ფოთის საკრებულო VS ორგანული კანონი

2011.12.19 ავტორი: ნინო თუნთია

ფოთის საკრებულოს წევრები ბიუჯეტიდან  ხარჯების ანაზღაურებას იღებენ, რაც  ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს, რომლის თანახმადაც, საკრებულოს წევრებს ანაზღაურება არ ეძლევათ.

დეპუტატების  მუშაობისთვის აუცილებელი პირობებისთვის, ბიუჯეტი, ყოველწლიურად ისედაც  ასობით ათას ლარს ხარჯავს.

აღნიშნული კანონდარღვევის გამო, შევარდნაძის პერიოდში, ბიუჯეტმა ათასობით ლარი იზარალა, რაც შემდეგ საგადასახადოს მიერ დაკისრებული ჯარიმითაც გაიზარდა, ხოლო საკრებულოს ორ ექს-თავმჯდომარეზე ბიუჯეტის სახრების უკანონო ხარჯვის გამო, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუმცა, მანკიერი პრაქტიკა დღესაც გრძელდება.

ქმედების კანონიერებაზე დასმულ კითხვებს,  საკრებულოს ხარჯების ყოველწლიურად ზრდით პასუხობენ.

ფოთის საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები 2012 წლის ბიუჯეტიდანაც აუნაზღაურდებათ.

 

საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შამუგია ამბობს, რომ ბიუჯეტში ამ მიზნით ჩასმული თანხის ოდენობა, მიმდინარე წელს დახარჯულ 70 000 ლარს არ გადააჭარბებს.

 

დეპუტატებისათვის ცალკეული ხარჯების ანაზღაურებაზე დადგენილება, საკრებულომ მიმდინარე წლის ივლისში მიიღო.

 

-„ხარჯების ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია დეპუტატის  საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობაზე, ამომრჩეველთან შეხვედრებზე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებაზე,“-წერია საკრებულოს დადგენილებაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარის  ხარჯების ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 600 ლარია გამოყოფილი. თავმჯდომარის  ორ მოადგილეს საკრებულოს სხდომებსა და სხვა ორგანოებში მონაწილეობისათვის - 550 ლარი და ამომრჩეველთან შეხვედრისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებების შესრულებისათვის დამატებით 250 ლარი ეძლევათ.

 

კომისიის თავმჯდომარეები (სულ 5 კომისიაა) და ფრაქცია  „ნაციონალების“თავმჯდომარე  500 ლარსა და დამატებით 220 ლარს იღებენ. საკრებულოს სხვა წევრები  კი, 400-ს  და დამატებით, 170 ლარს.

 

ამასთან ხელფასებს იღებენ : საკრებულოს თავმჯდომარე(1800ლ ), თვმჯდომარის პირველი მოადგილე (1500ლ), მოადგილე (1200ლ), კომისიის თავმჯდომარეები (710ლ).

 

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ოთარ კონჯარია განმარტავს, რომ საკრებულოს წევრის საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის და ეს კანონში ცალსახადაა  მითითებული.

 

-„საკრებულოს თანამდებობის პირების გარდა, საკრებულოს წევრებს ანაზღაურება არ ეძლევათ, საზოგადოებრივ საწყისებზე არიან. უფლებამოსილების განხორციელების ხარჯები, ეს ძირითადად, საკომუნიკაციო და საწვავის და ამომრჩეველთან შეხვედრის ხარჯებია, რომელსაც ანაზღაურებენ ბიუჯეტიდან,“-აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, საკრებულოს სხდომებსა და კომისიის სხდომებში მონაწილეობა და აქტიურობა ანაზღაურების მიღების საფუძველი არაა, რადგან ეს ისედაც საკრებულოს წევრის მოვალეობა და ვალდებულებაა. 

 

ორგანული კანონის 32–32(1) მუხლების მიხედვით, საკრებულოს წევრი უფლებასმოსილებას ახორციელებს სამსახურეობრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.

 

- „ანაზღაურების მიღება იმ საქმიანობისათვის, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა,  კანონის ფარგლებს სცილდება,“-აცხადებს კონჯარია.  

 

საკრებულოს „დე ჟავუ“

საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აღებული ე.წ. „კომპენსაციებით“, თვითმმართველებმა კანონის იმ მოთხოვნას აუარეს გვერდი, რომლითაც საკრებულოს წევრი საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს. საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძის განმარტებით, კომპენსაციების მიღების საშუალებას მათ მოქმედი ორგანული კანონი აძლევს და ფოთი გამონაკლისი არ არის.

 

მსგავსი გადაწყვეტილება ფოთის საკრებულომ შევარდნაძის მმართველობის დროსაც მიიღო. 2000 წელს, საკრებულოს წევრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხებს კომპენსაციის სახით იღებდნენ.

 

თანხის ბიუჯეტიდან გაცემა საკრებულოს წევრებს, მხოლოდ 2004 წელს, ფოთის მერად ვახტანგ ალანიას დანიშვნის შემდეგ შეუწყდათ, როცა მან ბიუჯეტში კომპენსაციებისათვის თანხის ჩასმაზე უარი თქვა.

 

ალანიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ (ის დააპატიმრეს),  თანხების გაცემა ისევ განახლდა.

 

მოგვიანებით, კონტროლის პალატის აქტის მიხედვით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე საკრებულოს იმჟამინდელ თავმჯდომარის, თემურ წურწუმიას და ყოფილი თავმჯდომარის, მოგელი ტყებუჩავას წინააღმდეგ აღძრა, კომპენსაციების დანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობისა და ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალისათვის.

 

მოგელი ტყებუჩავა tspress.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საქმე, კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარეების ან წევრების წინაღმდეგ კი არა,  „ზოგადად იყო აღძრული“ და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაიხურა, რადგან, მისივე თქმით, „კომპენსაცია  არის სუბიექტის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ხელფასი კი, შრომის კანონმდებლობით გაწეული საქმიანობისთვის განსაზღვრული გასამრჯელოა.“

 

ამჟამად ფოთის მაჟორიტატი დეპუტატი თემურ წურწუმიაც იმავეს ამბობს. ბრალდება მასაც მოხსნილი აქვს.

 

-„მაშინდელი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს რეესტრში იყო გატარებული და ვერ იქნებოდა უკანონო. თუ მას  არ გაგვიტარებდნენ, ან მოგვედავებოდნენ, მაშინ სხვა ვითარება იქნებოდა,“-აცხადებს ის.

კომპენსაციების გამო დაბეგრილი ბიუჯეტი

2005 წელს,  გაცემული კომპენსაციებით  საგადასახადო დაინტერესდა და საკრებულოს წევრების მიერ მიღებული კომპენსაციებიდან საშემოსავლო გადასახადი მოითხოვა.

 

მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის, ვასიკო თოდუას თქმით, ბიუჯეტმა საგადასახადოს 2006 წლის დასაწყისში, ძველი დავალიანებისა და ჯარიმის სახით, 67 000 ლარი გადაუხადა.

 

-„იმ პერიოდში, როცა საკრებულოს წევრები კომპენსაციებს იღებდნენ, კანონმდებლობით კომპენსაციიდან საშემოსავლოს გადახდა გათვალისწინებული არ იყო,“-ამბობს წურწუმია.

 

აუდიტი ირაკლი შავიშვილი აცხადებს, რომ  ანაზღაურება, რომელიც დაქირავების შედეგად არის მიღებული ითვლება ხელფასად, მნიშვნელობა არა აქვს მას კომპანსაციას დავარქმევთ, ხელფასს თუ სხვა რამეს. მისი თქმით, ეს ანაზღაურება უნდა დაბეგრილიყო.

 

-„სახელმწიფო ორგანოები და გნებავთ თვითმმართველობის ორგანოები, ხელფასების გაცემისას გადასახადების გადაუხდელობისას, რა თქმა უნდა, დაჯარიმდებიან.  თუკი კანონით გამონაკლისები არ იყო დაშვებული, საგადასახადოს, მოთხოვნა სამართლიანია“,-აცხადებს შავიშვილი.

 

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ნარმანია განმარტავს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი 2005 წლიდან ამოქმედდა და მასში შესული ცვლილების საფუძველზე, მხოლოდ სოციალური გადასახადი მოიხსნა. შესაბამისად, საგადასახადო უწყების მოთხოვნა კომპენსაციებიდან საშემოსავლოს დაქვითის შესახებ სრულიად კანონიერი იყო.

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ზვიად როგავაც ადასტურებს, რომ საკრებულოს წევრების მიერ აღებული კომპენსაციების დაბეგვრა ჩვეულებრივად უნდა მომხდარიყო, ერთი გამონაკლისით, თუ მისი გაცემა არ ხდებოდა ერთჯერადი დახმარებებისა და ერთჯერადი განაცემების სახით ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში, ეს თანხები გაწერილი უნდა ყოფილიყო ბიუჯეტში ერთ-ერთ მუხლად.

 

                                                     რა უჯდება ფოთის ბიუჯეტს საკრებულოს კომპენსაციები

მიმდინარე  წლის ქალაქის ბიუჯეტში საკრებულოს ხარჯებისათვის 504 600 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელთან  შედარებით, თანხა 100 000 ლარითაა გაზრდილი.  ამ თანხას სექტემბრიდან საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურება, ე.წ. კომპენსაციებისთვის 70 000ლარი დაემატა.

 

საკრებულოს ხარჯები გაზრდილია 2012 წლის ბიუჯეტშიც და 600 ათას ლარს აღემატება.

 

მიმდინარე წლის 9 თვეში, ფოთის ბიუჯეტმა 5 მლნ-იანი დეფიციტი მიიღო. ამის გამო, თანხები პრიორიტეტად გამოცხადებულ ინფრასტრუქტურის სამუშაობს მოაკლდა.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, საკრებულოს წევრები საქმიანობისათვის, რომლისთვისაც კანონი ანაზღაურებას არ ითვალისწინებს, თანხებს მაინც მიიღებენ, ფოთის ბიუჯეტიდან, რომლის შესრულებაც, ბოლო რამდენიმე წელია, ადგილობრივი ხელისუფლების უცვლელი პრობლემაა.

 

 

 

 

 

 

 

Funded through Democracy Commission Small Grants
Program, the U.S. Embassy in Georgia
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED