ორ სამყაროს შუა

2016.11.08 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

სახლში დაბრუნებულს ორი დღე მიყურა ჩემმა ქმარმა და არ ვიცი, რის საფუძველზე, იქნებ, ჩემი წამიერი და მოულოდნელი გასუსვისა თუ გაყურსვის შემდგომ, რაც შთაბეჭდილებების მოწესრიგებისა და გადააზრების წერტილოვან პუნქტებად იქცა, იქნებ, იმის გამოც, რომ სახლში ავეჯი და ნივთები გადავაადგილე და ბევრი რამ აქამდე შეუმჩნეველი, დროის მცირედი დისტანციის შემოდგომ, მოვიცილე და შევასხვაფერე… 

რუტინას არიდებული მზერა უფრო მახვილია აშკარად, საგანთა ხასიათს, წესრიგსა თუ უწესრიგობას უკეთ ამჩნევს.


იქნებ, იმიტომაც, რომ ეს ორი დღეა, სულ საქართველოზე ვლაპარაკობ ფრაგმენტულად და სხვადასხვას, ამასთან, სიმულტანურად, გერმანიის ამბებსაც ვეკითხები პარალელურად. და ეს ყველა შინაარსი უსისტემო, მაგრამ ბუნებრივი თანაარსებობის პირობებში, გვერდიგვერდ მჟღავნდება ცნობიერებისა და აზროვნების ერთიან ნაკადში. ამის შემხედვარემ, ზოგადად, შესანიშნავმა დამკვირვებელმა, ღიმილით მითხრა: ორ სამყაროს შორის ხარო გაჭედილი. ჰმ, ახალი ამბავი!

 

სწორედაც რომ, აგერ, უკვე ათ წელზე მეტია, ორ სამყაროს შორის ვარ გაჭედილი, სადღაც შუაში, იმ საზღვარზე, სადაც ორი სივრცის შინაარსები იკვეთებიან, შედარების მუდმივ და გამალებულად დინამიურ რეჟიმში, როცა ერთი მხარე მეორის გააზრების ინსტრუმენტარიადაა ქცეული და პირიქით, ამასთან, საკუთარი თავის ავტონომიურად გაგების გზადაც. სადაც ორი ენობრივი და კულტურული სივრცის უნებლიე, ადრე მძიმე და ხშირად ძალადობრივი პროცესი, ახლა უკვე მშვიდობიანი სიმსუბუქის რეჟიმში გადასულა. და ცნობიერება ტრანზიტის მგზავრის მსგავსად, ერთი პუნქტიდან წამოსული, სადღაც შუაგულში მოხვედრილა, საბოლოო ადგილის მიღწევამდე. და სხვა მხრიდან მოძრავიც, ანალოგიურადვე შეყოვნებულა იმავე ადგილას ცენტრისკენული მიზიდულობის ძალით. 


სატრანზიტო აეროპორტი არც ერთს არ მიეკუთვნება და ამასთან, ორივესაც, ის სადღაც შუაშია და ორივესთან. სადღაც, გადაკვეთებისა და შეხვედრების მშვიდობიან სივრცეში, სადაც განსხვავებულობა და მიკუთვნებულობის სიმკაცრე და დაჟინებულობა იხსნება სხვასთან დაშვებული თანაზიარობის სიმსუბუქეში. სადაც ცნობიერებისა და მისი შინაარსების ვითომ თავისთავადი სიცხადე მკაცრი შემოწმებისა და განსაცდელის საცერში გაიცრება და ის, რაც რჩება, სულაც არ არის რაღაც ერთისათვის მიკუთვნებული შინაარსი, არამედ ის, რაც ყველასათვის გასაგებია. მე სატრანზიტო აეროპორტის მგზავრი ვარ. ქვეყნებისა და სივრცეების შეხვედრის მოწმე და მატარებელი. და სულაც არ მინდა ვიყო სადღაც ერთგან. მინდა ვიყო იმ ადგილას, სადაც ყველა გზა იკვეთება, სადაც ყველა გამოცდილება ადგილზეა. სადაც ადამიანი ხარ, მხოლოდ ერთისადმი მიკუთვნებულობის დაღის გარეშე.




ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED