საკრებულოს თავმჯდომარის ორი მანქანა

2012.04.03 ავტორი:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო საღინაძემ, 54 ათას ლარიანი ავტომობილი ბიუჯეტში ნახევარმილიონიანი დანაკლისის პირობებში, გასული წლის ივნისის თვეში შეიძინა.

 

ძვირადღირებული შენაძენიდან ერთ თვეში,  საკრებულომ თანხების არქონის მიზეზით, პრიორიტეტულად დასახელებული ინსფრასტრუქტურული სამუშაოები  და მათი დაფინანსება შეამცირა.

 

საღინაძის ავტომობილის ფასმა, გასული წლის ქალაქის ბიუჯეტში დამტკიცებისას გათვალისწინებული მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოვლენისა და პროფილაქტიკის პროგრამის ოდენობას გადააჭარბა. 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე  2011 წლის WOLKSVAGEN PASSAT Limouzine–ით დადის. წინა მანქანაც იგივე ფირმისა და ფერის იყო, უცვლელია ავტომობილის სანომრე ნიშანიც - LOF 001

 

–„ავტომობილი ისევ WOLKSVAGEN–ის ფირმისაგან ვიყიდეთ. ძველს  200 ათასი კმ ჰქონდა გავლილი, ზოგი ნაწილი სარემონტო იყო, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ახლის შეძენა“,–განაცხადა საღინაძემ tspress-სთან საუბრისას.

 

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლია არტიუხოვას ინფორმაციით, ძველი ავტომობილის რემონტს 10 ათას ლარამდე დასჭირდებოდა, ამიტომ  ის  ფირმას ჩააბარეს.

 

–„აუდიტმა ძველი ავტომობილი 18 ათას ლარად შეაფასა. დარჩენილი 36,6 ათასი საკრებულომ დაამატა და ახალი  შეიძინა,“–ამბობს არტიუხოვა.

 

 „ძველი მანქანა“, 2007 წლის გამოშვების WOLKSVAGEN PASSAT ვანო საღინაძისთვის მერიის ადმინისტრაციამ იმავე წელს 58 744 ლარად იყიდა. მაშინ საღინაძე ქალაქის მერი იყო.  2010 წელს, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მან ავტომობილი „თან წაიყვანა”, მისი შემცვლელის, ვახტანგ ლემონჯავასთვის კი მერიის ადმინისტრაციამ  77 ათას ლარიანი TOYOTA LAND CRUIZER PRADO შეიძინა.

 

საღინაძის WOLKSVAGEN PASSAT–ის გამოცვლის მიზეზად, საკრებულომ მხოლოდ შპს «იბერიავტოსთან» გაფორმებულ ძველი ავტომობილის ჩაბარებისა და ახლის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება  და აუდიტორულ–საკონსულტაციო კორპორაცია «ინტერაუდიტის» ქონების შეფასების აქტი წარმოადგინა. აქტის მიხედვით 2007 წელს გამოშვებული სატრანსპორტო საშუალების საწყისი გასაყიდი  ღირებულება 18 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

 

თვითმმართველობას შპს «იბერიაავტოს»–სათვის  ავტომობილის  ჩაბარებამდე აუდიტორული  და ტექნიკური სხვა შემოწმება არ ჩაუტარებია და შესაბამისად, არც სხვა დოკუმენტები წარმოუდგენია.

საღინაძს ახალი ავტომობილი

 

გასული 4 წლის განმავლობაში საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ექსპლუატაციისა და მოვლა–პატრონობის ხარჯებზე, საკრებულოდან მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ავტომობილის ტექმომსახურებაზე 2010 წელს დახარჯულია 3 709 ლარი, 2011 წელს კი 140 ლარი და 2 869 ლარი.

 

სხვა დოკუმენტებს საკრებულოს საპასუხო წერილი არ შეიცავს. მის მიერ მოწოდებული მასალებიდან, საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის სიტყვები, ძველი ავტომობილის რემონტისთვის ათასობით ლარის საჭიროების შესახებ, არ დასტურდება.

 

ერთი ძვირადღირებული ავტომობილის მეორეთი ჩაანაცვლებისას, ადგილობრივ თვითმმართველობას, პირველი კვარტლის ბიუჯეტში  ნახევარმილიონიანი დანაკლისი ჰქონდა.

 

გასული წლის აგვისტოში, საკრებულომ ფასადების სარემონტო–საპროექტო სამუშაოები 157 ათასი ლარით შეამცირა, სახანძრო–სამაშველო სამსახურის ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა პატრონობის ხარჯებს  კი,  4 ათასამდე ლარი მოაკლო, რაც თვითმმართველობამ თანხების სიმცირით ახსნა.

 

აღნიშნული თანხიდან, 43 ათასი საკრებულოს ოფისის, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლა–შენახვის ხარჯებს დაემატა, 26 ათასით კი მერიის ხარჯები გაიზარდა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება საკრებულომ 350 ათასი ლარით გასული წლის, ნოემბრის თვეშიც შეამცირა.

 

შესასრულებელი სამუშაოების ნუსხიდან საერთოდ ამოიღეს 800 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები: გარე განათების ბოძებისა და სანათების შეძენა, #14 საბავშვო ბაღის ფასადის რემონტი და თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პროექტირება.

 

წლის ბოლოს, საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ხარჯები  364 ათასი ლარით, მიწის გაყიდვიდან მისაღები შემოსავლები კი 1,4 მლნ-ით შემცირდა.

 

საღინაძის ძველი ავტო იგივე სანომრე ნიშნით

საღინაძის ძველი ავტო იგივე სანომრე ნიშნით

თვითმმართველობამ  ცენტრალური ხელისუფლებისაგან ფინანსური დახმარების სახით 1,8 მილიონი ლარიც მიიღო.

 

საღინაძის თქმით, ეს დახმარება საბიუჯეტო კრიზისს არ უკავშირდებოდა, თუმცა მისი მოადგილის, ლაშა ბერაიას განმარტებით, ამ თანხის გარეშე ბიუჯეტში ამავე  ოდენობის დანაკლისი იქნებოდა.

 

მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა „მუშების ხელფასების გასტუმრებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას მოხმარდა“.

 

რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ამ პირობებში ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება, საკრებულოს თავმჯდომარემ არ უპასუხა.

 

ეკონომიკის ექსპერტი, შოთა მურღულია განმარტავს, რომ ძველი ავტომობილის ახლით ტენდერის გარეშე ჩანაცვლებით თვითმმართველობას კანონი არ დაურღვევია: –„თუმცა, შეიძლება დავსვათ კითხვა, ბიუჯეტის დანაკლისის პირობებში, რატომ სჭირდებოდა საკარებულოს თავმჯდომარეს მაინცდამაინც 54 ათასიანი მანქანა და რატომ ვერ ივლიდა, მაგალითად, 20 ან 22 ათასიანი ავტომობილით?“–ამბობს მურღულია.

 

საბიუჯეტო ექსპერტის, დავით ნარმანიას აზრით კი,საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში საკრებულოს თავმჯდომარის შენაძენი, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED