ზუგდიდის ბიუჯეტის „სწორად“ შერჩეული პრიორიტეტები

2011.12.23 ავტორი: პაატა ლაგვილავა

2012 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 20 მილიონ 331 ათას ლარს შეადგენს, რაც გასულ წელს მიღებულ ბიუჯეტზე 6 მილიონი ლარით მეტია. გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, სოციალური პროგრამების ხარჯები უმნიშვნელოდაა გაზრდილი ხელფასებთან და სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებთან შედარებით.

ამასთან, ბიუჯეტის საჯარო განხილვა არ მომხდარა.

გაზრდილი ხელფასები და ხარჯები 


2012 წლის ბიუჯეტის პროექტში, გამგეობის აპარატის დაფინანსება 212 ათასი ლარითაა გაზრდილი და სულ 2 მილიონ 245 ათას ლარს შეადგენს.  აქედან 132 ათასი ლარითაა გაზრდილი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაა.

 

გამგეობისათვის გამოყოფილ თანხებში ასევე გაზრდილია  „საქონელი და მომსახურეობისა“ და “სხვა ხარჯების“ მუხლი.

 

ბიუჯეტში წინასწარაა განსაზღვრული პრემიებისთვის გამოყოფილი თანხაც. ხელფასს გათანაბრებულ პრემიას, ადგილობრივი ხელისუფლება, უკლებლივ ყველა თანამშრომელზე წელიწადში 5-6 ჯერ ყოველწლიურად გასცემს, რაც ბიუჯეტს ყოველ ჯერზე დაახლოებით 60 ათასი ლარი უჯდება.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პრემიის წარამარა აღების შესაძლებლობა კანონის მანკიერი ფორმაა და თავად კანონშია ჩადებული კორუფციული ელემენტები.

 

 - „პრემია არის წამახალისებელი ღონისძიება და ის არანაირი ლოგიკით არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობის“, - ამბობს კორძაია და აღნიშნავს, რომ პრემიებთან დაკავშირებით ქვეყნაში ქაოსია და ეს ქაოსი აუცილებლად კანონით უნდა დარეგულირდეს.

 

გამგეობის მსგავსად, ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 27 ათასი ლარითაა გაზრდილი და 310 ათას ლარს შეადგენს.

 

გამგეობისგან მიღებული წერილი

გამგეობისგან მიღებული წერილი

ხელფასების ზრდას ზუგდიდის გამგეობა კავშირგაბმულობის, კომუნალური და დაცვის მომსახურეობის ხარჯების გადიდებით, ასევე სოფლის რწმუნებულებისა და სპეციალისტებისათვის ხელფასების „მოსალოდნელი გადიდებით“ ხსნის. ხარჯების ზრდას ასევე, ახალი შემოსავლების სამსახურის შექმნასა და საწვავზე ფასების ზრდასაც უკავშირებს. თუმცა, შარშან დეკემბერთან შედარებით საწვავზე ფასები არ გაზრდილა.

 

ბიუჯეტი და საარჩევნო წელი


მომავალი საარჩევნო წლის ბიუჯეტში 60 ათასით, ანუ 40%-ით იზრდება სარეზერვო ფონდი.

 

ბიუჯეტის პროექტში 285 ათასი ლარითაა გაზრდილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, ხოლო 172 ათასი ლარით იზრდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

 

სარჩევნო წელს, ადგილობრივი მთავრობა ანდრეა დადიანი სკულპტურის გახსნასაც გეგმავს, რომლიც ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიდგას. პროექტის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს.

 

ამდენივეა გამოყოფილი „ზუგდიდის შემოსასვლელის გალამაზებისთვის“. როგორც ცნობილია, ამ თანხით ადგილობრივი მთავრობა, ზუგდიდის შემოსასვლელთან მდებარე კერძო სახლების გარე ფასადისა და ჭიშკრების შეღებვას გეგმვს.

 

-„ხელფასებისა და ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხების, საწვავისთვის, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის, ასევე სოციალური პროგრამების დაფინასებისათვის გამოყოფილი თანხების ზრდა, შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ერთ რამეს -  2012 წელს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ეს თანხები წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენოს,“- ამბობს ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი, დავით ნარმანია.

 

მოქალაქეების ინიციატივის იგნორირება


სტუდენტებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათის გამოყოფის მოთხოვნით, საკრებულოს არაერთჯერ წერილით მიმართეს ზუგდიდში არსებული უმაღლესეი სასწავლებლების სტუდენტებმა. ერთობლივ განცხადებაში ისინი მგზავრობის თანხის განახევრებას ითხონენ. წერილის ერთ-ერთი ავტორი, ესმა გაბისონია tspress.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ ამ მოთხოვნაზე პასუხი არავის გაუცია. მისი თქმით, საქართველოში პრივილეგირებული ქალაქები არ უნდა არსებობდეს, თუ დედაქალაქში სტუდენტები შეღავათებით სარგებლობენ, დანარჩენ საქართველოშიც ასევე უნდა იყოს.

 

ზუგდიდის უმაღლეს სასწავლებლებში  სულ 5 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ქალაქის ტერიტორიაზე 40 თეთრს, სოფლებიდან კი 1-1,5 ლარს შეადგენს.

 

საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გელა თოლორაია აცხადებს, რომ ეს საკითხი მუნიციპალური ტრნსპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად შესწავლილ იქნა და მისი თქმით, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის შეღავათის დაწესება ზუგდიდის ბიუჯეტს, ჯერჯერობით, არ შეუძლია.

 

-„საუბარია 150-160 ათას ლარზე, რის საშუალებასაც ზუგდიდის ბიუჯეტი არ გვაძლევს“, - აღნიშნა თოლორაიამ tspress.ge-სთან საუბარში.

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მუნიციპლურ ტრანსპორტზე შეღავათებისთვის ბიუჯეტში მიმდინარე წელს, 10 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მის ათვისება არ მომხდარა და სოციალურად დაუცველებს შეღავათით არ უსარგებლიათ. აღნიშნული ხარჯი, აღნიშნული მუხლიდან ამოიღეს და თანხა სოფელ ხურჩისთვის ტრანსპორტის გამოყოფას მოხმარდა. მაშინ საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოადგილე რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ თანხის ათვისება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ვერ მოხერხდა და ცვლილების შეტანაც ამიტომ გახდა აუცილებელი.  

 

დავით ნარმანიას განმარტებით ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეთა ინიციატივა უნდა განეხილა.

 

- „თბილისს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების დაწესების კარგი გამოცდილება აქვს და მის მაგალითზე თავისუფლად შეიძლებოდა ემოქმედათ, მით უმეტეს მაშინ, თუ ეს თანხა არსებობს. ეს თანხა, რომ არსებობს იმანაც აჩვენა, რომ გაზრდილია გამგეობის ხარჯები და ხელფასები,“- ამბობს ექსპერტი.

 

Happy end - ბედნიერი დასასრულისკენ


ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი გამგეობამ საკრებულოს შესწორებებისთვის წარუდგინა.

 

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, წარდგენილი ბიუჯეტის განხილვა კომისიებსა და ფრაქციებში მიმდინარეობს და მას უახლოეს მომავალში მიიღებენ. თუმცა, თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

 

კანონის შესაბამისად, ადგილობრივმა საკრებულოებმა ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცონ.

 

2011 წლის ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცების დროს 13,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შემდეგ კი სახელმწიფო სუბსიდიების და გრანტების გამოყოფით  41 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

 

 

 

 

 

Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED