს შორის თანხის, პარლამენტის თანხმობის გარეშე, გადაანაწილების საშუალებას აძლევს, რაც ისედაც გაუმჭვირვალე ბიუჯეტს, კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის.


მიმდინარე წლის ბიუჯეტში შვიდი თვის განმავლობაში ცვლილებები ორჯერ შევიდა: მაისისა და ივლისის თვეებში.


მაისის ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 8 მილიარდ 216 მილიონი ლარით, რაც დამტკიცებულ მაჩვენებელზე 200,6 მილიონი ლარით მეტი იყო.


ივლისის ცვლილებები კახეთში მომხდარმა სტიქიამ განაპირობა: ბიუჯეტი არც გაზრდილა, არც შემცირებულა, მის მუხლებს შორის თანხები გადანაწილდა და კახეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 162-მილიონიანი ფონდი შეიქმნა.


2010 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 5 მლრდ.421 მლნ. იყო, 2011 წელს – 6 მლრდ. 442 მლნ, 2012 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი დამტკიცებული ვარიანტით – 6 მლრდ 839 მლნ, ხოლო მაისის ცვლილებების შემდეგ – 7 მლრდ 54 მლნ.


საარჩევნო წლის საბიუჯეტო ხიბლი


მაისის ცვლილებებამდე, მიმდინარე წელს, ბიუჯეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მილიარდ 772 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, აქედან საპენსიო უზრუნველყოფისთვის უნდა დახარჯულიყო მილიარდ 400-მილიონამდე ლარი, სოციალური დახმარებებისთვის კი 273 მლნ იყო გათვალისწინებული. ცვლილებების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტი 1 მლრდ. 804 მლნ-მდე, ანუ 32 მლნ-ით გაიზარდა.


მაისის ცვლილებების შემდეგ ბიუჯეტში ჩაიდო მოსახლეობის ელექტროენერგიის ვაუჩერით უზრუნველყოფა, რისთვისაც 25 მლნ 629 ათასი ლარი დაიხარჯა.
ცვლილებებამდე ჯანმრთელობის დაზღვევისთვის168,5 მლნ იყო გათვალისწინებული. ცვლილებების შემდეგ კი ეს თანხა 5,5 მლნ-ით გაიზარდა.
2012 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 12 მლნ ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, მაისის ცვლილებების შემდეგ კი, თანხა გაორმაგდა და თითქმის 25 მლნ ლარი შეადგინა.


პოპულისტური პროექტები


გასულ არაასარჩევნო წლის ბიუჯეტის იმავე მონაცემებს (ბიუჯეტის საერთო მოცულობა იმ წელს ექვს-ნახევარი მილიარდი ლარი იყო): შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა მილიარდ 685 მლნ. შეადგინა (87 მლნ-ით ნაკლები, ვიდრე 2012 წელს არის), საპენსიო უზრუნველყოფისთვის 987 მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა (2012 წელთან შედარებით 413 მლნ-ით ნაკლები), სოციალური დახმარებებისთვის – 214 მლნ (2012 წელთან შედარებით 58 მლნ-ით ნაკლები), ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 136 მლნ (2012 წელთან შედარებით 3 მლნით ნაკლები).
2010, ასევე, საარჩევნო წელს ჯანდაცვის უწყებაში თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სამინისტროს მთლიანმა დაფინანსებამ მილიარდ 605 მლნ. ლარი შეადგინა (მაშინ, როდესაც 2010 წლის ბიუჯეტი 2011 წლის ბიუჯეტზე ერთი მილიარდით ნაკლები იყო). საპენსიო უზრუნველყოფაზე 924 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, სოციალურ დახმარებებზე – 232-მმლნ-დე (18 მლნ-ით მეტი, ვიდრე 2011 არასაარჩევნო წელს), 2011 წელთან შედარებით 11-მლნ-ით მეტი დაიხარჯა ჯანმრთელობის დაზღვევაზეც.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ ანალიტიკოსის მიხეილ კუკავას თქმით, ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიუჯეტის ხარჯვის ტენდენციები საარჩვენო წლებში განსხვავებულია და ბიუჯეტი უფრო სოციალური, მოკლევადიანი დასაქმებისა და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.
გამონაკლისი არც 2012 წელია. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ 2007-წლიდან ქვეყნის შემოსავლების 57 %-იანი ზრდის პარალელურად, სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯებიც გაიზარდა.


ხმების მოსაზიდი მოხერხებული იარაღი


2012 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების დაფინანსება წინა წელთან შედარებით 11 %-ითაა გაზარდილი და იგივე ტენდენციაა თბილისის ბიუჯეტშიც.
დინამიკაც იგივეა: თბილისისი ბიუჯეტის სოციალური ხარჯები იზრდება საარჩევნო წლებში და იკლებს არასაარჩევნო წლებში.


„გასულ წელთან შედარებით, წელს 22%-ით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები – 105 მლნ. ლარამდე. 2010 წელს კი ამ ზრდამ რეკორდული თანხა – 113 მილიონი ლარი შეადგინა,“ –ამბობს მიხეილ კუკავა;


გარდა ზემოთქმულისა, წელს, სექტემბრიდან ხელისუფლება მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს.

 

დაეზღვევა ორ მილიონამდე მოქალაქე, მათ შორის, სკოლამდელი ასაკის ბავშვები, ასაკობრივი პენსიონრები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშმი ვკითხულობთ, რომ ამისთვის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დამატებით 53 მლნ. ლარი გამოიყოფა, სექტემბრიდან მოსალოდნელი საპენსიო ზრდისთვის კი იმავე პერიოდში – 78 მლნ. ლარი.


მიხეილ კუკავას თქმით, ამომრჩეველთა სპეციფიკურ ჯგუფებზე ორიენტირებული ამ ინიციატივების განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაწყება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებისთვისაა გამიზნული.


ამავდროულად, საინტერესოა, რომ, თუკი 2007 წლიდან ბიუჯეტის შემოსავლები 57 %-ით გაიზარდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 87,8 %-თაა გაზრდილი და მიმდინარე წელს,1 მლრდ. 113 მლნ. ლარი შეადგინა.

 

წლების დაკვირვება აჩვენებს, რომ სოციალური პროექტები წინასაარჩევნოდ ხმების მოსაზიდი მარტივი იარაღიდან, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის რეალურად გასაუმჯობესებელ საშუალებად ვერ იქცა.

 


გამოყენებული მასალები:


საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტი (საბიუჯეტო ასიგნებანი)
საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტი (საბიუჯეტო ასიგნებანი)

საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი (საბიუჯეტო ასიგნებანი)
საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილება (მაისი, 2012)


საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ივლისის ცვლილების გათვალისწინებით
http://www.mof.ge/4979

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED