ესსე უმიზეზო სიხარულზე

2016.07.12 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

არ ვიცი, ჩემი სათქმელის ემოციურ-განწყობითი საფუძველი ის თუა , რომ  დილიდან თბილი  მზეა, რბილი და სურნელოვანი ნიავით, ფილტვებს გამჭოლი სუნთქვით რომ ბერავს და აცოცხლებს,  თუ სხვა რამე.  ფანჯარა ბოლომდე გამოვაღე და მთელი ოთახი  გამჭვირვალე თბილმა ჰაერმა გაავსო, ფოთლებისა და მიწის  სუნით, სწორედ ისეთით, მხოლოდ ზაფხულში რომ იცის ხოლმე.

ზაფხული მიყვარს , ალბათ,  ჩემს დაბადებით უმიზნო კეთილგანწყობებს  კიდევ უფრო  რომ ამყარებს იმიტომ, ერთ ბეწო ყანყალა უსაფუძვლო სევდას  რომ მიაძინებს ხოლმე დროებით.  შინაგანი  კი იფურჩქნება უპრეცენდენტოდ  ბრდღვილა უმიზეზო სიხარულად. შორტები ამოვიცვი, მსუბუქი და რბილი, სასაცილო ჩიტებით მარჯვენა ჯიბესთან და  ფეხშიშველამ აქეთ-იქით, ოთახიდან ოთახში ვიბოდიალე, უსაქმო და მოშვებულმა.  

 

იქნებ, ისიც, რომ გადავწყვიტე დღეს არ წავიდე ოფისში  და მთელი დღე გავატარო მხოლოდ იმპულსური სურვილებითა და განწყობების მიხედვით, ანუ სხვაგვარად  და არა ყოველდღიური დაგეგმილი რუტინის წესით: ვიკოტრიალებ სავარძელზე, საათობით ვისეირნებ ტყეში, ვიცურავებ ტბაში და ჩემს საყვარელ პიცას შევჭამ იტალიელ ენცოსთან.  ეს ის ენცოა, ყველაზე საუკეთესო და ყველაზე იტალიური პიცა რომ აქვს მთელს ჰანოვერში, ფაქტიურად,  პიცური სრულყოფილება.  მაღალი , ჭაღარა და იტალიური წესისამებრ, მაგრამ უკვე  ექსმაჩო ენცო თავის პატარა პიცერიაში  სტუმრებს თავად გვხვდება ხოლმე ყოველ ჯერზე, ხელს ჩამოგვართმევს, მოგვიკითხვას, იტალიურნარევი გერმანულით მოგვიყვება სიახლეებს პოლიტიკისა და იტალიის ამბებზე, მერე გვკითხავს, ისევ ის პიცა გვინდა, როგორც მაშინ, თუ იქნებ, ამჯერად, სხვა. ყველაფერი ახსოვს საკუთარი კლიენტების ჩვევებისა და გემოვნების თავისებურებებიდან, დაუზარელი ყურადღებით გევლება თავს, ბოლოს, აუცილბელად  მოგისმენს, თუ როგორ მოგეწონა  დღეს მისი პიცა და ხელოვნური თავმდაბლობით იღებს აქამდე ათასგზის მოსმენილ დამსახურებულ კომპლიმენტებს.

 

იქნებ , სათქმელის საფუძველი ისაა, რომ სანამ მე ოთახიდან ოთახში დავბოდიალობდი, ჩემმა მეუღლემ საუზმე მომიმზადა, ისეთი, როგორ ყოველთვის: მოულოდნელი და ყოველ ჯერზე ახალი დეტალებით,  ჩვეულებრივობის  მოწყენილობას რომ დაგავიწყებს კაცს. ალბათ, უფრო  იმის დანახვა,   ასე გულისამაჩუყებლად მზრუნველი რომ არის იგი.

 

არა, მაინც მგონია, ჩემი განწყობის საფუძველი სწორედ გუშინდელი აზრია, ერთი ძალიან ჭკვიანი ქალის გვერდზე რომ წავიკითხე და მას შემდეგ მოულოდნელად  აეკრა ჩემს  მგრძნობელობას, მყისიერი მოწონების იქითაც შემომრჩა  და შეაღწია უფრო ღრმად, სააზროვნო საფუძვლებშიც:  

მე ჩემი ხუთი შვილითა და ქმრით ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარო. ბედნიერი ვიქნებოდი, შვილებიც რომ არ მყავდეს. ბედნიერი ვიქნებოდი მაშინაც, ქმარიც რომ არ მყავდეს. ბედნიერი ვიქნებდი, სახლი რომ არ მქონდეს. ყოველთვის ვიქნებოდი ბედნიერიო. ისე მომიცვა ამ აზრმა, ისე საფუძვლიანად შეაჯანჯღარა  მთელი ჩემი პრეტენზიული მრძნობელობა,  აზრი და ხედვა, წინმსწრაფი და ზემოთ მაყურებელი, შორს მიმავალი მიზნების მჭვრეტელი და იქითკენ მოძრავი,  მაგრამ აქვე და გვერდით არსებულის  ვერდამნახველი  შორსმხედველობის დეფექტის გამო,  რომ მისი გავლენის ქვეშ ვარ  ჩემი ცხოვრების  ეს ბოლო ორი დღეა. ეს ის შემთხვევაა, მისი უდიდებულესობა ყოფნა, სწორედ თავად ის,  ლოყაზე  მსუბუქად რომ შემოგცხებს ხოლმე სიყვარულით და  მოულოდნელი  ბიძგით შეგიყანყალებს სამყაროს ცენტრს,  ვითომ თავისთავად ცხად გაქვავებულ გარკვეულობას, მანამდე  ერთადერთი ჭეშმარიტების  სიამაყით რომ არის სასაცილოდ გაჯგიმული ჩვენსავე  ცენტრში.

 

და გადავწყვიტე ვისწავლო თუ როგორ შეიძლება სრულიად არაფრისაგან, ან მცირედი მოცემულობისაგან სიცოცხლის დაგემოვნება.  აი, იმ  ყურადღების გაცოცხლება,   სუშის ჭამის დროს რომ გჭირდება კაცს. სრული კონცენტრაცია პააატარა და მსუბუქი სუშის ნატიფი ოთკუთხედის მიმართ, თითქოს ის იყოს ახლა  შენი სურვილებისა და ინტერესის ერთადერთი საგანი. ნელა და დაკვირვებით, ენაზე გემოს რეცეპტორების  თანმიმდევრული გაცოცხლებით   იშვიათი სინატიფის მგრძნობელობას რომ აღვივებს შენში. მანდ სწრაფი და დაუკვირვებელი ქცევა წესების შელახვაა, სრული სიცარიელით,  გაუგებრობითა და გაწბილებით  რომ მთავრდება. 

 

ჩვენ მარადიული  მოწაფეები ვართ,  თუ ყურები გვექნება დაცქვეტილი. ცოდნა ჰაერში ტრიალებს, ჰაერშიც, მიწაზეც, გვერდით, სამეზობლოში, ქუჩაში მიმავალ ადამიანშიც, დედის სიტყვებშიც, ქმრის მზერაშიც, შვილის სიცილშიც, უცნობის რეპლიკაში, ენცოს პიცაშიც.   ის განზავებულია მთელს სამყაროში.  სამყარო ერთი დიდი მესიჯია დაცქვეტილი და წაგრძელებული ყურებისათვის.  ის სულ აქააა. მგრძნობელობისა და აზრის გაფართოვებისადმი  უშიშრობის რეზერვუარში. 

 

 

 

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED