არჩევნები - არსებობისათვის ბრძოლა

2016.10.17 ავტორი: ირაკლი შარაშიძის ბლოგი

მარნეული, საარჩევნო უბანი, ქვასროლია ჯეელები, აი ისინი, რუსთავი 2-ის ვერსიით, ჯერ რომ გაურკვეველი პირები (სხვა ვერსიით ხელისუფლებისგან მართული) იყვნენ, დაპატიმრების მერე კი ოპოზიციონერები აღმოჩნდნენ, ხელისუფლება თურმე რომ „ზეწოლას და შანტაჟს“ ახორციელებს, ადვოკატის მოთხოვნილი, ანუ განსასჯელთან შეთანხმებული 3000 ლარიანი გირაო. ბევრია საქართველოში ოჯახი, გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის ამდენი ლარი ჰქონდეს გადადებული? მაგრამ ეგ იქით იყოს, ახლა საარჩევნო მუშტიკრივის და ქვებისსროლის შესახებ...

ძალადობის თემა ყველა არჩევნებზე აქტუალური განხილვის საგანია მედიაში.


მოვუწოდებთ, ვანამუსებთ, ევროპელი დამკვირვებლებით ვაშინებთ, მაგრამ - კედელს ცერცვი, არ ჭრის, მაინც ამტვრევს თავპირს ერთმანეთს საარჩევნოდ „ერის მამების“ მხარდასაჭერად შეკრებილი როქის სპა და მოხალისეები. რაო, იდეები აწუხებთ? ნატოსა და ევროინტეგრაციაზე ფიქრობენ დღედა ღამე, თუ 37 მანეთიან ბილეთზე, რომელიც მათ უმრავლესობას თვალითაც არ უნახავს, ხოლო რუსულად სასტუმროს ანკეტასაც კი ვერ შეავსებს.


საქმე იმაშია, რომ არჩევნები არსებობისთვის ბრძოლად აქციეს. ჰო, არსებობისათვის ბრძოლად, პირდაპირი გაგებით, სავსე მაცივრის და გარდერობის დონეზე. ჩვენში ხომ არსებობის ყველაზე სტაბილურ წყაროდ პოლიტიკა და საჯარო სამსახურია ქცეული, თავისი გარანტირებული ხელფას-დანამატებით, აკეთებ საქმეს თუ არ აკეთებ, ბანკიდან მიღებული მობილური სმს-ით რომ გიხალისებს ყოველთვე ხასიათს.


ჰოდა აი თუ ვერ „ივაჟკაცებ“ როცა საჭიროა, ეს არაფერიც არ გექნება, ყლურწე მერე ნასესხები ფულით ლუდი სოფლის თუ უბნის ბირჟაზე და ელოდე შემდეგ არჩევნებს. აბა ბიზნესი არა, იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტი - არა, არც სამუშაო ადგილი არაა და ნახეს „გამოსავალი“.
არც იმათა აქვთ უკეთ საქმე, ვინც ამ ხალხს იყენებს.


პარლამენტში მოხვედრილებს, თუ ვერ გამოიჩინეს სათანადო ფხა, 4 წლის შემდეგ ისევ იქ და იმით რომ მოუწევთ წასვლა, საიდანაც და რითაც მოვიდნენ, ანუ არსად და არაფრით.


ვინც გაიმარჯვებს და ბარიერს გადალახავს ხომ კარგი, ვინც ვერა და, პარლამენტში ვერმოხვედრილი 3%-იანი „თავზეხელგადასასმელი“ პარტიებიც არსებობს. მათ წამახალისებელ ბონუსად 300 ათასიანი საბაზისო დაფინანსება ერგებათ დანამატებითურთ ფეშქაშად გამარჯვებულის სეფიდან. 4-5 კაციან პარტიას კი აცხოვრებს.
დანარჩენს ის, რაც „ჩვენს გოგიას“, ანუ ვირის თავ-ფეხი.


ამერიკაში "ჩამავალ მზის სხივებთან ერთად გამქრალ" (რა პოეტურია! იალოვიცის გამოთქმაა, ნაელჩარის) პოლიტიკოსყოფილებს წასასვლელი აქვთ. განათლება, გამოცდილება, კავშირები და მასშტაბური ხედვა აძლევს მათ ამის საშუალებას. ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ მათ თავს კერძო სტრუქტურები და დირექტორატში ადგილი გარანტირებული აქვთ. ჩვენს, თითო ჩემოდნით პოლიტიკაში მოსულ "მოღვაწეებს" (მთელი მათი ცხოვრება რომ ჩაეტია იმ ერთ ჩემოდანში) წასასვლელი თუ სადმე აქვთ, ისიც "მამა-მარჩენლებისგან" დაფინანსებულ არასამთავრობოებში, მისივე ნებართვით. და არა მარტო იმიტომ, რომ კვალიფიკაცია აკლიათ, მათი დამსაქმებელი კერძო სექტორიც თითქმის არ არსებობს. ამიტომაა რომ ღრღნიან ერთმანეთს.


ჰოდა ვანამუსოთ ახლა რამდენიც გაგვიხარდება. მაინც არ აგვცდება ცხვირპირის მტვრევის ცქერა მომავალ არჩევნებზეც.


პატივცემულო პოლიტიკოსებო და ამაზე მეოცნებენო! როგორც არ უნდა გაზარდოთ თქვენი მომხრეებით ბიუროკრატიული აპარატი, ოც-ოცი კუდის ამწევიც რომ დაუნიშნოთ ყველა გამგებელს, გაავსოთ ათასგვარი მარეგულირებელი კომისიები ნათესავებით, აქტივისტებით, კოორდინატორებით, ზონდერ-მაგარი ტიპებით, უმუშევრობას მაინც ვერ მოსპობთ, შესაბამისად სოციალური პრობლემებიც დარჩება და დაძაბულობაც. თქვენც შიშით დაელოდებით 4 წლის შემდეგ ახალ არჩევნებს.


ეკონომიკას მიხედეთ, რეალურს და არა საბიუჯეტო-ელიტარულსა და მონოპოლიურ-კარტელურს, რომ ხალხიც დაწყნარდეს და თქვენც გქონდეთ თავშესაფარი, თორემ ხომ იცით, „ქარის ქროლვას გავს მეფეთა წყალობა“. სხვათაშორის ამომრჩევლისაც.

 

მანამდე კი მოემზადეთ, ჰაჯიმე!!!!!

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED