საჯარო მოხელეებს - 130 ათასის პრემია, სოცილურად დაუცველ ბავშვებს - 3200 ლარის „ბარამბო“

2012.01.06 ავტორი: იზა სალაყაია

საახალწლოდ ფოთის მერია-საკრებულოს ყველა თანამშრომელს პრემიის სახით გაორმაგებულ ხელფასები დაურიგდათ.  სოციალურად დაუცველ ბავშვებს კი, „ბარამბოს“ ტკბილეულის ნაკრები. თითო ბავშვის საჩუქრისთვის მერიამ 3,2 ლარი გამოყო.  

ფოთის მერი სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოში

ფოთის მერი სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოში

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სადღესასწაულოდ მატერიალური დახმარებები არ გაუციათ, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ სხვა დღესასწაულების მსგავსად, თანამშრომლები საახალწლოდაც წაახალისა.

 

გასული წლის ბიუჯეტში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამისთვის, 40 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და 22 დეკემბრისათვის სრულად იყო ათვისებული. სოწრედ ამ დროს, მერიამ შობა –ახალი წელთან დაკავშირებით თანამშრომლებს სამჯერ მეტი თანხა, 130 ათას ლარი პრემიისთვის გამოუყო.

 

მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსის, ვიოლეტა ჯაღამაძის განცხადებით, მატერიალური დახმარების პროგრამით, წლის განმავლობაში, დახმარება 476 ოჯახს გაეწია. გაცემული თანხის ოდენობამ თითოეულზე 50–100 ლარი შეადგინა.

 

საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ათას  ბავშვს „ბარამბოს“ ტკბილეულის ნაკრები დაურიგდათ და მათთთვის ფოთის თეატრში უფასო საახალწლო წარმოდგენები გაიმართა.

 

საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო, აქედან 3200 ლარი ბავშვების საჩუქრებს მოხმარდა, ანუ თითო საჩუქარზე 3,2 ლარი დაიხარჯა. 

წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოვება

წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოვება

 

საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული 275-მდე თანამშრომელი  პრემიებს წელიწადში 6 ჯერ, სხვადასხვა დღესასწაულზე იღებს,  რამაც გასულ წელს  577ათასი ლარი შეადგინა.(ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით-105 ათასი ლარი, აღდგომის დღესასწაულზე –107 ათასი ლარი,  მარიამობაზე–  105 ათასი ლარი, გიორგობაზე– 130 ათასი ლარი, შობა– ახალი წლისთვის – 130 ათასი ლარი).

 

ყველა შემთხვევაში, პრემიის გაცემის საფუძვლად, საკრებულოს თავმჯდომარის, ბრძანების თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელდება.

 

კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშაოდ შესრულებისათვის, ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უნდა მოხდეს.

 

რა სახის სამუშაოს განხორციელების სანაცვლოდ მიიღეს მათ პრემიები, არც ერთ შემთხვევაში განმარტებული არაა.

 


ფოტოები აღებულია ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას  facebook-ის ოფიციალური გვერდიდან 

 

 

 

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED