პოლიტიკური შაგრენის ტყავი

2016.08.27 ავტორი: ირაკლი შარაშიძის ბლოგი

იყო დრო, როცა ქართველები მსოფლიოს მომარაგებას ვაპირებდით პრეზიდენტებით. ათეულათასობით დავდიოდით მიტინგებზე, ვარჩევდით ზოგადსახელმწიფოებრივ და ეროვნულ საკითხებს, ზოგჯერ გულუბრყვილოდ, სასაცილოდაც, მაგრამ გვსურდა აქტიურობა და იმედით ვუყურებდით „ღვთისმშობლის წილხვედრის“გაბრწყინებას.

მერე „ჰიპერაქტივობის“ ფაზაში „ტირანი“ პრეზიდენტი დავამხობინეთ კანონიერ ქურდს და მოქანდაკისდიპლომიან ბანდიტს, მერე შევარდნაძე თავისი გაბიზნესმენებული კომკავშირლებით და უეცრად ღიპწამოზრდილი ყოფილი „ეროვნული მოღვაწეებით“, ნაციონალები 300 ათასი პატიმრით 9 წელიწადში  (ბოლშევიკებმა 20 წელიწადში 270 ათასზე მეტი ვერ მოახერხეს), ბატონი ბიძინა თავისი ეკლექტური გუნდით („ოღონდ მიშა მოგვაცილოს“), გამარჯვებიდან მეორე დღესვე წინამორბედისგან დატოვებულ ჯიპში მონაწევი სიგარეტის სუნმა რომ შეაწუხათ და ახლები იყიდეს..... საქმე და დაპირებები კი...


ნდობის კრედიტი შაგრენის ტყავივითაა...

 

შედეგი? მმართველი კოალიციის 15-17%, ძირითადი ოპოზიციური პარტიის 13-15%.  ამომრჩევლის 57%-ს ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას (გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან პარტიები ერთმანეთს, დასახელების გარჩევაც კი გაუჭირდება კაცს კარლოს ალბერტო - რობერტო კარლოსივით), 33% კი საერთოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ასეთი რეიტინგით და ამომრჩევლის პასიურობით მივიღებთ დე-ფაქტო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, შესაბამისად პასუხისმგებლობის ნულოვანი დონით. სრულიად ინდეფერენტულ მოქალაქეებს, რომელთაც არანაირი სურვილი აღარ შერჩებათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში. კვალიფიციური და პატიოსანი კადრი 15 პროცენტიან „ვითომ ხელისუფლებას“ არ დაუკავშირდება, რაც უნდა დიდი სურვილი ქონდეს საქმის კეთების, ვერ მოახერხებს, ხოლო მხოლოდ სავარძლისათვის არაქმედუნარიან ხელისუფლებაში ყოფნას სერიოზული და საქმიანი კაცი არ იკადრებს, სხვა გზას იპოვის. ეს მალე სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციამდე მიგვიყვანს. მერე კი... მერე ვიმარჩიელოთ ისევ დგას თუ არა ბაზალეთის ფსკერზე აკვანი, წევს თუ არა შიგნით ჩვენი მხსნელი და როდის მოგვევლინება.

 

რაა ასეთი დაბალი რეიტინგის და ავტორიტის მიზეზი?  ქართველ პოლიტიკოსთა 90%-ს აბსოლუტურად არაფრისმთქმელი ბიოგრაფია აქვს, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვლით იწყება და მთავრდება. მივესალმები ევროპა-ამერიკაში განათლების მიღებას, მაგრამ მარტო სწავლა არაა საკმარისი, სამუშაო გამოცდილებაა საჭირო, თუნდაც იმისთვის რომ რეალურად იცნობდეთ პრობლემებს, ეკონომიკურს, სოციალურს, ქვეყნის პოტენციალს და ა.შ. და რა თქმა უნდა იცნობდეთ კადრებს. ერთი ყოფილი პრემიერი უჩიოდა კადრების ნაკლებობას. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა კადრების პრობლემა, რადგან საქართველოში კურსელიც კი არ ყავდა, არაფერს ვამბობ საქმიან ნაცნობობაზე, იმიტომ რომ საქართველოში პრაქტიკულად არც უმუშავია. ჰოდა თანამდებობებზე ნიშნავდა მათ, ვინც ბავშვობაში დაბადების დღეს ულოცავდა, მეტს ის უბრალოდ არც კი იცნობდა წესიერად.

 

უნივერსიტეტ ახალდამთავრებული კადრები ევროპა-ამერიკაში არ მიდიან ხელმძღვანელ პოლიტიკურ თანამდებობებზე. კერძო სტრუქტურებში იკეთებენ ჯერ კარიერას, აგროვებენ გამოცდილებას, ავტორიტეტს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მატერიალურ ქონებას. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთში თუნდაც საუკეთესო განათლებამიღებული კადრებისთვის ძალზე ხშირად პროფესიით სამსახურის შოვნა შეუძლებელია, ამიტომაც კერძო კომპანიების ნაცვლად, მიდიან პოლიტიკაში. ამის შემდეგ ქმნიან ოჯახს, შესაბამისად იწყებენ მატერიალური პრობლემების გადაჭრას. აი პოლიტიკაში კი ამის ადგილი არაა.  ცივილიზებულ ქვეყნებში პოლიტიკაში მატერიალური პრობლემების გადასაჭრელად არ მიდიან. ისინი მანამდე აქვთ მოგვარებული!!!

 

„პერესტროიკის“ დროინდელი ინტერვიუ მახსენდება რეიგანისდროინდელ აშშ თავდაცვის მინისტრ ფრენკ კარლუჩისთან. საბჭთა მინისტრების აგარაკ-შავვოლგიან მენტალიტეტს   მიჩვეული ჟურნალისტის შეკითხვაზე, ყავდა თუ არა მას სამსახურებრივი ავტომობილი და სახელმწიფო აგარაკი, ჯერ ვერ მიხვდა რას ეკითხებოდნენ. მერე კი აუხსნა, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ერთერთი უმსხვილესი ბანკის ტოპ-მენეჯერად იყო წლები ნამუშევარი, სადაც მისი ხელფასი ხუთჯერ აღემატებოდა თავდაცვის მინისტრისას და ყველაფერი ამის დაქირავებაც შეეძლო და ყიდვაც საკუთარი ფულით))).

 

 ეს მათ საყურადღებოდ, ვინც თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს საბინაო პრობლემის გადაწყვეტას იწყებს ბანკიდან გამოტანილი სესხით, რომლის გასტუმრების არანაირი საშუალება არა აქვს, გარდა ნაწყალობევი ხელფას-დანამატისა, მერე კი ზეწოლაზე გვეწუწუნება „ყურებით დაჭერილი“. არანაკლებად არიან „ყურებით დაჭერილი“ 90-იან წლებში გამდიდრებული ნუვორიშები, კუპონებში რომ „ითრიეს“ სახელმწიფო ქონება, ყელამდე არიან კომპრომატში ჩაფლული. ამათთვის არც შინაურ შანტაჟისტს ძინავს და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს, წინასწარ თუ არ ყავთ მიზნობრივად პოლიტიკაში შემოგდებული. Деньги отрабатывать надо. ასე რომ ნაფტალინიანი კადრებით ძალიან ნუ გაერთობით, პარტიებო, რაგინდ დაფინანსება არ უნდა მოყვეს მაგ ნაფტალინის სუნს.

 

სახელმწიფო რესურსის სათავისოდ გამოყენება არახალია, არც დაილევა მაგის მსურველი, როგორც უკეთური კაცი არ დაილევა არასდროს.

 

ზეწოლისგან ყველაზე კარგი დამცავი და თავშესაფარი კი სამოქალაქო საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის შემოსავალიც არანაირად არაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე და მასთან აფილირებულ ბიზნეს და საფინანსო სტრუქტურებზე (მათ შორის უცხო ქვეყნების), გამგები გაიგებს.

 

რაც არ უნდა ზეწოლის ქვეშ მოჰყვეს, არ დარჩება უმუშევარი და მიუსაფარი ნიუ-იორკის პროკურორი, საფრანგეთის იუსტიციის, ან გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, არც პარლამენტის დეპუტატები. მათ განათლების, გამოცდილების, მასშტაბური ხედვის და კავშირების გამო, გადადგომის შემდეგ ერთმანეთს ხელიდან გლეჯენ კერძო კომპანიები, დირექტორატში ადგილი გარანტირებული აქვთ. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ეს კომპანიები არსებობდნენ, თქვენთვისვეა კარგი. ჰოდა ნუ დაახრჩობთ ჩანასახშივე გადასახადებით, დენის ჩართვას ნუ დაუსვამთ ოთუზბირს და სისხლს ნუ გაუშრობთ უბრალო ცნობისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენიანები არ არიან.

 

ჰოდა, ასე დავემსგავსებით ცივილიზებულ ქვეყანას, თქვენც გეშველებათ და ხალხსაც.  მაგრამ სანამ ამას არ გააკეთებთ, მანამ გექნებათ პლინტუსსქვემო რეიტინგი და ამომრჩევლის აპათია, ლანძღვა-გინებაც თქვენი მისამართითდა ნუ გაიკვირვებთ.

 

და ბოლოს, ყველაზე სწორად და მოკლედ, სულ რაღაც 20 წამში, ამ ვიდეოშია აღწერილი საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია და ხალხის დამოკიდებულება პარტიების მიმართ.

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED