შსს-ს „წილები“ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან

2012.02.06 ავტორი: პაატა ლაგვილავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გასული წლის განმავლობაში 455 ათასი ლარი დაუჯდა. ეს მაშინ, როცა შსს-ს ორგანოების დაფინანსებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არც კანონი  ავალდებულებს და არც კრიმინოგენული სიტუაციაა გაუარესებული. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, დანაშაულის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. მაგალითად,  2011 წელს,  წინა წელთან შედარებით, დანაშაულის რიცხვი  8,3%–ით ნაკლებია.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტები ხშირად დეფიციტურია და თვითმმართველებს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შეკვეცაც ხშირად უწევთ.  ასეთ დროს კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყების დასაფინანსებლად ხარჯების გამოყოფა, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება.

 

მაგალითად, ფოთის ბიუჯეტის დანაკლისი, შარშან, 1,8 მილიონი ლარი იყო, რომელიც,  წლის ბოლოს, ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური დახმარებით შეივსო.  პოლიციის ადგილობრივი ორგანოებისთვის, საკრებულომ ბიუჯეტიდან  204 ათასი ლარი მაინც გამოყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გასულ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 57 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

 

პოლიციის მზარდი დაფინასება

      

ზუგდიდის 2011 წლის ბიუჯეტის მიღებისას, შს სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დასაფინასებლად 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ წლის ბოლომდე თანხა 125%-ით გაიზარდა  და  455 ათასი ლარი შეადგინა, რაც ასე გადანაწილდა:

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას - 243 ათასი ლარი.

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს - 128 ათას ლარი.

 

სამეგრელო ზემო სვანეთის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 მთავარ სამმართველოს - 57,2 ათასი ლარი.

 

ზუგდიდის ბიუჯეტიდან განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს სამხარეო წარმომადგენლობას - 19,5 ათასი ლარი.

 

ყველაზე ნაკლები თანხა საპატრულო პოლიციის ზუგდიდის განყოფილებამ მიიღო - 8 ათასი ლარი.

 

შსს-ს ადგილობრივი ორგანოებისათვის თანხის ზრდა ეტაპობრივად საკრებულოს სხდომებზე ხდებოდა. ბიუჯეტიდან შსს-ს  ორგანოებისთვის ჩარიცხული თანხების შესახებ საკრებულოს წევრებისთვის მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი: თანხა  უწყების რეგიონულ ორგანოებს ფინანსური ხელშეწყობისათვის ერიცხება. ბიუჯეტში ეს თანხები, აღნიშნული ორგანოების „სხვა ხარჯების“ მუხლშია შეტანილი. მიღებულ თანხა პოლიციის ადგილობრივმა ორგანოებმა საწვავისა და ოფისების კეთილმოწყობისათვის გამოიყენეს.

 

საკრებულოს უსიტყვო მორჩილება



ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის საკრებულოს 2011 წლის გადაწყვეტილებებით, პოლიციის ორგანოების დაფინანსება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის შემცირებული თანხების ხარჯზე ხდებოდა.

 

მაგალითად, გასული წლის 20 მაისს, საკრებულომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოს კეთილმოწყობისთვის 60 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხის გამოყოფა კი სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების  და შიდა გზების მოწესრიგებისთვის გათვალისწინებული თანხების შემცირების ხარჯზე მოხდა. სამივე მუხლიდან საკრებულომ მაშინ 20-20 ათასი ლარი გამოათავისუფლა.

 

ანალოგიურად მოიქცა საკრებულო 17 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზეც. მაშინ  საკრებულომ ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი, სანიაღვრე არხებისა და გზების რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხიდან გამოათავისუფლა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის II სამმართველოს „ფინანსური ხელშეწყობისთვის“ გადაურიცხა.

 

12 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, ჭარბი შემოსავლებიდან ბიუჯეტის 380 ათას ლარიანი ზრდა დაამტკიცეს. ამ თანხიდან 100 ათასი ლარი საკრებულომ  სამხარეო პოლიციის (80 ათასი) და კუდის (20 ათასი) ფინანსური მხარდაჭერისთვის ოპერატიულად „გადადო“.

 

8 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც  ზუგდიდის ბიუჯეტიდან შსს სამხარეო სამმართველო, დამატებით 55 100 ლარით დაფინანსდა. იმავე დღეს 10 ათასი ლარი დაემატება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილებასაც.

 

სხდომიდან ერთი თვის შემდეგ, საკრებულოს მიერ მიღებული კიდევ ერთი ცვლილებით, კუდ-ს დაფინანსება 8 ათასი ლარით გაეზარდა.

 

როგორ რეგულირდება კანონით ადგილობრივი ბიუჯეტებიდან პოლიციის დაფინანსება


2009 წლის 13 აპრილს, თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულებს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციებზე საკუთარი სახსრების მიმართვის შესაძლებლობ მიეცათ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხის ნებაყოფლობით გადაწყვეტა შეუძლიათ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯვითი პოლიტიკის შესახებ, „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ ანალიტიკურ კვლევაში, აღნიშნული ცვლილებების შესახებ წერია, რომ ხელისუფლებამ ამ ქმედებით, თვითმმართველობების მიერ არამიზნობრივად გაწეული ხარჯების უმეტესობა კანონიერად გამოაცხადა. -„ორგანულ კანონში განხორციელებული  ცვლილებები კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და ქვეყანაში დეცენტრალიზაციის ხარისხის დეკლალირებული მიზნის მიღწევაში,“- ნათქვამია კვლევაში.

 

 „პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. თუმცა, პოლიციის შესახებ კანონზე მაღლა, იერარქიულად, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი დგას, რომლის მე-16 მუხლის შესაბამისად, პოლიციის ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

 

-„პოლიციის ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება არც ნებაყოფლობითი უფლებამოსილების განხორციელებად  ვერ ჩაითვლება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კრიმინალური პოლიცია და გამოძიება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება,“ -მითითებულია კვლევაში.

 

კვლევის მიხედვით,  მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ კანონში ჩანაწერი არ არის საკმარისი დელეგირებისათვის, არამედ საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს გამოეყოს შესაბამისი მიზნობრივი ტრანსფერიც: „ბოლო წლების რეალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბიუჯეტებს პოლიციის დასაფინანსებლად არ გამოეყოფოდა შესაბამისი მიზნობრივი ტრანსფერი.“

 

აქედან გამომდინარე ორგანიზაცია ასკვნის, რომ  „თვითმმართველი ერთეულების მიერ პოლიციის დაფინანსება არამიზნობრივი ხარჯია, ვინაიდან ეს ფუნქცია არც ექსკლუზიურ, არც ნებაყოფლობით და არც დელეგირებულ უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება.“

 

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ნარმანია tspress.ge-სთან საუბრისას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსებას „კანონგარეშე ქმედებას“ უწოდებს:

 

 - „რადგან პოლიციის დაფინანსებას ყველა თვითმმართველობა ეწევა, ცხადია, ეს ცენტრალური ხელისუფლების დავალებით ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება ყველა მუნიციპალიტეტი ერთანირად აფინანსებდეს და ახორციელებდეს ამგვარ  ხარჯებს, რაც მის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება და ამ ქმედებას მას კანონი არ ავალდებულებს,“- ამბობს ნარმანია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დეა“ ადგილობრივ ბიუჯეტს 2004 წლიდან აკვირდება:

 

-„პოლიციის საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების უხეშ ჩარევას ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში. სამწუხაროდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კვლავ გვხვდება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან მნიშვნელოვანი სახსრების ხარჯვა თვითმმართველობის არასაკუთარი კომპეტენციების დასაფინანსებლად. ამის ნათელი მაგალითია პოლიციის განყოფილებების ხარჯების დაფინანსება,“ - ნათქვამია ორგანიზაციის  2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალური მონიტორინგის დასკვნაში.

 

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი „თავისუფალი დემოკატებიდან“  გიორგი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტში კარუსელს ატრიალებს.

 

-„საერთაშორისო ორგანიზაციებს ეუბნებიან, ნახეთ შსს რა მცირე თანხებით ფინანსდებაო, ამ დროს კი, ჯერ მუნიციპალიტეტებს ურიცხავენ და შემდეგ მორჩილ ადგილობრივ მთავრობებს უკანვე არიცხინებენ,“ -  აცხადებს ის.

 

ადგილობრივი ბიუჯეტების „საჩუქრები“ პოლიციას


წელს, პირველი „საჩუქარი“ შს  სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უკვე გაუკეთა. 31 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარ სამმართველოს, ზუგდიდის ბიუჯეტიდან, ავტომანქანის შესაძენად 135 ათასი ლარი გამოეყო. „Toyota Land Cruiser“ –ის შესაძენად თანხის გამოტავისუფლება, სპორტის განვითარების ცენტრის სუბსიდიის 135 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე მოხდა.

 

ზუგდიდის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, პოლიციის ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება 350 ათასი ლარით განისაზღვრა, სავარაუდოდ, ეს თანხა საბოლოო არაა.

 

პოლიციის ორგანოების დაფინანსებას 2012 წლის ბიუჯეტში 100%-ზე მეტით ზრდის მესტიის მუნიციპალიტეტი. პოლიციისთვის გამოყოფილი თანხა მესტიაში 108 ათას ლარს შეადგენს, შარშან კი ეს ციფრი 50 ათას ლარს არ აღემატებოდა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 9 მუნიციპალიტეტიდან, პოლიციის ადგილობრივი ორგანოები, წელს  მთლიანობაში 1,4 მილიონი ლარით დაფინანსდებიან:

 

აქედან, აღნიშნულ ორგანოებს 490-ათას ლარიან დახმარებას გაუწევს ფოთის ბიუჯეტი, 136 ათას ლარს სენაკის, 120 ათას ლარს წალენჯიხის ბიუჯეტი. შსს–ს ადგილობრივ ორგანოებს 65 ათასი ლარით დაეხმარება ხობის, 60-60 ათასი ლარით მარტვილისა და აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტები,  39 ათასი ლარით კი ჩხოროწყუს ბიუჯეტი.

 

თავად მერაბიშვილის უწყება კი, წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან  46,3 მილიონი ლარით დაფინანსდება.

 

 

 

Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED