არჩევანი მტრის წინააღმდეგ

2016.10.12 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

ქვეყანა ორიოდე დღის წინ მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შემდგომაც ინერციით განაგრძობს არსებობას ვნებათაღელვისა და გაუწონასწორებელი განწყობების ქაოსში, ინერციით ისევ განაგრძობს მსჯელობას, ნერვულ დაპირისპირებას, ერთი მხრიდან, იმედგაცრუებისა და აღშფოთების, გაურკვევლი მომავლის მოლოდინით, სხვა მხრიდან კი, გამარჯვების ყიჟინის ფონზე ყველა „სხვისა“ და მტრის წინააღმდეგ. 

არჩევნების წინ და უშუალოდ არჩევნების დროსაც, ემოციური განწყობებისა, თუ საარჩევნო პროცესების კონცეპტუალურად წარმართვის დონეზეც, უმთავრესი და ძირითადი შინაარსობრივი მახასიათებელი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან და ამასთან, ამომრჩეველთა დიდი სიჭრელის გამაერთიანებელი თავისებურებაც  გახლდათ არჩევანი „სხვის“, დაპირისპირებულის, მტრის წინააღმდეგ და არა არჩევანი „ჰოყოფითი“, ანუ ამორჩეულის თვისებებისა გამო.

 

ახლაც განმეორდა 2012 წლის არჩევნების პარადიგმა: ყველა ერთის წინააღმდეგ, როცა მოქმედი ხელისუფლების  წინააღმდეგ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდნენ  და ამომრჩეველიც სწორედ მტრის გასაძევებლად დაირაზმა და აიღო კიდეც ციხე-სიმაგრე .

 

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური კულტურა არ შეცვლილა ოთხი წლის შემდეგაც, ანუ პროგრესი სახეზე არ არის, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური აქტორის შემოთავაზებული სქემა ისევ მოწინააღმდეგის შეცდომა-დანაშაულებებზე მოსაბეზრებული და ყველასათვის თითქოს უკვე რუტინულად ცნობილი  რიტორიკა იყო. და აზრი, რომ ეს უკვე ვიცით და გავიარეთ და ამჯერად ვერ იმუშავებს ამომრჩეველზე  შეცდომა აღმოჩნდა: მტრის ხატმა ისევ იმუშავა და დარაზმა  საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ამჯერად უკვე ორივე მთავარი პოლიტიკური აქტორის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.

 

პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან წინასაარჩევნო დისპუტებს პროგრამების დონზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია საბოლოო შედეგებზე: ყველაფერი დეკორაციად დარჩა, ყველაზე საგნობრივი და საქმიანი კონცეპციების მქონე ჯგუფები ბარიერს მიღმა აღმოჩნდნენ.

 

ფსიქოლოგიური მანიპულაციები, ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის ემოციურ-მენტალურ სისუსტეებზე ეფექტური, მაგრამ შარლატანური თამაში ამ არჩევნების არსებითი მახასიათებელი გახდა. თანაც, ორივე უმთავრესი პოლიტიკური აქტორის მხრიდან თანაბარზომიერად, თუმცა, ერთის მხრიდან უფრო წარმატებულად.

 

დამარცხებული მტრის წინააღმდეგ ყიჟინა ჯერაც ისმის გამარჯვებულთა ბანაკში, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს,  რომ უახლოეს მომავალში ეს  შედეგები იქცევა დიდ თავსატეხად მთელი საზოგადოებისათვის: როცა ბრძოლა „რაღაცისთვის“ კი არა,  ვიღაცის წინააღმდეგაა, როცა სრულიად დავიწყებულია ქვეყნის არსებობისათვის აუცილებელი შინაარსები, იდეები, პოზიტიური მახასიათებლები,  ეკონომიკურ-სოციალური, თუ სხვა სახის განვითარებისაკენ დინამიური სვლა რომ ქვია, ერთ დღეს დიდ და გამაოგნებელ მწარე რეალობად მოუბრუნდება მანიპულაციების გულუბრყვილო ობიექტებს. 

 

დღეს კი, ეს , აბა, რა მოსატანია! აჟიტირებულ სულს, განა, ამ წვრილმანებისათვის სცალია, როცა ირგვლივ ამდენი მტერი და დასამარცხებელია?! 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED