ტერორიზმის ჰერმენევტიკისათვის

2016.07.20 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

კიდევ ერთი და მორიგი ტერორისტული აქტის შემდგომ ადამიანთა რეაქციები ყველგან, ისევ თავიდან და წინა შემთხვევების მსგავსად გაოგნების, შიშის, ტკივილის, თანაგრძნობის, მოძალადის მიმართ რისხვისა და ზიზღის ემოციათა ქაოსში იძირება. სწორედ იმგვარად, როგორც სულ პირველი მასშტაბური აქტის დროს მოხდა, მაგრამ ცოდნა მასზე ისევ იგივეა, ძვრა არ უჩანს.

ემოციათა სიმძლავრისა და ამაღლებულობის ფონზე კიდეც ერთხელ და ამჯერადაც გაუგებარი რჩება, თუ რა ხდება სინამდვილეში. რითი აიხსნება ეს ფენომენი, ერთი, ან ცალეკულ ადამიანთა თავაწყვეტილი არჩევანი-გადაწყვეტილება თვითმკვლელობით ჩაიდინოს სენსაციური აქტი, როცა რეალური მსხვერპლი არავითარ შემთხვევაში არ არის მისი პირადი ინტერესის, ან შურისძიების ობიექტი, უფრო უსახო მასაა თვისებებისა და ემოციური ნიშნების გარეშე. აქტის კოლოსალური შთაბეჭდილების ქვეშ ადამიანები სულაც ვერ გადიან ემოციური შეფასებების მიღმა და აქედან, უკვე რეალობის განუყოფელ ნაწილად ქცეული კიდევ ერთი ტერორისტული აქტის შემდგომ ისევ იგივე სახით ისევ იმეორებენ ემოციათა კასკადს, სადაც აღშფოთება, ტკივილი და დიდი გაუგებრობაა, შხამიანი გველის წინ მოულოდნელად აღმოჩენილი დაზაფრული ცხოველის მსგავსად, როცა სასიცოცხლო ძალების მომენტალური გაშეშება, სააზროვნო და ქმედეთი უნარების პარალიზებაა სახეზე. 

 

ტერორიზმის ფენომენის გაგებას თანამდეროვე სამყაროში პოლიტიკურ-გლობალური პროცესების სრული და ორმხრივი ცოდნა სჭირდება, რაც დიდი იშვიათობაა ინფორმაციის ცალმხრივობისა და მანიპულაციების ეპოქაში და ამასთან, ინტელექტუალური პატიოსნებაც, მიუკერძოებლად და სითამამით თქვა არაკომფორტული სიმართლე. სწორედ ეს არის ამ ფენომენის ჰერმენევტიკული ანალიზისათვის აუცილებელი წინაპირობა და ნების არსებობის შემთხვევაში, პრობლემის მოხსნის გზაც.

 

როცა საგნის ცოდნა და ინტელექტუალური პატიოსნება ვახსენე, ამის ერთ-ერთ ცოცხალ მაგალითად ჟან ბოდრიარის პოზიციაც ითვლება. ჩემი აზრით, ამის ნიმუში მისი წიგნი „ტერორიზმის სული"-ა (Jean Baudrillard: Der Geist des Terrorismus Hrsg. von Peter EngelmannWien: Passagen Verlag, 2002), რომელიც მან 11 სექტემbრის ამბების შემდეგ სრულიად უკომპრომისოდ და შეულამაზებლად მოგვახალა. რეაქციები ამ წიგნზე ძირითადად მკვეთრად ნეგატიური იყო თავის დროზე, როგორც ჩანს, მიუხედავად საქმის ვითარების სერიოზულობისა, საზოგადოების თავდაცვითი მექანიზმი ძლიერი აღმოჩნდა ფენომენის გაგებისა და სწორედ ამის საფუძველზე შემდგომში პრობლემის შესაძლო დაძლევის შანსზე. არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ზოგადად, ბოდრიარი მთელი თავისი ინტელექტუალური პოზიციით დასავლური ცივილიზაციის თვითრეფლექსიის, თვითკრიტიკული აზროვნების აქყოფნაა. მოაზროვნე, უკმაყოფილო, საკუთარ თავთან დისტანციურად მყოფი სული და მისი სიცოცხლის, ქმედითობისა და დინამიკის უტყუარი საბუთიც.

                                    

ბოდრიარი ამბობს, რომ ადამიანებისათვის რთული აღმოჩნდა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის გაგება. სხვა მოვლენებს, როგორიცაა პრინცესა დაიანას სიკვდილი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატები, თუ მსოფლიო ომები, სულაც არ ჰქონიათ მსგავსი გლობალური მნიშვნელობა, იმდენად, რამდენადაც მათ სიმბოლური მნიშვნელობა არ გააჩნდათ. World Trade Cen­ter-ზე ტერორისტული აქტი კი გლობალური მნიშვნელობის სიმბოლური მოვლენად იქცა. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გიგანტური რეაქცია მოჰყვა, მან, ყველა ჩვენგანის  ავი სიზმარი თუ ოცნება რეალობად და ფაქტად  აქცია: როგორც ნიშანი ჰეგემონიური ძალაუფლების განადგურების შესაძლებლობის. ეს დასავლური ცივილიზაცისს არაცნობიერი სურვილიაო, ბოდრიარმა, ყოველ ჩვენგანში არსებული ტერორისტული წარმოსახვის განსხეულება, როგორც ძალადობაზე მდგარი გაბატონებული აუტანელი ზეძალაუფლების შერყევისა და დანგრევის შანსი. სწორედ რომ ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე შენობის სხეულში შეჭრით ტერორიზმმა მტკივნეული ჭრილობა მიაყენა სისტემას.


ასე შემზარავად შთამბეჭდავად დაიწყო ბრძოლა ამერიკის გლობალიზაციის პროცესის წინააღმდეგ, შორს მიმავალი მიზნებითა და იმედით, რომ განადგურებულებისა და უსასოდ დარჩენილებში არსებული შეგუბებული ზიზღი მსოფლიო ძალაუფლების მიმართ მალე სწორედ იმათ გულებშიც ჩასახლდება, რომლებიც ახლა დაუფიქრებლად სარგებლობენ დომინანტური მსოფლიო წესრიგის სიკეთეებით. დიაგნოზი: რომ ტერორისტული სტრატეგიები თავდაპირველად ძალაუფლებრივი თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერების მერე, საბოლოოდ, მისი  განადგურების სურვილსაც ჩასახავს და გააძლიერებს კიდეც.    

 

მსოფლიო ძალაუფლების მონოპოლიურმა ხასიათმა ტექნოკრატიული აპარატის მთლიან ფუნქციებში თავად შექმნა ობიექტური პირობები ბრუტალური საწინააღმდეგო დარტყმებისათვის. ამერიკული ძალაუფლების უკიდეგანო მასშტაბმა თავად ტერორისტებს, რომელბსაც არ სურდათ ურთიერთგაცვლის გენერალიზირებული სისტემის ნაწილი ყოფილიყვნენ, აგირების მხოლოდ ეს ფორმა დაუტოვა. მათ ჰეგემონიალურ სისტემაში მხოლოდ ესღა დარჩენიათ: საკუთარი სიცოცხლით ფასად მოარღვიონ გამყარებული წესები.

 

ბოდრიარის აზრით, სწორედ ამ პუნქტის შემდგომ ტერორიზმი უკვე ყველგანაა, ის ვრცელდება როგორც ვირუსი და მისი შეჩერება რთული ამბავია. ბოროტება ვირუსული გახდა, ის უხილავადაა მოდებული ყველაფერს, საზოგადოების უჯრედებს, სისტემის ნაწილებს და რაც მთავარია: ის იმყოფება ძალაუფლების გულში. ის ებრძვის და ტეხავს გაბატონებულ სისტემას, რომელსაც უსაზღვრო ჰეგემონიისაკენ მიდრეკილება აქვს თავის ხასიათში.

 

სამყაროს წესრიგი ვირტუალურად მიაწყდა საკუთარსავე საზღვრებს და რეფლექსურად ბრძოლა დაუწყო ყოველგვარ ანტაგონიზმს, მაგრამ სწორედ რომ მისი ვირუსული ბუნებისა გამო ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ აკეთებს მის წინააღმდეგ. ტერორისტული აქტის შემდეგ სისტემამ თავდაცვისათვის ერთი გზა ნახა მხოლოდ: ომები დაიწყო. ამ ომებმა კი ძალაუფლების აროგანტულობა მით უფრო  ძალუმად გაამყარა და მსხვერპლის იზოლაცია მეტად მოახდინა მთელს მსოფლიოში. ომებმა აჩვენა, თუ როგორ ცუდად გაიგო სისტემამ, თუ რა უნდათ სხვებს. მსოფლიო ძალაუფლება კიდევ  მეტად ჩაეფლო მანიქეველური ხედვის ცალმხრივობაში, რომ ისაა მხოლოდ სიკეთე  და „სხვა“ კი  ბოროტება, რომელიც უნდა დაამარცხო.  სიკეთის მხარე უპირობოდ თავად  არიან, რადგანაც ძალაუფლების ექსცესები, ტექნოლოგია, კომფორტი მათ მხარესაა. 


 

ტერორისტული აქტების შემდეგ ამერიკა, იმის ნაცვლად რომ გახსნილიყო დანარჩენი სამყაროსადმი, უფრო მეტად ჩაიკეტა საკუთარ თავში, „ სხვისი“ კიდევ მეტი უარყოფით, გლობალიზაციის უფრო მკაცრი შინაარსით, რომელიც განსხვავებულის გამორიცხვის პრინციპით მუშაობს. 

 

ტერორისტები საკუთარ ძალას სისტემის ტერორს უპირისპირებენ. მათ მიერ არჩეული გზა, ასიმეტრიული ტერორი როგორც მსხვერპლის, ასევე, სისტემის მკვეთრ რადიკალიზაციას ახდენს და შედეგად ისეთ რეპრესიულ რეაქციებს იწვევს, რომელსაც მომავალში სავარაუდოდ, სისტემის მსხვრევა უნდა  მოჰყვეს. ამ კონტექტსში სისტემის რეაქცია კი სიძლიერისა და უფრო მეტი ძალის დემონსტრაცია იყო. ეს ასიმეტრიული ძალადობის წინააღმდეგ ძალიან სუსტი მექანიზმი აღმოჩნდა. სისტემა აქამდე  მხოლოდ საკუთარ ძალთა თანაფარდობის ლოგიკას იცნობდა მხოლოდ და სიმბოლური აქტებისა და  საკუთარი თავისი მსხვერპლად შეწირვის წინაშე მოულოდნელად უძლური აღმოჩნდა. ტერორიზმი არ არის რაციონალური, არც რეალური, არამედ მხოლოდ სიმბოლური, სინგულარული რამ, ერთი პუნქტი, მცირედი მიზეზი, რომელსაც სისტემის განვითარებაზე დიდი ზემოქმედების უნარი აქვს. თვითმკვლელი ტერორისტის აქტზე სისტემას არ გააჩნია ადეკვატური პასუხი.

 

ტერორისტებმა სრულყოფილად აითვისეს თანამედროვე დასავლეთის ყველა მონაპოვარი: ფული, ბირჟის სპეკულაციები, მედიასისტემები, საფრენი სისტემების მთელი სირთულე, ყველაფერი, ოღონდ,  ღირებულებების გარეშე, უმთავრესი მიზნისათვის: გაანადგურონ ისინი და შეაჩერონ გლობალიზაციის პროცესები. ეს ადამიანები ტაქტიკური მიზნებით, ბოლომდე ეფლობიან დასავლური საზოგადოებების ყოფით ბანალურობაში, გარკვეულ მომენტამდე, სანამ ისინი პულსირებულ ბომბად არ იქცევიან მათ შორის და მათსავე სიღრმეში. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ინდივიდის მიმართ ეჭვი ბუნებრივი რამ ხდება. ეს კი ამძაფრებს მოსახლეობის შიშსა და მძიმე მოლოდინებს. დაცულობის გრძნობა თვალსა და ხელს შუა სრულიად ქრება და ნადგურდება.  

 

ომის გადატანა სიმბოლურ სფეროში მეტს არაფერს ნიშნავს, თუ არა სისტემის იძულებით მიდევნას ველზე, სადაც მას პასუხი არა აქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის დემონტაჟი მოახდინოს, შეცვალოს და გაანადგურეოს აქამდე ფუნქციონერებადი ძალაუფრებრივი სტრატეგიები, მოახდინოს საკუთარი თავის დესტაბილიზაცია და ჩართოს სისტემის თვითგამანადგურებელი ჯაჭვური რეაქცია. ახალი ტერორიზმი დასავლურ რაციონალურ კალკულაციას სრულიად უარყოფს და სისტემა სრუალიად ახალ, მისთვის უჩვეულო და უცნობ ველზე გადაჰყავს: სიკვდილისა და თვითმკვლელობის მიზანი სისტემის თვითმკვლელობაა და თვითმკვლელი ტერორისტების აქტების აბსურდულად შეფასება  კი ახლომხედველობაა მხოლოდ, ზემოქმედების დროში გაწელილ ჯაჭვურ რეაქციებს რომ არ ითვალისწინებს, ისეთი.  

 

თუ World-Tra­de Center-ს მოვლენა ამორალურია და ეს მართლაც ასეა, რომელმაც მორალური რეაქციები გამოიწვია მთელს მსოფლიოში, გლობალიზაციისაკენ მიმართული უკომპრომისო და ძალადობაზე დამყარებული მიდრეკილებაც  არანაკლებ ამორალურია თავისი ხასიათით.  ისლამი დასავლური ღირებულელების ალტერნატივაა თავისი შინაარსით და მისი სრული და ხელოვნური უგულვებელყოფა დღევანდელი გლობალიზაციის ნიშანია.  შემთხვევითი არც არის, რომ სწორედ ისლამია გლობალიზაციის  ნომერ პირველ მტრად და ბოროტებად გამოცხადებული ძალა.  

 

ბოდრიარი ტერორიზმის გვერდით გლობალურსაც მიიჩნევს ასევე ამორალურ ძალად, რომელიც თავისი არსით  ძალადობაა უნივერსალურსა და სინგულარულზე. უნივერსალურობაში იგულისხმება: ადამიანის  უფლებები, თავისუფლებანი, კულტურა, დემოკრატია. გლობალიზაციის შინაარსები კი ტექნიკას, ბაზარს, ტურიზმს, ფინანსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს მოიცავს უპირატესად, ბიზნესს, ნავთობს ...

 

ტერორისტული აქტებით სტიმულირებული პროცესები ლიბერალურ საზოგადოებებში: რეპრესია, პოლიციის საიდუმლო თვალთვალი, ტოტალური კონტროლი სანამდე მივა კაცმა არ იცის. სასამართლოსა და პენიტენციალური სისტემის არსებული ხასიათის შეცვლა-უგულვებელყოფაც ნაწილობრივ სახეზეა. გუანტანამო რეალობაა. პარდონ, გუანტანამო შემდგომ გახდა რეალობა, ბოდრიარის ამ წინასწარმეტყველების შემდგომ, როგორც მისი ანალიზის სისწორის დასტური. სახეზეა საშიშრობა, რომ საზოგადოება თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ტოტალური კონტროლის ტერორის  ხელში აღმოჩნდეს და მთლიანად მოიშალოს კიდეც მისი ფუნდამენტი: ადამიანის თავისუფლებები, რისი მაგალითებიც უკვე ვიცით კიდეც ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით მიმდინარე პროცესებში. ერთობ რეალისტურია საფრთხე, ლიბერალური საზოგადოებანი მიუახლოვდნენ, ან იქცნენ  ფუნდამენტალისტურებად. და ეს იქნება სწორედ ტერორიზმის გამარჯვება: როცა სისტემა რეპრესიულ მანქანად იქცევა შინ და გარეთ. ამის გააზრება დასავლეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი შინაარსი გახდა დღეს.

 

ბოდრიარის მიერ თანამედროვე ტერორიზმის პირველი გამოვლინებებისას გაკეთებული ანალიზი, სამწუხაროდ, სადღაც ჰაერში დაკიდებული ცოდნაა წლების შემდეგაც. სისტემების მხრიდან სტრატეგიების ცვლილებებს რეალობაში ვერ ვხედავთ, ფაქტი სახეზეა. და ტერორისტული აქტები კი თანამდეროვეობის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელსაც მხოლოდ უსაფრთხოების წესების მეტი გამკაცრებით ებრძვიან. 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED