„ქართული“ ელეგი და „ ვასაძიზმი“ საქართველოში

2016.07.25 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

ეს რომ  კერძო შემთხვევა ყოფილიყო, ერთი უნიჭო დიზაინერის მიერ შექმნილი უვარგისი კოსტიუმი, ადრეც არაერთხელ რომ გვინახავს, არც თუ ისე მაღალი კლასის ქართული  მოდის სფეროში, ამრეზით ავარიდებდით თვალს, იქნებ, გაგვეცინა კიდეც და დაგვიწყებოდა იმ დღესვე, როგორც უსიამო შთაბეჭდილება. მაგრამ ქართული ოლიმპიური გუნდის კოსტიუმირება და მასთან დაკავშირებული ამბავი უფრო მეტია, ვიდრე ერთი ფაქტი ქართული დიზაინის მარცხის ისტორიიდან.  ის  მის საფუძველში არსებული მახინჯი ულტრაკონსერვატული შინაარსების უცხადესი ვიზუალური ხატია, რასაც ზოგადი სახელით „ვასაძიზმით“ მოვნათლავდი.

ვიზუალური ხატი მურტალი რამაა, უკიდურესი სიზუსტითა  და სისწრაფით გვანიშნებს მისი წარმომშობი სააზროვნო ველის ხასიათსა და შინაარსს. ის ზემომოქმედების ყველაზე ეფექტური ხასიათით გამოირჩევა: არსს აწვდის თვალს, გაშუალებულად, მაგრამ ზუსტად და ემოციური აზრით, სრულიად დამაჯერებლად. თვალს მიწოდებული იმპულსი აზრის კოდია ჩვენს გონებაში მნიშვნელობათა მთელ სისავსედ რომ იხსნება და იშიფრება შემდგომ. ის გვაუწყებს მისი დამბადებელი შინაარსების მთელი რეზერვუარის ხასიათსა და ელფერს მომენტალურად და სიცხადით.

  

ქართულ ნაციონალურ კოსტიუმად მონათლული მდარე ერთეულები არც ერთმა ქართველმა არ მიიჩნია ქართულად და ეს შთაბეჭდილება უტყუარია, მიუხედავად მათი შემქმნელების დაჟინებული და უტიფარი მცდელობისა, თავად მნახველები და შემფასებლები დაედანაშულებინათ იმაში, რომ მათ, თურმე,  „საბჭოთა წარსულის გამო ყველაფერი ქართული დავიწყნიათ“ და ამიტომაც, სათანადოდ ვერ აფასებენ მათ მიერ  შექმნილი პროდუქტის სიდიადეს. სინამდვილეში კი, ეს ის „ქართულია“, რომელსაც არც საკუთრივ ქართული აზრის  წარსულთან არაფერი აქვს საერთო და მხოლოდ იმ აზროვნების ერთი კერძო გამოვლინებაა, ულტრანაციონალიზმის ქაქს რომ სთავაზობს გაუცნობიერებელ და გულუბრყვილო საზოგადოებას, ჰეროიზმისა და მითოლოგიზირებული ბოდვის სოუსით. კრებითი ვასაძის აზროვნების პროდუქტი , დრო და დრო და მონდომებით, ჭმუნვით შეყრილი შუბლით, ქართული ენის სიღრმეების უკიდეგანო წვდომის ნიშნად სიტყვათქმნადობის სასაცილო მცდელობებითა და ტრადიციონალიზმის ბურჯის, ეკლესიის მსუყედ მოქრთამვის გზით რომ ამყარებს.

 

ათსგვარი უცხო ელემენტების კვალი, ჩვენი ისტორიის მძიმე სვლის გზაზე რომ მიეკრა ჩვენს ცნობიერებასა თუ ყოფას, კრებით ვასაძეს ქართული სულისა და აზრის ინდივიდუალურ  გამოვლინება ჰგონია. ეს ფაქტი  სწორედ იმის მინიშნებაა,  თუ როგორ კარგად იცის მან თუ რა არის „ქართული“ და იმის ნიშანიც, თუ რა ხარისხისაა მისი დემაგოგია, უკან, შუასაკუნეების აზრის შეზღუდულობისაკენ რომ მიერეკება მთელს საზოგადოებას გარეშე მტრის, ანუ „გარყვნილი“ დასავლეთისაგან მოსული დინებების წინააღმდეგ, რომლსაც თურმე, მიზნადა ჰქონია,  ყოველი „ქართულის“  წაბილწვა და მოსპობა. სწორედ ამ ტიპის ტყუილითა და ცილისწამებით აქვს მას შანსი  დააშინოს გაუცნობიერებელი ადამიანი  ახალი მაცოცხლებელი დინებების გამო. მოიტყუიო და ცილი დასწამოს მას, უბრალოდ, ადამიანების დასაშინელად, რითაც თავად დიდი სიამოვნებით სარგებლობ. ამ ტიპის ქმედებას, როგორც წესი, ვირეშმაკული გათვლები აქვს ხოლმე  წინაპირობად.  

 

გვერდიგვერდ ჩამწკრივებული ქალებისა და კაცების ჯგუფები და არა ლაღად ერთად და თანაბარმნიშვნელოვნად მყოფი ქალი და კაცი, ზუსტად ისე, პატრიარქალური შუასაკუნეების  საზოგადოებაში რომ იყო, როცა ქალი  ვერც გაეკარებოდა კაცთა კრებულს, მათ სუფრაზეც კი  ვერ აღმოჩნდებოდა, როგორც მოსამსახურე, ან საქონელი,  არის  ხატი იმისა, თუ რა უნდა „ვასაძიზმს“ საქართველოში: ყორყონტამდე შეკრული კუსტიუმებში შემოსილი  მძიმე, ბნელი და შუბლშეკრული,  წარსულში მჭმუნვარედ ჩაშტერებული მამაკაცები და მათ გვერდით კოჭებამდე და ასევე ყელამდე დაფარულ სამოსში გახვეული მორცხვი  და მორჩილი, ინდივიდუალობაწაშლილი მათი მოსამსახურე ქალები, რედიკულებით ხელში. მიუხედავად იმისა, რომ  ეს ის ქალებია, რომლებიც ტყვიას ტყვიაში აჯენენ და მამაკაცებზე არანაკლები შედეგები აქვთ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე ადამიანური საქმიანობისა და მოღვაწეობის აბსოლუტურად ყველა გამოვლინებაში.

  

ეს არის ვასაძის სასურველი საქართველო: გაუგებარი და ბუნდოვანი  წარსულის ფანტაზმებში ჩაშტერებული არეული და დაზაფრული სული, რომელსაც ის წარსულიც ვერ გაუგია თუ რა არის და მისი ზმანებების კოპირება კი გადაუწყვეტია ამ დინამიური, ცოცხალი, სწრაფი და წინმსწრაფი მომავლის ასაგებად. ეს თქვენთვის უნდა ამგვარი საქართველო, მანდ მყოფთათვის, თორემ, მის მიერვე გალანძღული და შერისხული დასავლეთის ყველა სიკეთით თავად ხარბად კი სარგებლობს, მოდერნულ კონცერნს მართავს და მისი შვილებიც ლონდონში სწავლობენ. 

 

მადლობა „სამოსელ პირველს“ პატრონისა და სულის ჩამდგმელის, უფრო მეტიც, „ვასაძიზმის“ არსებისა და მთელი შინაარსის უნაკლო და საუკეთესო ვიზულიზაციისათვის.

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED