ხმამაღალი სუნთქვისთვის მოკლული ბუ და დედის მიერ ნაცემი ლესბოსელი გოგონა

2016.09.02 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

ფოთში ახალჩასულს ორი ახალი ამბავი დამხვდა, რომელმაც შოკში ჩამაგდო: როგორ მოკლეს ბუ და როგორ სცემა ლესბოსელ გოგონას დედამ, რომელმაც მისი შეყვარებული სახლში მოიყვანა.

რომ გადავათვალიერე ფეისბუქი, გადავაწყდი ვიდეოებს, რომელიც აღწერდა როგორ სუნთქავდა „ვიღაც“ ჰიდროტექნიკუმის მიტოვებულ შენობაში. უხილავი არსების სუნთქვის ხმამ, ხალხი დააპანიკა.

 

შენობასთან ყოველწუთას იზრდებოდა ცნობისმოყვარეთა რიცხვი. ზოგი სოციალურ ქსელში ეხმაურებოდა პოლტერგეისტს და მისვლის ეშინოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პატრული, სამაშველო... დიდხანს ვერაფერი გარკვიეს, თუმცა უხილავ არსებას სახელი მალევე მოუძებნეს და მას კუმისიდან გამოქცეული „ფოთელი რეიკი“ უწოდეს.

 

„აი ხომ გესმით? სუნთქავს. რაღაც არის აშკარად. რა უნდა იყოს?“- ისმოდა ხმები ვიდეოში, რომელიც ფაქტის დასტურად ვრცელდებოდა. ვრცელდებოდა ასევე ფოტოები, სადაც კარგად ჩანდა როგორ მოძრაობდა პატრული და როგორ იდგა ხალხი რაღაც სასწაულის მოლოდინში.

 

 

 

შენობასთან შეკრებილი დაპანიკებული ადამიანები ფეხს არ იცვლიდნენ, მათ ხალხი კიდევ და კიდევ ემატებოდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური ამაოდ ცდილობდა მათ დამშვიდებას.ზოგს მღვდლის მოყვანა და ადგილის კურთხევაც კი მოუთხოვია - სომხური ეკლესია და სასაფლაო იყო უწინ ამ ადგილას და რა იცი რა ხდებაო.

 

მოკლედ, ვინ იცის კიდევ როდემდე გაგრძელდებოდა ეს შფოთვა-ვაივიში, რომ გვიან ღამით, არ ეპოვათ არსება, რომელმაც ქალაქს უშფოთველი ძილი დაუფრთხო და დაკლული ბუს ფოტო არ გამოაქვეყნეს დასტურად იმისა, რომ გადავრჩით!

 

მეორე დღეს ყველგან მოკლულ ბუზე საუბრობდნენ და უხაროდათ, რომ მოჩვენება არ აღმოჩნდა. ბუს მოკვდინებით დაითრგუნეს მოჩვენების შიშები, საწყალი ფრინველი კი, რომელიც გზააბნეული და შეშინებული ალბათ შენობიდან გზას რომ ვერ იკვლევდა, ამ სასტიკმა ადამიანებმა, არც მეტი არც ნაკლები - სუნთქვისათვის დაკლეს და თავად უშიშრად გააგრძელეს სუნთქვა.

 

ამ ისტორიული შენობის ნგრევა და წლებია ანტისანიტარიის ბუდედ ქცევა ან სხვა რაიმეს გაპროტესტება, ნეტავ, მოსვლოდა ამდენ სეირისმაყურებელ "მამაცს" ოდესმე აზრად, ალბათ ამ შიშებსაც აიცილებდნენ.

 

და მეორე ამბავი: როგორ სასტიკად სცემა ლესბოსელი ქალიშვილი დედამ, რომელმაც მისი მეგობარი გოგონა სახლში მოიყვანა და მშობლებს გააცნო. გადმოცემით, გოგონა ისეთი ნაცემი ყოფილა, რამდენიმე დღით საავადმყოფოშიც კი მოხვედრილა. არ მომიკითხავს დეტალები, რადგან ვიცი ოჯახი საგულდაგულოდ მალავს ფაქტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ პოლიცია ფაქტით არც დაინტერესდებოდა, რადგან მისი და საზოგადოების პოზიცია ამ შემთხვევაში თანხვედრია - ქალიშვილმა ხომ „საშინელება ჩაიდინა“, „დედაა, გაზარდა და უფლება აქვს, „ნებისმიერი ასე მოიქცეოდა მის ადგილას“, „ვინ გაამტყუნებს?“, „ჩემი რომ იყოს, მოვკლავდი“ და ა.შ. უამრავ შეგონებებს და განკითხვა- გაკიცხვის ტექსტებს გაიგონებთ, გარდა გოგონას პირადი ცხოვრების უფლების დაცვისა, გარდა მისი, როგორც მსხვერპლის თანაგრძნობისა.

 

მერე გვიკვირს რატომ ვცხოვრობთ ცუდად, რატომ არ გვახევს ევროკავშირი კალთებს, რატომ ვართ მუდმივად უბედური და ღატაკი ქვეყანა? მაგრამ არასდროს გვიკვირს რატომღაც - რატომ ვერ ვთავისუფლდებით ამ სტერეოტიპული ნაგვისგან? რატომ არ გვიყვარს ადამიანები? არც ცხოველები... არც ბუნება.. არც გარემო... რატომ ვთამაშობთ რელიგიურობას, რაც სწორედ მიმტევებლობა და სიყვარულია? რატომ გავხდით ამასობაში კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც დახატული სურათების მიმართ მეტ სიყვარულს და თაყვანს გამოხატავენ, ვიდრე მოყვასისა, რომელიც მის გვერდზეა და განსაცდელშია და რატომ ვართ ასეთი სასტიკები?

 

P.S. ბუზე ისიც ითქვა, რომ პოლიციამ გამოიგონა ის ხალხის დასამშვიდებლად და სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ ამის გამოგონება რომ გახდა საჭირო და ამან დაამშვიდა ხალხი, ჩემი აზრით, კიდევ უარესი ფაქტია! 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED