სანამ მოსასყიდი ხმები კიდევ ბევრია

2016.08.17 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

ყველა ხელისუფლებამ იცის, რომ ხმები საყიდელი აქვს. შევარდნაძე თუ პირდაპირ ყიდულობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უცერემონიოდ აყალბებდნენ ოქმებსა და მოსყიდული ხუნვეიბინი გოგორიშვილ-მაჭავარიან-ნოღაიდელებით თუ ათასობით საარჩევნო ბიულეტენს პირდაპირ ყრიდნენ ყუთებში, სააკაშვილის დროს კი მოსყიდული საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიებს დამატებული კუდ-ის მიერ დამზადებული ათასობით ყალბი პირადობის მოწმობებით სცოდავდნენ, ახლა ტექნოლოგია შეიცვალა - ფულის ტომარა ძიებმა სხვა უფრო პირდაპირი გზა აირჩიეს.

პარტია არ ხარჯავს, კანდიდატები თავად ხარჯავენ დიდ ფულს, ამიტომაც ნებისმიერ ფასად არჩევნები უნდა მოიგონ, თუნდაც ბიზნესის კანონით - წაგებაში რომ არ დარჩნენ. ბიძინას, რომელმაც შემოიტანა ბიზნესის ეს ელემენტი ქართულ პოლიტიკაში ან პარტიას არ აინტერესებს როგორ, დასახელების უმთავრესი პირობა მოგებაა.

 

„ქართული ოცნების“ ახალი მეთოდი - მოსახლეობისთვის პირდაპირ ფულის დარიგება/სამუშაოს დაპირება - წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იქნა გამოყენებული. მაგ.ფოთში, ბიზნესმენმა წიწილაშვილმა მისი სიძის საკრებულოში მოსახვედრად დიდი ფული დახარჯა. სქემა იყო ასეთი: გამოკითხვებით და წინა არჩევნების სტატისტიკით, დაადგინეს უბნიდან ვინ არ მიდიოდა არჩევნებზე. უბნის ავტორიტული ტიპის მეშვეობით, ფული ან სამუშაო შესთავაზეს ყველას. სუფრები გაუშალეს კორპუსებს და იქ მაცხოვრებლებს „უკისრა“ კანდიდატმა. ერთ-ერთი კანდიდატის გადმოცემით, მისმა გვერდით მეზობელმა ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ ხმა სხვას მიყიდა -„ფული მომცეს, პირობა მივეცი და რა მექნაო“. მეთოდმა გაჭრა. ახლა „სიძე“ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეა.

 

ვეჭვობ, ამ არჩევნებშიც მეთოდი იქნება იგივე. თუმცა, პარტია აქ პირნათელია - თუ მოსყიდვაში გამოიჭერენ, კანდიდატის პირადი პასუხისმგებლობაა და პარტიამ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატის საზოგადოებრივი აქტივობა და ხალხში ცნობადობა ნულს დაბლაა. თუმცა აქ გადამწყვეტი ფაქტორი ფულია, როგორც ესაა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობის და, მათ შორის, ფოთელი კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას შემთხვევაში, რომელმაც წარდგენისას არც იცის მკაფიოდ რა ევალება, რას გააკეთებს, რატომ უნდა დეპუტატობა ან რისთვის უნდა დაუჭირონ მხარი. 

 

 

მთავარი ინფორმაცია, რაც წარდგენისას უთხრეს ამომრჩეველს, თურმე ის „წარმატებული ბიზნესმენია“, ხოლო ფოთელმა ამომრჩეველმა, რაც მის შესახებ იცის, არის ის, რომ  ბიზნესმენ სარიშვილის მძახალია, რომელიც კენჭს წინა არჩევნებში „ნაციონალებიდან“ იყრიდა და ქალაქში ყოველი თევზის რეწვის სეზონზე დამპალი სუნთან კავშირში სწორედ ეს მძახლები არიან. სხვა რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა ხახუბიასი ქალაქში არავის სმენია.

 

ყველა პერიოდის არჩევნებში გამარჯვების მთავარი საყრდენი მაინც საუბნო კომისიების მოსყიდვაა. ამიტომ პარტიები ცდილობენ მეტი წარმომადგენელი ყავდეთ კომისიებში, რომლებიც უნისონში შეძლებენ „შიგნიდან ჩალიჩს“. სამაგიეროდ, მათ 4 წელი გარანტირებული აქვთ საჯარო სამსახურები, ყველა გამყალებებელი კომისიის წევრი შემდგომში თანამდებობებზე ხვდება, ანუ მოსახლეობას ხომ საკუთარ ხმებს უყალბებებენ, შემდეგ მისივე ჯიბიდან ცხოვრობენ. ამიტომაცაა ყველა დროის  კომისიებში მოსყიდულები ყველაზე ნაძირალა ტიპები არიან და, როგორც წესი, სულ ერთიდაიგივე სახეები. მათთვის ხელისუფლების ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ყველა „დამკვეთს“ ერთნაირი სულისკვეთებით ემსახურებიან. გასულა არჩევნებში კომისიების მოსყიდვაზე ბევრი არაფერი თქმულა რადგან საქმე იქამდე არ მისულა, თუმცა მზადყოფნა იყო.

 

ეს ყველაფერი კი იქნება მანამ, სანამ ფულის ტომრების მოსასყიდი ხმები იარსებებს და არჩევნები მოსყიდვის მარათონი იქნება. „ვინ მეტს მომცემს, იმას მივცემ ხმას“- განწყობა ამ უმუშევარ და დამშეულ ქვეყანაში მიღებული ამბავია და სანამ ამ ფრაზის თქმა საზოგადოებაში დიდ სირცხვილად, შეურაცხყოფად და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად არ ჩაითვლება, სანამ მოსასყიდი ხმები ჯერ კიდევ ბევრი იქნება,  მანამდე ყოველთვის იარსებებენ ქალაქის დე ფაქტო მმართველების - სარიშვილის, წიწილაშვილის და ხახუბიას და მათ მიერ ხელდასმული კანდიდატების მსგავსი ფულის ტომარა ბიძები და მსგავს შეურაცხყოფას ყოველთვის მოგვაყენებენ.

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ყალბი პირადობებით მოგებული არჩევნები

 

 

*გამოყენებულია "ქართული ოცნების" ოფიციალური გვერდისა და room.ge-ს ვიდეოები

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED