ყინულის მოედნების „კარუსელი“

2011.07.21 ავტორი: სოფო ხუბულავა

Image 72

ყინულის მოედანი

ზუგდიდში, მესტიაში, ბათუმსა და ქუთაისში ახალი ყინულის მოედნების აშენება იგეგმება. ყინულის მოედნები ოთხივეგან უკვე არსებობდა, თუმცა, tspress.ge -ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მათი ადგილმონაცვლეობა, ზოგან კი ახლის აგება იგეგმება. ბათუმის ყინულის მოედანი ზუგდიდში გადააქვთ, ზუგდიდისა-ქუთაისში, ხოლო სად წაიღებენ ქუთაისისა და მესტიის ყინულის მოედნებს, ჯერჯერობით, უცნობია. მესტიაში მოედნის დემონტაჟი უკვე მოხდა. გადატანა-გადმოტანისა და დემონტაჟის მიზეზებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ განმარტავენ.

რეგიონებში ყინულის მოედნების მშენებლობის ბუმი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ იდეის განხორციელება ბიუჯეტს ზუგდიდში -1,4 მლნ ლარი, ბათუმში -1,5 მლნ. ლარი, მესტიაში -230 ათასი ლარი, ხოლო ქუთაისში – 500 ათასი ლარი დაუჯდა.

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ზუგდიდში, ყინულის ახალი მოედნის შესაძენად, მიზნობრივი ტრანსფერიდან 500 ათასი ლარი გამოიყო. კიდევ რამდენი დაიხარჯება ყინულის ახალი მოედნის მშენებლობაზე, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსლან კილასონიას განმარტებით, ახალი მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მისივე თქმით, ზუგდიდის ყინულის მოედანი უკვე ქუთაისს გადაეცა. 2007 წელს აშენებული ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

Image 73

სააკაშვილი ყინულის მოედანზე

ზუგდიდიდან ქუთაისში ყინულის მოედნის გადატანის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ," ქრისტიან-დემოკრატმა", დავით დვალმა tspress.ge-სგან შეიტყო.

„ქუთაისში უკვე არის ერთი მოედანი, რომელზეც 500 ათასი დაიხარჯა. ამ მოედნების გადატანა-გადმოტანაში ლოგიკას ვერ ვხედავ. თავის დროზეც მისი მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან გართობა კარგია, მაგრამ ქუთაისში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი,"-აცხადებს დვალი.

ბათუმში, ყინულის მოედანი, გოგებაშვილის ქუჩაზე, ჯერჯერობით, დგას. მის ასაგებად სახელმწიფო ტრანსფერიდან 1,5 მლნ. ლარი გამოიყო. "მოსახლეობას დავპირდი, რომ ყინულის მოედანს ბათუმშიც გავხსნიდით. აქ უფრო დიდი და უკეთესი მოედანი გაკეთდა, ვიდრე თბილისში. ისიც ვთქვი, რომ მსგავს მოედანს ზუგდიდსა და ქუთაისშიც გავხნიდით და ეს დაპირებაც კარგად მახსოვს. ყველაფერს, რასაც ხალხს და, მათ შორის, საკუთარ თავს ვპირდებით, ვასრულებთ კიდეც", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს, ბათუმის ყინულის სახლის გახსნისას.

„ტვ25"-ის მიერ, ჯერ კიდევ გასული წლის ზამთარში გავრცელებული ინფორმაციით, მოედანი შესაძლოა, ზუგდიდში გადაიტანონ. აღნიშნული განცხადება ადგილობრივ ტელევიზიასთან სასახლის დირექტორმა, ჯემალ თაფლაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით გააკეთა. მისი იმჟამინდელი განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სახლის აშენება ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, არსებული გასაბერი გუმბათი ზუგდიდში გადატანით არ დაზიანდება.

Image 74

ყინულის მოედანი

„ლეიბორისტული პარტიის" ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ახალი ყინულის მოედნის აშენება არ იგეგმება. „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდში, ბათუმის ყინულის მოედნის გადატანა იგეგმება. ჩვენთან სანაცვლოდ, ოლიმპიური სტანდარტის მოედანი აშენდება,"- განაცხადა tspress.ge-სთან საუბარში, ორგანიზაციის ლიდერმა, დავით რობაქიძემ, რასაც ზუგდიდის გამგებლის მოადგილე არ ადასტურებს და ინფორმაციას „ჭორს" უწოდებს, მაგრამ, მისი მტკიცებით, ახალი მოედანი ბათუმის ყინულის მოედნის მსგავსი იქნება.

მესტიაში კი, ხელისუფლებამ ყინულის მოედანს ერთხელ ადგილი შეუცვალა, ახლა კი, მესტიის ცენტრში სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროების მშენებლობის გამო, მისი დემონტაჟი განახორციელა. სად გადაიტანენ ან სად წაიღებენ მესტიის ყინულის მოედანს, ჯერჯერობით, უცნობია.

Image 75

ყინულის მოედანი

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ფოთის მერის გადადგომას?

Voted: 0

NED