მეფე როცა შიშველია...

2016.09.20 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

კარზე მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის ზედაპირზე მოტივტივე, ადვილად შესამჩნევი და უმთავრესი ნიშანი ის გახლავთ, რომ მოსახლეობის აქამდე ჯერაც არნახული აქტივობაა სახეზე.

ამას რა სჯობსო, მეტყვით, სამოქალაქო აქტივობის აღფრთოვანებით მოსურნენი. მაგრამ უნდა გაგაწბილოთ, პატივცემულებო, ამომრჩეველი, განა, პოლიტიკურ სუბიექტთა საარჩევნო პროგრამებს სწავლობს ბეჯითად, რაღაც ეკონომიკურ-სოციალურ პროგრამებს და მისთანებს, კაცმა რომ თქვას, მათ აუცილებლობას ვერც ეს სუბიექტები რომ ვერ ხედავენ მაინც და მაინც, არამედ მისი აქტიურობა ამჯერად გამოიხატება იმაში, რომ სურს ის, რაც ადრე, ერთ ცნობილ და ახლა უკვე ავადსახსენებელ რევოლუციონერს ჰქონდა დაგეგმილი თავისი სახელმწიფოსა და მომავალში კი, მთელი კაცობრიობისათვის: ყველა მწველავს შეუძლია სახელმწიფოს მართვა და უნდა ქნას კიდეცო. 

 

ქართულ მოსახლეობას ეს მოწოდება ვინმე ერთმა თავზეხელაღებულმა კაცმა კი არ უთხრა ერთჯერადად, პოლიტიკური ცხოვრების დინებამ მიიყვანა იგი აზრის ამ ხასიათის განვითარებამდე. მასში თანდათან, წლების განმავლობაში მომწიფდა სინამდვილესთან მიმართებაში სწორედ რომ ადეკვატური დამოკიდებულება, რომელიც დასრული ფორმით წლევანდელი არჩევნების წინ დაკრისტალდა. აზრის ფორმირებას წინ უძღოდა საკუთარი მოკრძალებული და თავმდაბალი თვითშეფასების საფუძვლიანი უგულებელყოფა და შედეგიც: „ვითომ, რატომ მე არა, როცა „ის“ იქაა.“ პარდონ, „ის“ არა, „ისინი“- მრავლობით რიცხვში.

 

ბუნებით მოკრძალებულ და არც თუ ისე მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ქვეყანაში პოლიტიკურ მოვლენათა მთელმა განვითარებამ, თანაც, არა მხოლოდ ცალკეულ და ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებასთნ დაკავშირებულმა, აჩვენა, რომ არც არანაირი განსაკუთრებული უნარები, განათლება, ცოდნა, ან გამოცდილება, რომ არაფერი ვთქვათ, პატიოსნებასა და სხვა რამ ზნეობრივ მახასიათებლებზე, არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება პოლიტიკის სფეროში საქმიანობასათვის.

 

მაშინ როცა შინაგან საქმეთა მინისტრს თალიბანი პიროვნება ჰგონია და მას ეძებს, თურმე, სისტემის მთელი რესურსების მობილიზებით, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ ადრე ვერტალიოტები შეუსყიდია წარმატებით და ერთ კაცს უყვარს უპირობოდ. ვისი ნერვიული შეტევების შედეგები ხალხმრავალი შეკრების ადგილებში მხოლოდ საკუთარ გუნდს თუ ვნებდა მხოლოდ, შეტევის ობიექტს კი ყველაზე ნაკლებად.
მაშინ როცა ქვეყნის აქტუალური პრემიერ-მინისტრის უპირველესი თვისება ისაა, რომ ზრდილობიანია და კარგი მანერები აქვს და ეს მართლაც რომ დიდი შვებაა ჩვენთვის, წინამორბედის ქცევებისაგან მიღებული ტრავმების ფონზე.


მაშინ, როცა პარლამენტარს „იბიარდი“ ბორდელი ჰგონია, საკუთარი პატიოსანი ბუნებიდან გამომდინარე, უარყოფითი განწყობებიც კი აქვს მის მიმართ. საპარლამენტო დარბაზის ქაღალდებიან მაგიდასთან იძულებით დაბმული მისი ალალი ბუნება დრო და დრო აიწყვეტს ხოლმე მის „უშუალო“ გამოვლინებაში და პერანგს ჩაიხსნის ხოლმე ჩვენს თვალწინ ჭიპამდე.

 

მაშინ, როცა ქვეყანას სინამდვილეში მართავს კაცმა რომ არ იცის საიდან მოსული და საით წასული ადამიანი, თანამდებობით „საინტერესო პიროვნება“ , წინასაარჩევნო აგიტაციებს რომ ატარებს კარდაკარ არა და, რეგიონიდან რეგიონში, როგორც საქონლის გაყიდვის მენეჯერი, გულწრფელი თავდაჯერებულობით, რომ მხოლოდ მას აქვს სწორი „ანალიზი“, შეძახილებით, რომ სინამდვილეში ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. შუქს გვიქრობს და გვეუბნება, რომ ახლა უნდა დავიძინოთ მშვიდად და ნებიერად და ვაცალოთ ასე, 2030 წლამდე.

 

მაშინ, როცა ადამიანები იგებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს თანამდებობიდან გადამდგარი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შემდგომში იწყებენ სწავლა-განათლებას. ეს იმის ნიშანია, რომ განათლება, სინამდვილეში, პოლიტიკური საქმიანობისათვის სულაც არ არის აუცილებელი წინაპირობა და „არასდროს არ არის გვიან“, მერეც მოხერხდება, ახლა უკვე უცხოეთში ძვირფასი და სასიამოვნო მოგზაურობის ფარგლებში, ბიუჯეტის ხარჯზე.

 

მაშინ, როცა ადამიანები გებულობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მისი უახლოესი წრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გულუხვად იფინანსებდნენ, „ჩემი რა მიდის“ განწყობით, უძვირფასეს მოგზაურობებს, პირადი მოხმარებისა და კაპრიზების მთელს უზომო გამოვლინებებს, საკუთარი შვილების სწავლის გადასახადებს. მსუყედ ასაჩუქრებდა აქტიურ მომხრეებსა და კეთილისმსურველებს. სულ რომ არაფერი ვთქვათ, ან რომ არ დავწვრილმანდეთ, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით საკუთარი პარტიის მომსახურე პერსონალის დაფინანსებაზე.

 

მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი სრულიად მარტივად თმობს ქვეყნის მოქალაქეობას და ახლა უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში აგზავნის ოჯახის წევრს, როგორც აღმოჩნდა „იმდროინდელი“ პროცესების თაობაზე ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფ ადამიანს, რომელიც სიმპათიურია და მთელი გუნდის სახელით გვპირდება, რომ აწი ცუდად არ მოიქცევიან, მეტს არ იძალადებენ ჩვენზე.

 

მაშინ, როცა ცოტა თუ დასჯილა საქართველოში პოლიტიკოსთაგან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისათვის, აქვე, ადამიანების თვალწინ რომ ქნეს, მაშინ როცა მოსახლეობამ საკუთარ ტყავზე ბოლომდე იწვნია სახელწმიფოს მხრიდან კრიმინალთან უკომპრომისო და სასტიკი ბრძოლის შედეგები. თავიდან ცოტა შეშინებული და დროებით გაყურსული მხეცური სისასტიკის მატარებელი საქმეების აქტორები, დაუსჯელობით გათამამებულები , დღეს უკვე გაუგონარი სიხისტით, დიდაქტიკური, დამრიგებლური ტონითა და ცინიზმით პასუხობენ მცირედ საყვედურებსაც კი მათი მისამართით, სწორედ იმ ხარისხის უტიფრობით, მხოლოდ ეგეთებს რომ შეუძლიათ. ჰოი, საოცრებავ! ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი გახდნენ ოპოზიციონერის როლსა და ფუნქციაში: პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მანერებსაც კი იწუნებენ, მათ ახლა უკვე გააზიზებულ ბუნებას ზოგჯერ ტონი არ მოსწონს მათი, ზოგჯერ კი, გამოთქმის ხარისხიც.

 

და ამ პირობებში სრულიად გათავისუფლდა პატარა კაცის მოკრძალებული ბუნება, სწორედ ისე, მორიდებული სკოლის მოწაფე შემთხვევით რო შეასწრებს ჩეჩმაში ბუნებრ სტიქიაში მოხვედრილ, მოხერხებულად ჩაცუცუქულ, სახეზე დროებით და გარემოების შესაბამისად, ფერშეცვლილ ავტორიტეტ მასწავლებელს ერთგვარ დაძაბულობაში . ამის შემხედვარე, იგი სულ წყალს გაატანს, ნატურალისტური სიზუსტით თუ ვიტყოდი, ერთიანად ჩარეცხავს საკუთარ თავში აქამდე მისდამი შეგუბებულ რიდს, მოკრძალებასა და მთელს საიდუმლოს.

 

დიახ, ჩვენს თვალწინ საუკუნის „დრამა“ თამაშდება: ადამიანებს სულ არ შემორჩათ რიდი პოლიტიკის, ძალაუფლების მიმართ, ამ ბოლო დროს, სულაც არ ჰგონიათ პოლიტიკაში მოძრავი სუბიექტები საკუთარ თავზე უკეთესები, რაიმე ნიშნით გამორჩეულები. უფრო პირიქით. და ჩნდება სრულიად ადეკვატური აზრიც: „რატომ მე არა, როცა „ის“ მანდაა?!“

 

და იხუვლა საშუალოსტატისტიკურმა მასამ: „ბუღალტერული სტრუქტურის“ მცოდნეებმა, მტკიცედ მორწმუნეებმა, რომ მაჟორიტარული დეპუტატობის როლში მოღვაწეობის ფარგლებში ტუალეტებს შესძენენ ქვეყანას. რომ კაცობრიობის მხსნელი ახალი თეორიის განხორციელების შემდეგ პატარა ქალაქის კომუნალური პრობლემები მოგვარდება, ერთ-ორ წელიწადში,თავისით და ავტომატურად. თამამი განაცხადით, რომ მას, ანუ მომავალ პოლიტიკოსს, სულაც არა აქვს პოლიტიკური პროგრამა: როგორ შეიძლება მომავალ დეპუტატს ჰქონდეს პროგრამა, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია!

 

და ეს ხალხი მთელი გულით შეიძულებს კიდეც იმათ, რომლებიც თეთრი ყორნებივით გამოირჩევიან პოლიტიკური ისტაბლიშმენტის უსახური მასისაგან, ერთ-ორ ჯგუფს, თუ სულ რამოდენიმე ცალ პოლიტიკოსს, გამონაკლისის სახით განათლებულსა და წიგნიერს, გამოცდილებითა და მეტ-ნაკლები წესიერებით, რომელებიც ურღვევენ მას, ახლაგამოღვიძებულს, ამ წუთში გამყარებულ წარმოდგენას , რომ არავისზე ნაკლები არაა და მასაც შეუძლია თამამად შეაბიჯოს სამყაროში, სადაც ფული, ძალაუფლება, პოპულარობა და უშრომელად ლაღი ცხოვრებაა. რითაც როგორც იქნება და, ამოვა არასტაბილური ყოფის საშიშროებიდან და „მიხედავს ირგვლივ ყველას“, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახს, არამედ იმ უბნელებსაც, რომელებიც ხმას მისცემენ მას არჩევნებში.

 

შემოგისწრეს, ბატონებო, ჩეჩმაში, წაკუნცხულსა და მოსაქმების სტიქიაში! დაინახეს თქვენი სახე არსის გამოვლინებაში. მეფე როცა შიშველია, მასა უმართავი ხდება. ჩეჩმა ერთია, სივრცე - ვიწრო.

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED