პოსტრევოლუციური ლოგიკა: 150 მეტია 235-ზე

2012.02.03 ავტორი:

საქართველოს მოქალაქეებმა,  საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას, 2003 წელს, არჩევნებთან ერთად გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. 

ინიციატივის მოტივი ის იყო, რომ საქართველოსნაირ მცირე ზომის ქვეყანას ამდენი დეპუტატი არ სჭირდებოდა და, რაც მთავარია, დეპუტატთა ასეთი მრავალრიცხოვანი კორპუსის შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს ძვირი უჯდებოდა.

 

რეფერენდუმის შედეგები 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ამოქმედდა.

 

რამდენი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს 150-დეპუტატიანი პარლამენტის შენახვა და შეამსუბუქა თუ არა ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატთა რაოდენობის შემცირებამ?

 

2007-2012 წლების დინამიკა ასეთია:

 

2007 წელს, საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებული თანამშრომლების (მათ შორის, 235 დეპუტატი)  ხელფასების ფონდს 13 მილიონი მოხმარდა.

 

2008 წლის მაისის ჩათვლით პარლამენტი 235-დეპუტატიანი იყო, შემდეგ კი – 150-წევრიანი. ამ წელს, დეპუტატებსა და დამხმარე პერსონალის ხელფასებზე დაახლოებით, 18 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 5 მილიონით აღემატება წინა წელს გამოყოფილ ხარჯებს.

 

2009 წელს პარლამენტი უკვე 150-წევრიანი გახდა (თუმცა, 11-მა დეპუტატმა მანდატზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა და ისინი ანაზღაურებას არ იღებენ) და ამ წელს, პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას 18 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

 

2010 წელს 150-წევრიანი პარლამენტის სახელფასო ანაზღაურებისთვის 19 მილიონამდე თანხა დაიხარჯა.

 

2011 წელს პარლამენტის ხელფასებისთვის უნდა დახარჯულიყო – 16 მილიონ 648 ათასი ლარი (ამ წლის რეალური მაჩვენებლები, ჯერჯერობით, არ არსებობს, ამიტომაც თანხა, შესაძლოა, არაზუსტი იყოს და რეალურად მეტი დახარჯულიყო).

 

2012 წლის ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტის შრომის ანაზღაურებისთვის კი 16 მილიონ 648 ლარის დახარჯვა იგეგმება.

 

ცნობისათვის: წლების მიხედვით, უშუალოდ საქართველოს პარლამენტში 900 ადამიანია სტაბილურად დასაქმებული: 150 დეპუტატი, დანარჩენი - დამხმარე პერსონალი.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელფასო ფონდში არ შედის პარლამენტართა სხვა შეღავათები: სატელეფონო, ავტოპარკისა და სხვა მომსახურებები. ასევე, სამივლინებო ხარჯები და ის ვიზიტები, რომლებსაც მიმწვევი მხარე აფინანსებს. ცნობილია, რომ ამგვარი მივლინებებიდან დეპუტატებს საკმაოდ სოლიდური თანხა რჩებათ შემოსავლად (მაგალითად, დავით ბაქრაძის საფინანსო დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2010 წელს მან სამივლინებო თანხებიდან 16 000-ლარამდე დაზოგა (მოგეხსენებათ, სტანდარტული სამივლინებო თანხა პირს უშუალოდ გადაეცემა და ამ თანხას ის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს)

 

რა გვიჯდება თოთოეული დეპუტატი ყოველწლიურად?


რა უჯდებოდა წლების მიხედვით ბიუჯეტს, ანუ გადასახადის გადამხდელ ამომრჩეველს თითო პარლამენტარის მიერ საკუთარი უფლებამოსილების აღსრულება.

 


ავტორი: ბესო დუღაშვილი

ავტორი: ბესო დუღაშვილი

2007 წელს, თითოეული პარლამენტარის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება ბიუჯეტს წლის განმავლობაში 55 319 ლარი დაუჯდა; 2008 წელს – 93 264 ლარი. 2009 წელს – 121 073 ლარი; 2010 წელს – 126 667 ლარი, 2011 წელს – 110 987 ლარი; 2012 წლის ბიუჯეტის გეგმით -110 987 ლარი დაუჯდება ბიუჯეტს თითოეული პარლამენტარი.

 

ეკონომიკის ექსპერტი, თემურ კოპალეიშვილი ხელფასების ზრდას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც  პარლამენტის წევრს სრულიად სიმბოლური ხელფასი -1,5 დოლარი ჰქონდა. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, პარლამენტარების ხელფასები კატასტროფულად გაიზარდა, თუმცა, ხელფასის გარდა, პარლამენტს „სხვა ხარჯებიც“ ძალიან დიდი აქვს. -„ ის, რომ სხვა თანაბარ პირობებში, დეპუტატების რაოდენობა თითქმის განახევრდეს და ეს არ აისახოს ხელფასის ფონდში, წარმოუდგენელია,“-აცხადებს კოპალეიშვილი.

 

იმსახურებენ თუ არა პარლამენტარები, საკანონმდებლო მუშაობის ხარისხის გათვალისწინებით, მაღალ ანაზღაურებას? თუ გავიხსენებთ, რომ მათ მიერ მიღებული კანონები მუდმივ ჩასწორებას საჭიროებს, პასუხი ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, უარყოფითია.

 

თუმურ კოპალეიშვილი: -„ ერთი წელია, მოქმედებს „საგადასახადო კოდექსი“ და ამ ხნის განმავლობაში მასში 31 კანონით არის შეტანილი ცვლილება, ცვლილებების საერთო რაოდენობა კი, პუნქტობრივად რომ გავიაროთ, 650-ზე მეტია. მაგალითად, არის პუნქტი, რომლის ფორმულირება „საგადასახადო კოდექსში“ ორჯერ შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში და ამას უწოდებენ „რევოლუციურ კოდექსს“?! ესე იგი, რა გამოდის, ან თავის დროზე არ წაიკითხე, ან კითხვა არ იცი.“

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან ვეფხვაძე 150-დეპუტატიანი პარლამენტის დაფინანსების ზრდას შემდეგნაირად ხსნის:

 

-„ 2007 წლის შემდეგ, დეპუტატების ანაზღაურება არ შეცვლილა, ერთადერთი, დეპუტატთა რაოდენობა შემცირდა. როგორც ჩანს, საუბარია პარლამენტის აპარატის ანაზღაურების ზრდაზე. მართალია, აპარატის თანამშრომელთა ხელფასები პირდაპირ არ გაზრდილა, მაგრამ პრემიული ზრდა, მიღებული წესია. ჩვენ ნაკლებად მიგვიწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე, იმიტომ, რომ ეს აპარატები კომპლექტდება კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ, ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებითაა დაკმოპლექტებული და, როგორც ჩანს, მათ თავიანთი თანამშრომებლებისათვის არ ენანებათ პრემიების გამოწერა, რაც აისახება კიდეც პარლამენტის ბიუჯეტზე“.

 

პარლამენტართა ხელფასები ყოველწლიურად იზრდება


თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ ვისი ხელფასები გაიზარდა, პარლამენტარების თუ მათი დამხმარე პერსონალის, საბოლოოდ, ეს მაინც ნიშნავს, რომ პარლამენტის დაფინანსება გაზრდილია. ამ მოსაზრებას ლევან ვეფხვაძეც ეთანხმება.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა, ჩვენ მიერ დასმულ კითხვას არ უპასუხეს. მიზეზად, ციფრების დავიწყება დაასახელეს.

 

თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტის წევრები ყოველწლიურად აძლევენ ხმას ბიუჯეტს,  მანამდე კი, წესით, ის დეტალურად უნდა განიხილონ, გამოდის, რომ ან არ კითხულობენ, ან იმის აღიარება არ უნდათ, რომ 150-წევრიანი პარლამენტი ბიუჯეტს უფრო ძვირი უჯდება. 

 

ავტორი: ბესო დუღაშვილი

ავტორი: ბესო დუღაშვილი

მართალია, პარლამენტის „ნაციონალი“ წევრები ციფრებს ვერ იხსენებენ, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია სახელფასო ფონდის ზრდას აპარატის თანამშრომლების პრემიებს უკავშირებს, მაგრამ მათ მიერ შევსებული საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციები საპირისპიროზე მეტყველებს.

 


კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა 2007 წელს, 235-წევრიან პარლამენტში ხელფასის სახით, 45 029 ლარი აიღო; 2008 წელს, იმავე თანამდებობაზე – 63 024 ლარი; 2009 წლის მონაცემი ბაზაში არ იძებნება; 2010  წელს კი, ასევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ - 79 172 ლარი.

 

მისმა კოლეგა ლევან ვეფხვაძემ, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, 2008 წელს, ხელფასის სახით, 30 714 ლარი აიღო (ორი ვიცე-სპიკერის ხელფასებს შორის სხვაობა იმის შედეგია, რომ  ვეფხვაძე პარლამენტის წევრი 2008 წლის ივნისიდან გახდა, ხოლო მაჭავარიანი წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო); 2009 წელს მისი წლიური სახელფასო შემოსავალი, 65 676 ლარი იყო, 2010 წელს  – 69 732 ლარი.

 

ზურაბ მელიქიშვილის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრის სახელფასო შემოსავალი 2009 წელს  56 676 ლარი იყო, ხოლო 2010 წელს – 67 232 ლარი.

 

ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ  პოსტრევოლუციური ქართული ლოგიკით,  ამჟამინდელი რაოდენობის პარლამენტარის შენახვა ბიუჯეტს გაცილებით მეტი უჯდება, ვიდრე 235 -ის (დეპუტატთა ხელფასები, ყოველწლიურად იზრდება, ამასთან, ნაპარლამენტარის პენსია კანონით, 560 ლარია.)

მაშ, რა აზრი ჰქონდა დეპუტატთა რაოდენობის ლამის განახევრებას?!

 

 ნინო ხაჩიძე

 

Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED