ფოთის საჯარო მოხელეთა პრემიები სოციალური პროგრამების ხარჯებს ორჯერ აღემატება

2011.09.13 ავტორი: იზა სალაყაია


Image 68

საკრებულოს სხდომა

ფოთის საჯარო მოხელეებზე ერთ ჯერზე გაცემული პრემიის ოდენობა, ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამის წლიურ დაფინანსებას უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პრიორიტეტად ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროს ასახელებს, მიმდინარე წელს გაცემული პრემიები და ფულადი ჯილდოები, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისათვის გათვალისწინებულ მთლიან თანხას ორჯერ აღემატება.

მიმდინარე წელს, 330 ათასი ლარის ოდენობის პრემიები და ფულადი ჯილდოები ფოთის ბიუჯეტიდან უკვე ოთხჯერაა გაცემული. შეჭირვებულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისათვის და სტაციონალური (გადაუდებელი ოპერაციები და მკურნალობა) მკურნალობისათვის, ჯამში 165 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან შეჭირვებულ მოსახლეზე ფულადი დახმარება ლიმიტირებულია. ბიუჯეტი სრულად ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯს არ აფინანსებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თანხის მაქსიმალური ოდენობა-500, ხოლო იშვიათ შემთხვევაში-1000 ლარია და ისიც ერთჯერადად, რაც მკურნალობის ხარჯებთან შედარებით, მიზერულია.

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებით, „თანამშრომელი, რომელიც ყავის სმის გარდა, სანახევროდ არაფერს აკეთებს, პრემიას ვერ მიიღებს", თუმცა, თვითმმართველობის ყველა თანამშრომელი პრემიისა და ფულადი ჯილდოს სახით „დახმარება-წახალისებას", გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა დღესასწაულებზე წელსაც იღებს.



Image 69

საჯარო მოხელეები

მიმდინარე წელს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებით, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თანამშრომლების ფულადი წახალისება ადგილობრივ ბიუჯეტს 105 ათასი ლარი დაუჯდა. 107 ათასი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან აღდგომის დღესასწაულზეც. საჯარო მოხელეებმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 105 ათასი ლარის ოდენობის პრემია მიიღეს. 11 ათასი ლარის ფულადი ჯილდო – ხელფასის ორმაგი ოდენობა კი, მიიღო 17-მა საჯარო მოხელემ, მათ შორის, სატენდერო კომისიის წევრებმა, მერის მოდგილემ, მერის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში, სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა, ასევე სატენდერო კომისიის აპარატის წევრებმა.

გასული წლების ტრადიციის მიხედვით, საჯარო მოხელეები ამავე ოდენობის პრემიებს, სავარაუდოდ, საახალწლოდაც მიიღებენ.

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე და 74 -ე მუხლი და „ორგანული კანონის" 39-ე მუხლის მიხედვით, წახალისების ფორმები სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვისაა გათვალისწინებული. ასევე კანონის თანახმად საჯარო მოხელეს ხელფასზე დანამატი ნამსახურევი წლების მიხედვით უნდა ეძლეოდეს და არა განურჩევლად ყველას, თანაც პრემიის სახით.

რა დამატებითი, განსაკუთრებული სირთულის სამუშაოები განახორციელეს საჯარო მოხელეებმა, ბრძანებებში განმარტებული არ არის, დასმულ კითხვებს კი, პასუხისმგებელი პირები არ პასუხობენ.

თუკი ხელისუფლება საკუთარი თანამშრომელბისთვის პრემიების დარიგებისას გულუხვია, სხვა პრინციპი მუშაობს სოციალური დახმარებების გაცემისას. აქ თანხა არასოდესაა საკმარისი უსახსრობისა და ავადმყოფობის გამო ბიუჯეტის იმედად დარჩენილი უმწეოსთვის და ის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით სრულფასოვან მკურნალობას ვერ ჩაიტარებს.

მაგ, მერიას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის საჭიროებით, ონკოლოგიურმა პაციენტმა, 47 წლის ნანი დოლბაიამ მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურს მიმართა. მისი თქმით, მას ოპერაციის შემდეგ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით თანხის ანაზღაურებას დაპირდნენ. ნასესხები თანხით გაკეთებული ოპერაცია 2000 ლარამდე დაჯდა, რის შემდეგაც მას დაპირებული თანხის ნაცვლად, მხოლოდ 600 ლარი აუნაზღაურდა.

ოპერაციის შემდგომ პაციენტს ქიმიოთერაპიის 5 კურსი დაენიშნა. კურსის ღირებულება 600 ლარია. წელიწადში დახმარების მხოლოდ ერთხელ გაცემის მიზეზით, მას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გადაუდებელი მკურნალობისთვის საჭირო თანხის გამოყოფაზეც უარი ეთქვა.


Image 70

ნანი დოლბაია

ნანი დოლბაია აფხაზეთიდან დევნილია. ის ფოთში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს. სოციალური მომსახურეობის სააგენტომ ის შეჭირვებულად არ მიიჩნია და ჯანმრთელობის პოლისიც არ მისცა.-„ოჯახში დასაქმებული მხოლოდ მე ვიყავი. ახლა ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩვენი საცხოვრებელი პირობები ბოლო წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა, მაგრამ სააგენტომ შეჭირვებულად მაინც არ მიგვიჩნია,"- განაცხადა tspress.ge- თან საუბრისას დოლბაიამ.

ადგილობრივ ბიუჯეტიდან ონკოლოგიური დაავადების პროგრამა არ ფინანსდება. „ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით" დაავადების მკურნალობის ხარჯების 70%-ს სახელმწიფო მხოლოდ მეოთხე კლინიკური ჯგუფის შემთხვევაში ანაზღაურებს. ამ შემთხვევაში, აღნიშნული მოქალაქე ვერც ამ პროგრამაში მოხვდება.

შეჭირვებულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი დახმარებები მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს, რის გამოც, პაციენტი იძულებულია მკურნალობა გაწყვიტოს. მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსის, ვიოლა ჯღამაძის განმარტებით, გასაცემი თანხის ლიმიტი და ოდენობა დაწესებული არაა, თუმცა, თითო ბენეფიციარზე წელიწადში ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხას არ გასცემენ. „გვინდა პროგრამით უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს,"- აცხადებს ჯღამაძე.

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას თქმით, „სამწუხაროდ, ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამების თანხები გარკვეულ ჩარჩოებშია ჩასმული. თანხის წინასწარ განსაზღვრული ოდენობა თვეების და კვარტლობის მიხედვით ნაწილდება, შესაბამისი კომისია მსჯელობს ამა თუ იმ პროგრამიდან რა თანხის გაცემა შეუძლიათ, რაღაც პარიტეტი უნდა დაიცვან, რომ გამომხტარი ციფრები არ იყოს. ზოგჯერ ეს თანხა ყოფნის, ზოგჯერ – არა და ნაწილობრივ აკმაყოფილებენ."

საბიუჯეტო ექსპერტის, დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით პირველ პრობლემად ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დასაფინანსებელ პროგრამებს შორის მკაფიო გამიჯვნის არარსებობას ასახელებს. „არ არსებობს მინიმალური სტანდარტები და ლიმიტები, რაც შესაძლოა, აუნაზღაურდეს მოქალაქეს, ამიტომაც, ყველა თვითმმართველობაში დაფინანსების პრაქტიკა ძალზე განსხვავებულია და ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებებამდე დადის; მეორე პრობლემაა დაფინანსების მოცულობა: არ არის სტანდარტები დადგენილი, ადგილობრივი თვითმმართველობები (რადგანაც უფლებამოსილება ცენტრისაა ძირითადად) მხოლოდ მიზერულ თანხებს ითვალისწინებენ ბიუჯეტში და ზოგ შემთხვევებში, თანხები ბიუჯეტის ამ მუხლებში წლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში იწურება. რაც შეეხება, „პროგრამით ბევრი ადამიანის სარგებლობას,"არ არის გამართლებული. სოციალური დაცვა და მკურნალობა ისეთი სექტორებია, სადაც თანხის ნაწილობრივ (არასრულ) ხარჯვას შედეგი ვერ მოაქვს, განსხვავებით გზის დაგებისაგან, სადაც შესაძლოა, ერთ წელს ნაწილობრივ დააგო გზა და მეორე წელს გააგრძელო მისი დაგება. შეუძლებელია იმკურნალო ნახევრად ან ოპერაცია გაიკეთო სანახევროდ".

პირველ და მეორე კვარტალში, ბიუჯეტის შესრულებას დაახლოებით მილიონამდე ლარი დააკლდა, გასული წელი კი – 3,3 მილიონი ლარის დანაკლისით დასრულდა. არის თუ არა პრემიები შეუსრულებელი ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯი, ამაზე მერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბრძანებებს საკრებულოს თავმჯდომარე ადგენს. „მე მიმიაჩნია, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასი ძალიან დაბალია. ისე, არაფრისმკეთებელ თანამშრომლებიდან სამსახურებს ვწმენდთ, პროცესი ახლაც მიმდინარეობს,"- განაცხადა ლემონჯავამ. თუმცა, თუ არ ჩავთვლით, მერიის ორი სამსახურის უფროსის გამოცვლას, თანამშრომელთა დათხოვნის ნაცვლად, მიმდინარე წელს, მერიამ დამატებით 21 თანამშრომელი აიყვანა. სულ ადგილობრივ თვითმმართველობაში(მერია, საკრებულო) 275 ადამიანია დასაქმებული.

ექსპერტი, დავით ნარმანია პრემიების გაცემასთან დაკავშირებული საკითხებს პრობლემურად და არასამართლიანად მიიჩნევს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით საქართველოს პარლამენტი უფლებას აძლევს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ხელფასზე დანამატები გასცენ არსებული სახელფასო ფონდის ფარგლებში (არ გასცდნენ მას), მაგრამ არ უწესებს ლიმიტებს (ზღვრებს), რის გამოც თვითმმართველობები (საკრებულოები) ამტკიცებენ მაღალი მოცულობის შრომის ანაზღაურების მუხლს და ამ ასიგნებებიდან გასცემენ მერე სხვადასხვა ფორმით პრემიებს. „ერთია, რომ კანონმდებლობა არ აწესებს ზღვრებს და თვითმმართველობებს აძლევს გარკვეულ თავისუფლებას, მაგრამ მეორეა მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე,"-აცხადებს ნარმანია. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწესებული სახელფასო ბადე (მაქსიმალური ხელფასების მოცულობა) თვითმმართველობის საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებისათვის ნამდვილად დაბალია და ის გადახედვას საჭიროებს.

Image 71

Image 71

 

Funded through Democracy Commission Small Grants

Program, the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED