ფემიციდი: ძალთა ახალი გადანაწილების ისტორიიდან

2016.07.14 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

სტატისტებად ქცეულმა ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ კიდევ ერთი ყელგამოჭრილი ახალგაზრდა ქალის სახელი მიითვალა გუშინ, ეს ფაქტიც მიამატეს ცნობილ რიცხვს მსუბუქი, გამახალისებელი თუ არა, მოწყენილობის გამფანტავი აღგზნების ფონზე. 

მკვლელობის ნიუანსებია საინტერესო: თუ  როგორ გამოჭრა მოძალადემ მსხვერპლს ყელი, იმის გაგებაც,  ამჯერადაც დააჭრეს თუ არა სხეულის ნაწილები მას, თუ ეს მხოლოდ წინა ფაქტის დროს მოხდა. ახლა  ახალგაზრდა ქალის  მიმართ ძალადობაში ქმართან ერთად მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ, თურმე: ისინიც ყოველდღე სცემდნენ მსხვერპლს. მიუხედავად აღშფოთებების მომენტალური შეხუვლებისა, საზოგადოების  ინტერესი ამ  ფაქტების მიმართ მაინც ერთდღიანია. თუნდაც, იმიტომ, რომ ქალების მკვლელობის მომდევნო ფაქტი ფარავს წინა ამბის აქტუალობას. ადამიანების სახეები გვავიწყდება, ისინი  მზარდი სტატისტიკის შემადგენელ მაჩვენებლად იქცევიან მხოლოდ. როყიოდ ნათქვამი: „ყოველდღე ხომ არ ხდება ეგეთი ფაქტები“ უკვე რეალობას აცდენილი გამონათქვამია, ეს ყოველ დღე თუ არა, ყოველ თვე მაინც ხდება.  

 

ფემიციდის ტენდენციას არ აღიარებს ქართული სახელმწიფო და საზოგადოების დიდი ნაწილიც.  როგორ არაო, მომიგებთ უარმყოფად. სწორედ რომ არა! ამის დასტურად ისიც კი კმარა, რომ ფემიციდის კანონის მიღება  აუცილებლობად  სულაც არ მიიჩნია ქართულმა პარლამენტმა. ამასთან, ამ თემაზე დისკუსიების დროს საზოგადოების მამაკაცურ ნაწილში მეხსიერების უპრეცენდენტო ჩავარდნების ფაქტების წინაშე ვდგებით: არ ახსოვთ კონკრეტული შემთხვევები, უფრო მეტიც, იმასაც ამბობენ, რაღაც დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან სტატისტიკის გაყალბების ფაქტებს აქვსო ადგილი. დიდი ნაწილი თავად გონიერი და საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე მამაკაცების მსჯელობაშიც არაცნობიერ დონზე  არქაული თავდაცვითი რეჟიმი ირთვება უცებ: რატომ უნდა მოხდეს ფემიციდის ფაქტების მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება, ეს ხომ მამაკაცთა დისკრიმინაციააო, ასე ისხლიტავენ და თვალს არიდებენ დამდგარი ტენდენციის სიმძიმეს. ეს მათ ცნობიერებაში  საკუთარი „მოდგმის “ თავდაცვითი მექანიზმის ამგვარად უხერხულად ამუშვებაა, არაცნობიერ დონეზე.

 

ფემიციდი ძალადობის მძიმე და მღვრიე წყლების ზედაპირზე ამოზრდილი აისბერგის  მწვერვალია, ღრმა და ძლიერი სხეულის ერთი პატარა გამახვილებული ნაწილი, დაუკვირვებელ, ან განგებ დაბინდულ ხედვაში რომ ირეკლება - როგორც უმიზეზო  დეტალი. მწვერვალს ქვემოთ და იქით კი, ყოველდღიური ფიზიკური და ფსიქიური ძალადობის, არადამიანური ტკივილისა და სისასტიკის, უძალობის, ყოველდღიურად მსხვერპლად ყოფნის მღვრიე და ჭუჭყიანი დინებებია, რომლის დანახვა სულაც არ უნდა საზოგადოების დიდ ნაწილს. ის საკუთარ თავზე შექმნილი კეთილი მითებით ცხოვრობს:  ქალი ხომ ოდითგანვე ძალიან დაფასებულია საქართველოში, ქალი დედაა, ქალი ესაა, ქალი ისაა, დედა/ ბოძი, ამგვარი და ამის მსგავსი  ბოდვებით იკეთილშობილებს თვითშეფასებას . სინამდვილეში კი, „ჩემი დედა“ და  „ შენი დედა მოვტყან“ დომინირებს ვითომ ქალის ხელის გულზე მატარებელი ქვეყნის ყოველდღიურობაზე.

 

ფემიციდი მაჩოებისაგან დომინირებული საზოგადოების ლოგიკური შედეგია, რომლისთვისაც  ქალი პიროვნება არც არის სინამდვილეში: პიროვნება, რომელიც საკუთარ ნებას თავად განაგებს, თავად ადგენს საკუთარი არსებობისა და აზროვნების საზღვრებსა და წესებს, საკუთარ არჩევანს, საკუთარ სურვილებსა და მიზნებს. ის მიიჩნევა მამაკაცის მიერ მართულ არსებად, რომელიც არც არის რეალურად პიროვნება, უფრო კი თოჯინა, ის, მოძრაობის ტრაექტორიას რომ უდგენენ. ტრაექტორიის საზღვრების არდამცავი ურჩი გამონაკლისი კი ისჯება ხოლმე, აღმზრდელობითი მიზნებით, ყოველდღიურად, დაუღალავად და პროფილაქტიკის მიზნით. თუნდაც იმიტომ, რომ არ შეაწუხოს მასზე მაღალი არსებობისა და დანიშნულების  მქონე ადამიანის - მამაკაცის არსებობა და იცოდეს საკუთარი ადგილი.  ეს მდგომარება მაჩო კაცისა და ამ ტიპის აზროვნებით მოარსებე საზოგადოებისათვის „ბუნებრივი“ მდგომარეობაა, ისეთი, „მამა/პაპათაგან“ რომ მოგვდგამს და მამაკაცის ინტელექტისა და ნების განსაკუთრებული თავისებურებებისა და უპირატესობის „აქსიომაზე“  რომ დგას. მეცნიერება და უკვე დამდგარი ახალი რეალობები კი საპირისპიროს  ადასტურებენ. ეს ორი დიდი დარტყმაა  აქსიომის თავისთავად სიცხადეში, ღრმად და ჯიუტად დარწმუნებული მამაკაცებისაგან დომინირებული საზოგადოების წარმოდგენებისათვის.

 

საქართველოში თოჯინები გამოექცნენ მამაკაცებს მათ მიერ მონიშნული საარსებო სივრცის არეალიდან. ეს მაშინ, როცა რადიკალურად შეცვლილი სოციალურ/პოლიტიკური რეალობის პირობებში, ათწლეულების განმავლობაში, ნოკაუტში ჩავარდნილი მამაკაცების გვერდით ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს ოჯახებისა და თავად ამ კაცების გადარჩენის მისია. ისინი ამოძრავდნენ და გავარდნენ მონიშნული რეზერვუარებიდან და საკუთარი სახლების ტახტებზე წამოგორებულ  და მოთეორეტიკოსო და მოუღლელად მოლაპარაკე კაცებს ჩუმად აჩვენეს გაზეპირებული, მათთვის კომფორტული და კარგად მორგებული აქსიომების სიმცდარე. მათ შეძლეს გადალახვა, გარღვევა, შექმნა. მათ შექმნეს საკუთარი თავი. და ტონიც სხვა გაუხდათ: უკვე შემდგარი და ძლიერი პიროვნების, სწორედ ისეთის, თავად რომ ადგენს საკუთარ საზღვრებს და წესებს. ასეთებს კი, ტახტზე  წამოგორებული, მოშვებული და ძველებურად  მხოლოდ რიხშენარჩუნებული სასაცილო პათეტიკოსების ძველი რიტორიკა აუტანელ ტვირთად ექცათ და მოისროლეს ისინი, სადღაც შორს, ძალაუფრებრივი მანიპულაციების სივრცის მიღმა.


ფემიციდი ამ ძალაუფრებრივი თამაშების ნიშანია, დიდი  სიმძაფრით  მიმდინარე ძალთა ახალი გადანაწილების ნიშანი, როცა ერთ აქტორს ძველებურად არ უნდა და არ შეუძლია ცხოვრება, მეორეს კი, ძველი, ამჯერად კი, უსაფუძვლო პრივილეგიების დაკარგვა. ერთადერთი, რასაც ახერხებს ამ მარცხის დროს არის ის, რომ ფიზიკურად ანადგურებს დაუმორჩილებელს.

 

ღრმა ბავშვობიდან  ერთი უმძაფრესი სახე შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ნანახის არა, განაგონის სახით. ისეთი ძლიერი და მთელი არსების მომცველი იყო გაგონილისგან მოტანილი  შთაბეჭდილება, რომ დღესაც დასურათხატებულ ამბად ვხედავ.  

 

სამეგრელოს ერთ ქალაქში, შვილმკვდარმა დედამ, საკუთარი შვილის ჯერ კიდევ არგაციებული გვამი ქალაქის ცენტრში დააგდო თურმე, გულ-ღვიძლიდან წამოსული სასოწარკვეთილი მოთხოვნით, გამოეძიებინათ და დაეჭირათ შვილის  მკვლელი. არ დავმარხავ, სანამ სამართლი არ იზეიმებსო. სწორედ ეს იყო  მისთვის მაშინ პურიც და ჰაერიც.

 

თვე არ გავა ყელგამოჭრილი და დახვრეტილი ქალების გვამები რომ არ ამოაგდოს ბილწი და მღვრიე ძალადობის მორევმა. გვამებს თვალს ნუ არიდებთ, შიგ, სახეში უყურეთ. არც იმათ, რომლებიც ჯერ გვამებად არ ქცეულან.  

 

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED