ქართული და გერმანული სამედიცინო დაზღვევის თავისებურებებისათვის

2016.07.31 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და მისი განხორციელების მასშტაბი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პროექტია საქართველოში, პოლიტიკის დიდი წარმატება. სოციალურ მეცნიერებებსა თუ  ბიუროკრატიულ ენაზე ამ ამბავს სახელმწიფოში ადამიანისათვის „მედიცინაზე ხელმისაწვდომობის“ ხარისხს უწოდებენ ხოლმე. ფაქტი სახეზეა, რომ  დღეს ხელმისაწვდომობის მასშტაბი და ხარისხი დიდად გაუმჯობესებულია წინა პერიოდებთან შედარებით.  საქმიან დარგობრივ ტერმინს იქით რეალობაში უამრავი ემოციური დინებაა - მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის კონკრეტულ ისტორიებთან დაკავშირებული.

ჯანმრთელობის  დიდი თუ პატარა პრობლემა  საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანი განსაცდელი იყო აქამდე, განსაცდელი არა მხოლოდ ფატალისტურ-ექსისტენციალური მნიშვნელობით, არამედ ამასთან და უპირველესად, ფინანსური აზრითაც, რამდენადაც ჯანმრთელობის ნებისმიერი უკვე ცნობილი თუ მოულოდნელი პრობლემა ოჯახების მთლიან ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, რაც ღარიბი მოსახლეობსათვის, ისედაც მცირეშემოსავლიანი ოჯახებისათვის, ახალგაზრდებისა თუ პენსიონერებისათვის სრული ფინანსური კრახითაც მთავრდებოდა ხოლმე. ამ რესურსების არქონის შემთხვევში კი ადამიანები, უბრალოდ, განწირულები იყვნენ.

 

პოლიტიკამ შეძლო ამ ვითარების რადიკალურად გამოსწორება და ეს ქართული სახელმწიფოს დიდი მიღწევაა. საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის პროექტი რეალობაა, თავის მასშტაბებსაც ზრდის ყოველ წელს, თუმცა, აქვე, მისი ფინანსურ უზრუნველყოფის საფუძველსა და რეალისტურ სურათზეც უნდა ვიფიქროთ: შეძლებს კი სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალშიც დიდი მასშტაბის დატვირთვის საკუთარ მხრებზე ტარებას? იქნებ, რაციონალური იქნებოდა, სტრუქტურის მცირეოდენი კორექტირება მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის?

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის ბიუჯეტის გეგმით,  ზემოთ ნახსენები პროგრამისათვის გათვალისწინებული იყო 470 მილიონი ლარი. ჯერ კიდევ მესამე კვარტალში გაიხარჯა გათვალისწინებული თანხის 90 პროცენტი. აუცილებელი გახდა ბიუჯეტის კორექტირება და ახალი თანხების მოძიებაც. საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე გაიხარჯა 573 მილიონი ლარი, რაც 22 პროცენტით აღემატება წინასწარ დაგეგმილ მონაცემს.  

 

ანალოგიურად, 2016 წელსაც, წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით, ჯანდაცვის პროგრამისათვის გათალისწინებული იყო 570 მილიონი ლარი, მაგრამ პირველი კვარტლის მონაცემებით, ათვისებულ იქნა 162 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 40 მილიონით აღემატება. დიდი ალბათობაა, რომ წლის ბოლომდე სამინისტროს წინაშე დადგეს ამოცანა მოიძიოს დამატებითი სახსრები პროგრამის ფუნქციონირებისათვის.

 

პროგრამის დახვეწისა და შემდგომი განვითარების ნება  და გადაწყვეტილება  ყოველ წელს უფრო მეტ თანხებს ითხოვს ბიუჯეტიდან. ვფიქრობ, პროექტი უკვე მივიდა იმ პუნქტამდე, როცა დღის წესრიგში სტრუქტურული ცვლილებები და ოპტიმიზაციის გადაუდებელი აუცილებლობა დადგა.

 

სწორედ ამ მიმართულებით, მაქვს ერთი იდეა, რომელიც სამედიცინო დაზღვევის გერმანული მოდელის შინაარსიდან გამოდის და იქნებ, ეს აზრი საინტერესო იქნეს პროგრამის მესვეურთათვისაც.

 

გერმანიაში ჯანდაცვისა და სადაზღვევო სფერო დიდი და რთული სისტემაა: სახეზეა სახელწიფო, ე.წ. Gesetzlichen Krankenversicherung და კერძო, ანუ Private Krankenversicherung. ამჟამად დაახლოებით,  1200 სადაზღვევო კომპანია არსებობს განსხვავებული პირობებითა და სტრუქტურით.

 

სახელმწიფო დაზღვევის პაკეტით, გერმანიის სოციალური სისტემის მე/5 წიგნის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურეობა მიზანმიმართული და ეკონომიკური აზრით, აუცილებლობის საზღვრებში უნდა იყოს.  მომსახურეობის სფერო პრევენციულ ღონისძიებებს, ლაბორატორიულ კვლევებს, გადაუდებელ ოპერაციებს, თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების ფართო სპექტრს, ოჯახში მოვლას, ოჯახის ყველა წევრის დაზღვევას საოჯახო დაზღვევს ფარგლებში, აუცილებლებელი მედიკამენტების 100 პროცენტიან ანაზღურებას  სთავაზობს თავის კლიენტებს.

 

დაზღვევის გადასახადის რაოდენობა კლიენტის შემოსავლის ოდენობაზეა დამოკიდებული. დასაქმებული და დამსაქმებელი, თანაბარზომიერად, ხელფასის ბრუტოს 14,6 პროცენტს იხდიან სადაზღვევო კომპანიაში. დამსაქმებელი ავტომატიურად რიცხავს ამ თანხას დასაქმებულის სადაზღვეო კომპანიის ანგარიშზე ყოველთვიურად. ხელფასის ოდენობის მაღალ ზღვარზე, მაგალითად, 3 800 ევროს ზემოთ, შენატანი უფრო მაღალია.

 

უმუშევრების ჯანდაცვის პაკეტი, მომსახურეობის მასშტაბის თვალსაზრისით არანაირად არ ჩამოუვარდება დასაქმებულთა პაკეტის მოცულობას. ოჯახური დაზღვევის პირობებში, უმუშვრობის პაკეტი 2 -ის, ანუ  ე.წ. Harz 4-ს ფარგლებში უმუშევარი, უფრო სწორად, სამუშაოს მაძიებელი და მისი ოჯახის ყველა წევრი იღებს სწორედ იმ მასშტაბისა და მოცულობის პაკეტს, როგორც დასაქმებული პირი. პენსიონერების დაზღვევას სპეციალური სადაზღვევო კომპანიები ემსახურებიან.

 

გერმანიაში სამედიცინო დაზღვევის ვალდებულებაა, თუმცა, ამ ვალდებულებისაგან თავისუფლები არიან მაღალი შემოსავლების მქონე პირები, დასაქმებულები, თუ დამსაქმებელნი, საჯარო მომსახურეები, ანუ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ  ფინანსური რესურსი თავად გადაიხადონ სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

 

აქედან, რაციონალური იქნებოდა, ქართული სამედიცინო სფეროს სახელმწიფო პროგრამები და სადაზღვევო სფერო კარგად თუ შეისწავლიან გერმანული სისტემის  ფუნქციონირების მექანიზმებს, მათ გამოცდილებებს, მანდ უამრავი საინტერესო და საჭირო ნიუანსია, სისტემის გამართული ქმედებისათვის  აუცილებელი. სულაც არ ვგულისხმობ მათ სრულ კოპირებას, არამედ მათი შინაარსების გააზრებას და ქართული სინამდვილისადმი ოპტიმალურ მორგებას. ფაქტი სახეზეა, გერმანული სისტემა, არა მხოლოდ სამედიცინო დაზღვევა, არამედ, ამასთან,  კიდევ მრავალი სხვა სახის დაზღვევა,  ჯერ კიდევ ბისმარკიდან მოყოლებული, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, სოლიდარულობის პრინციპით მომუშავე,  სოციალური ხასიათის და ამასთან, ეკონომიკური აზრით, ძლიერი და მომგებიანი დარგი. 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED