ბიუჯეტის ვირტუალური შევსება

2011.07.01 ავტორი: იზა სალაყაია

Image 86

Image 86

ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველ კვარტალში მიღებული შემოსავლებისა და თანხის მიზნობრივად ხარჯვის ანგარიში წარმოადგინა.

ნახევარმილიონიანი დანაკლისი მხოლოდ პირველ კვარტალში

ადგილობრივი ხელისუფლება პირველ კვარტალში 2 მლნ 325 ათასი ლარის შემოსავლების მიღებას ვარაუდობდა, მაგრამ საბიუჯეტო თანხების მობილიზება სრულად ვერ მოხერხდა და ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარით ნაკლები შევიდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები საკრებულოს წევრთაგან არავის გასჩენია, მათ შორის არც– „ქრისტიან დემოკრატებისა" და „სახალხო კრების" წარმოამდგენლებს.

პირველ კვარტალში მობილიზებული შემოსავლიდან 1მლნ 160 ათასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერია. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განცხადებით, პირველ კვარტალში ადგილობრივი ხელისუფლება 1, 360 ათასი ლარის ტრანსფერის მიღებას გეგმავდა, „200 ათასი ლარით ნაკლები თანხა მივიღეთ, რადგან ეს თანხა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის მისი გამოყოფის მოთხოვნით არ მიგვიმართავს, " – განმარტავს თოლორდავა და დასძენს, რომ „ამ მონაცემებით, ბიუჯეტის შესრულება არც თუ ისე ცუდია."

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად სოციალური და ჯანდაცვის სფეროა განსაზღვრული, მასზე 820 ათასი ლარით მეტი თანხით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები ფინანსდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დახმარებით აღნიშნული სფეროს პროგრამების დაფინანსება არ გაზრდილა და არც ახალი პროგრამები დამატებია.

მაგალითად, გინეკოლოგურ დაავადებათა პროგრამა 10 ათასი ლარითაა დაფინანსებული, მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის, 20 ათასი ლარია გამოყოფილი, ონკოლოგიურ და ტუბერკულოზის დაავადებათა პროგრამისთვის თანხები გათვალისწინებული არაა. ხოლო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებისთვის 250 ათასამდე ლარია გათვალისწინებული, აქედან 50 ათასი ლარი წინასწარ გაუთვალისწინებლი ღონისძიებებისთვის, რაც ბიუჯეტში "სხვა ღონისძიებების" მუხლითაა მითითებული.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარება სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო, გამწვანებით სამუშაოების შესრულებასა და ხელფასების გაცემას მოხმარდა.

რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას?

ბოლო წლების განმავლობაში ფოთის ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების მობილიზება უჭირს და ბიუჯეტის შესრულებას ადგილობრივი შემოსავლებით ვეღარ ახერხებს. ბიუჯეტში არსებული დანაკლისი, წლის ბოლოს, კვარტლების მიხედვით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებით ივსება. მიზეზად ექსპერტები ბიუჯეტის ოპტიმისტური პროგნოზებით დაგეგმვასა და სამინისტროს იმედად ყოფნას ასახელებენ.

მაგალითად, 2010 წლის ბიუჯეტი 18 მილიონ ლარზე იყო დაგეგმილი, პირველ და მეორე კვარტალში, ჯამში 3 მილიონამდე ლარის შემოსავალი დააკლდა, თუმცა დანაკლისი შემდგომ თვეებში ფინანსთა სამინისტროდან მიღებული 7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სხვადასხვა სახის ტრანსფერით შეივსო. დახმარების ხარჯზე წლის ბოლოს ბიუჯეტი გადაჭარბებით – 101 % შესრულდა.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ შოთა მურღულიას შეფასებით, ბიუჯეტის ხშირი ცვლილება უარყოფითად მოქმედებს ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და პრიორიტეტებზე, რაც ნორმალური საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში მიუღებელია.

ფედარალურ დაფინანსებაზე მყოფი უწყებებისთვის, შსს ადგილობრივი ორგანოების, პარლამენტის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ტაძრის მშენებლობის ფონდისა და საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოების დაფინასება ადგილობრივ ხელისუფლებას ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი უჯდება. „ აღნიშნული სფეროების დაფინასება ცალსახად ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა და მასზე ადგილობრივი, მწირი ბიუჯეტის პირობებში თანხის გაწევა არამოზნობრივ ხარჯვას ნიშნავს" ––- აცახდებს მურღულია.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ დავით ნარმანიას შეფასებით კი სხვა თვითმმართველობის მსგავსად, ფოთშიც ბიუჯეტის პროგზანოზირების მეთოდოლოგია არ არსებობს.

ექსპერტის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პირველი კვარტლის შეუსრულებლობას წინასწარ გაუთვალისწინებელი ტრანსფერებისა და დახმარებების მიღების შემდგომ, წლის ბოლოს "გაასწორებს" და რეალურად მიღებულ შემოსავლებს მოარგებს. „შედეგად ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება ხორციელდება, ხოლო წლის ბოლოს ხდება ფაქტობრივად ბიუჯეტის კორექტირება და დაგეგმილთან მიახლოება, რაც ბიუჯეტის ვირტუალური შევსება უფროა, ვიდრე რეალური," – აცხდებს ნარმანია.

მიწის გაყიდვიდან არარსებულ შემოსავალს ექსპერტი დაბალ ეკონომიკურ და საინვესტიციო აქტივობას უკავშირებს. „ვინაიდან თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რეალურად არ ამოქმედებულა, ინვესტორების მხრიდან არსებობს შეუსრულებელი ვალდებულებები და ა.შ. ეს ყველაფერი მოქმედებს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე და შესაბამისად, დაბალი საინვესტიციო აქტივობის შედეგად, თვითმმართველობა დაგეგმილი მოცულობით მიწის გაყიდვიდან შემოსავლებს ვერ იღებს," -აცხადებს ექსპერტი.

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED