ფოთი, ფაზისი, მერი, ხოხობი, გერონტი და იგივენი

2016.12.16 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

ფოთი თუ ფაზისი? - ეს კითხვა აწუხებთ ფოთის მმართველებს, როცა ქალაქში პორტი გაჩერებულია და ხალხი უმუშევარი დარჩა. მანამდე ბევრი შეამცირეს. გემები ვერ შედიან, ვერც გამოდიან. ზარალი კოლოსალურია. რამდენიმე თვეა ტვირთბრუნვა კატასტროფულად დაეცა. ეს ნიშნავს, რომ ის ტვირთები საქართველომ დაკარგა და სხვაგან წავიდა, ქვეყანამ შესაბამისად დაკარგა შემოსავალი, ადამიანებმა ხელფასი და სარჩო. ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია, ლარი გაუფასურებული. 

კრიზისი დღეს არ დაწყებულა, ტვირთბრუნვა გასულ წელსაც თითქმის 1,8 მლნ ტონით იყო შემცირებული. თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არაფერი უღონიათ.

 

ყველაფერ ამის ფონზე, ადგილობრივ ხელისუფლებას საქმე გამოუჩნდა - ფოთს ისტორიული სახელი ფაზისი დაუბრუნდეს. ფაზისის დარქმევასთან დაკავშირებულ საკითხზე მერის აღტაცებული კომენტარი დაახლოებით 2 წლის წინანდელია, მაგრამ თემა, როგორც ჩანს, ისევ მუსირებს, იკრიბებიან, მსჯელობენ ამ საკითხზე და წერილებს ცენტრში აგზავნიან. რამდენიმე თვის წინ პრემიერისთვისაც მიუწერიათ.  

 

ქალაქისთვის "ფაზისის" დარქმევას ითხოვენ მერთან დაახლოებული ე. წ. "ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი სათათბირო" და ფაზისის აკადემია, რომელიც პარტიის ფოთის აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარე გერონტი კუხალეიშვილისგან, ფოთის შევარდნაძისდროინდელი მერის - ნუგზარ ნადარაიასგან და მათი სანათესაო-სამეგობრო წრისგან, ძირითადად, იმდროინდელი პარტიული ფუნქციონერებისგან და მათი შთამომავლებისგან შედგება. 

 

"ქალაქისთვის მისი ისტორიული სახელის აღდგენა არის ჩვენი თანაქალაქელების არაერთი თაობის ოცნების ახდენა და საწინდარი ქვეყნის აღმშენებლობისა, წინსვლისა და საქართველოს გაბრწყინებისა"- წერენ ისინი პრემიერ-მინისტრს 8-გვერდიან წერილში, რომლის დასაწყისშიც ქალაქის "გულშემატკივრები" პრემიერს ესალმებიან "ფოთის მუნიციპალიტეტის საზოგადოების" სახელით. 

 

აღსანიშნავია, რომ ანტიკურ და უფრო გვიანდელ ხანაში ფაზისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა: დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა), არქეოპოლისი (ნოქალაქევი), სარაპანა (შორაპანი) კუტაია(ქუთაისი), აპსაროსი (გონიო), სურიუმი (ვანი), მაგრამ ეს მოცლილი ბატონები ასევე "დასაბუთებულად" ამ ტოპონიმების შეცვლას არ ითხოვენ რატომღაც.

 

როცა არ არსებობს ქმედების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა სახის ახსნა, აუცილებლობა თუ მიზანშეწონილობა, მხოლოდ სადღეგრძელოსავით მოწოდებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თურმე ადრე არსებობდა, დავუბრუნოთ და ამით გავბრწყინდებით, დემაგოგიაც აღარაა და სხვა სახელი ქვია. მით უფრო, იმ პრობლემების ფონზე, რაც ქალაქს გააჩნია, როცა არ არსებობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რეალური თვითმმართველობა, ქალაქის ბიუჯეტი უმიზნოდ და ყოვლად უყაირათოდ იხარჯება, უმუშევრობა გაიზარდა და არ არსებობს პერსპექტივა ზოგადად, რაც წლების მანძილზე, არასწორი და მავნებლური მართვის გამო შეექმნა ქალაქს, ტოპონიმის შეცვლა, სწორედ რომ "დროული" და "გონივრული" გადაწყვეტილებაა.

 

ერთადერთი, რაც ამ სახელის გადარქმევით შეიცვლება ამ ქალაქში მსგავს მმართველთა ხელში იქნება ის, რომ ნაცვლად ნიუსისა: ფოთის პორტი გაჩერებულია და ა.შ. წაიკითხება ასე: ფაზისში პორტი გაჩერებულია, უმუშევრობა გაიზარდა, ქალაქ ფაზისს დედა აღარ ყავს, მაგრამ როგორც გერონტი კუხალეიშვილი და მისი სასიქადულო თანამოაზრეები ამბობენ - ფაზისი გაბრწყინდება....

 .....

და მაინც, ერთი კითხვა არ მასვენებს: რატომ ფაზისი და არა პირდაპირ ხოხობი, როგორც ჯერ კიდევ კანდიდატობისას ბრძანა ამჟამინდელმა მერმა - მისი მტკიცებით, ფაზისი ხომ ხოხობია? 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED