წერილი მამას

2016.08.18 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

გუშინ საღამოს ქალაქის შუაგულში გავედით მე და ჩემი ქმარი, მანქანა ტბის სანაპიროზე დავტოვეთ და ფეხით შევუყევით ნახევრადმძინარე  პატარა ქუჩებს. ჰანოვერს  ათ საათზე თითქმის სძინავს, დილიდან ტურბულენტური ქაოსისა და დინამიკისაგან თავმობეზრებული ამ დროისათვის  უკვე ზანტია, თითქმის უმოძრაო, დაღლილი და მიტოვებული.  

კანტიკუნტად თუ ნახავთ ქუჩებში ადამიანებს:  აქა -იქ ახალგაზრდების  პატარა ჯგუფებს, ველოსიპედისტებს, უკვე ნათურაჩართულები რომ ჩაგიქროლებენ, ოფისებში გვიანობამდე შემორჩენილს ხალხს, ახლა აჩქარებული ნაბიჯებით რომ მიდიან პარკინგის ადგილებისაკენ, ერთი სული რომ აქვთ როგორმე გააღწიონ და დატოვონ იქაურობა.                              

                                

რბილი, თბილი და სასიამოვნო საღამო იყო , მშვიდად და ნება-ნება გადავდიოდით ქუჩიდან ქუჩაზე და უმიზნოდ ვათვალიერებდით მოძრავი ქალაქის ნაკვალევს:  დახურული მაღაზიების ვიტრინებს, მოხმაურე  ახალგაზრდების ჯგუფებს, ჯერ კიდევ ღია რესტორნებს, აქა-იქ  ნაგავს. ამ უმიზნო ბოდიალისას,  ერთ პატარა ქუჩაზე შევედით, აი, ბოლოში  დიდი და მოძრავი სუპერმარკეტები რომაა თავმოყრილი, იქ. ერთგან, სადღაც შუაგულში ქუჩის გრძელ სკამზე მოხუცი კაცი იჯდა, მოშვებული და დაღლილი, ფეხები მუხლებში გაშლილი ჰქონდა, რამდენადაც ეს ამ მდგომარეობაში შესაძლებელია, აი, ისე, დაღლილობის მოსახსნელად რომ შვებიან ხოლმე.  მხრებით სკამის ზურგზე იყო მთელი ტანით  გადაწოლილი და გულზე მუსიკალური ინსტრუმენტი, გარმონი ესვენა ბავშვივით. სუფთად ჩაცმული ქათქათა მოხუცი იყო, თეთრი, ალაგ-ალაგ შემორჩენილი ბზინვარე თმებით. ქუჩის მუსიკოსი.  გავუღიმეთ,  ჩემი ქმარი აქტიურად დაელაპარაკა, როგორ ხართო, უცებ წამოიწა მომღიმარი და კეთილი თვალებით, წამოდგა და ალაპარაკდა და ალაპარაკდა, შვიდი  საათია ვუკრავო.  რბილი და  კეთილშობილი  ღიმილით თავი გვერდით გადაწია, აი, ისე, გარმონზე დაკვრისას რომ შვებიან ხოლმე და თითები კლავიშებზე დააკაკუნა, იმდენი დავუკარი დღეს, რომ თითები მეტს ვერ შვებიანო.  ძალიან ცუდად ლაპარაკობდა გერმანულად, რუსული აქცენტით, თითქმის გაუგებარი იყო, თუ რას ამბობდა, მაგრამ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ღიმილით, მონდომებით. თითებს ატარებდა აქეთ- იქით კლავიშების ზედაპირზე და გვიხსნიდა რაღაცას. მერე ჩემმა ქმარმა ფული ჩაუდო მუყაოს პატარა ყუთში, ღიმილით და გაშლილი ხელისგულებით გამოვემშვიდობეთ და წამოვედით. ზურგს უკან კი გარმონის ხმა წამოგვეწია, რაღაც არეული და უწესრიგო, არაქათგამოცლილი.  ჩვენთვის დაუკრაო, მითხრა ჩემმა ქმარმა.


შევუყევით ქუჩას, მივდიოდით  ასე მშვიდი  და სახეზე  ღიმილშემორჩენილები.  რამოდენიმე ნაბიჯიც და უცებ და ერთიანად, ძლიერი შემოტევის ძალით ცრემლები წამსკდა, სრულიად მოულოდნელად და დამზაფვრველი სისწრაფით. აი,  ასე, მივდიოდი და  ვტიროდი, ვერც ვასწრებდი თითებითა და ხელისგულებით  ცრემლების მოწმენდას, გზა რომ დამენახა. გაოგნებული შემომაჩერდა ჩემი ქმარი, შემომიტრიალდა მთელი სახით და გაფართოებული  თვალებით შემომაშტერდა. მამას ჰგავდა ძალიან მეთქი, მივუგე.

 

გასული წლის ოქტომბრიდან ჩემი ცნობიერების ცხოვრება ორ პარალელურ ველად გაიყო, სადაც ერთ ხაზში აქტიური ყოველდღიური მოძრავი და ცვალებადი ემოციური ყოფის ამბებია:  საქმე და პრობლემები, ქმარი და სიყვარული, საზრუნავი, სანერვიულო. სიხარული. და მეორე და პარალელურში კი, გარდაცვლილი მამის სახე, მუდმივი და მდგრადი ტკვილის ველში, სუსტი და ქათქათა.  და ერთი პატარა ადგილის ხატი, რომელიც მთელი ჩემი ნების დაძაბვით ჩავბეჭდე მეხსიერების ყველა სიმძლავრეში, დაჟინებული მზერის ძალით: მისი საფლავის ადგილი, სუფთა და სადა, პატარა ქვებით მოკირწლული, ყოველდღე რომ ვხედავ ცნობიერების იმ პარალელურ ველში, ფოტოგრაფიული ანაბეჭდის ეფექტით, ერთი რაკურსიდან. ფეთქებადი ჩემთვის და გარე თვალისათვისაც სრულიად  გაუგებარი წესით რომ  შემოიჭრება ყოველდღიური ყოფის განზომილებაში, დაუგეგმავად და მოულოდნელად ყოველ ჯერზე. სიზმარსა თუ ცხადში. და სწორედ მის სანახავად და ქვაზე ხელის გადასასმელად ჩავალ ოქტომბერში საქართველოში.

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED