საქსონიის დროით - საქართველოს დროა

2016.07.11 ავტორი: მარი დიაკოვას ბლოგი

გასული წლის ნოემბერში საქართველოდან გერმანიაში წამოვედი ოჯახით. ვიცოდი - წლების მაძილზე ვეღარ ვიხილავდი საქართველოს. ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ მივემგზავრები თან მახლავს მღელვარება და შფოთი; და კიდევ რაღაც იდუმალი შეგრძნება სიცივის, რომელიც თვითმფრინავში კიდევ უფრო მიმძაფრდება. მობუზული და დამფრთხალი ჩამოვაღწიე გერმანიამდე. გერმანიას კი ჩემთვის საჩუქრად ქალაქი ციტაუ ჰქონდა.

მე დღეს ციტაუში ვცხოვრობ, თუმცა მანამდე ხელის კანკალით  ჩემი ქვეყნიდან ცოტაოდენი სითბო წამოვიღე, რომელიც სულ რაღაც ერთ მომცრო ზომის ხელჩანთაში ჩაეტია.


8-9-10 ივლისი - ციტაუში მორიგი ტრადიციული ქალაქის კულტფესტივალია. ჩვეულებრივ  წყნარმა, ჩუმმა და გერმანულად მშვიდმა ქალაქმა გაიღვიძა - აჭრელდა, ახმაურდა, ამოძრავდა.

 

უამრავი ხალხია დღეს ქუჩებსა და მოედნებზე. ქალაქის სპეციფიკური მდებარეობა ეროვნებათა სიმრავლესაც მოიცავს - ამ ქალაქში სამი ქვეყანა მეგობრულად იყოფს საზღვარს - პოლონეთი, ჩეხეთი, თავისთავად გერმანია. სტუმარ-მასპინძელთან ერთად დღეს გვერდით ჩაგივლის ბავშვობის საყვარელი გმირიდან დაწყებული, დაკვირვებული პოლიციელით დასრულებული რეალობა. ასევე სპეციალურად ამ ღირშესანიშნავი დღესასწაულისათვის ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ 1000 ატრაქციონთა წკრიალი და ბზრიალი კიდევ უფრო მატებს სიცელქეს ნებისმიერ ბავშვს.

 

დღეს, საერთო კისკისის დღეა აქ. უფრო კი ატრაქციონთა შორის მორბენალი ფართოდდაჭყეტილთვალებიანი ბავშვებისთვის. უფროსები ცოტათი უფრო დინჯად, მაგრამ ანთებული თვალებით დასეირნობენ "საოცრებების" მოლოდინში. დღეს აქ ყველა  ერთმანეთის გაოცებას ლამობს - თეტრალური წარმოდგენებით, სიმღერით, ცეკვით, საკუთარი სამზარეულოებით სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

და აი, მეც აქ ვარ, ჩემი ორი შვილით. ორი შვილი, თითქოს, ათასად იქცა - საითაც გავიხედავ ყველგან ჩემი შვილებია. ამდენ ათას ადამიანში ორი გამორჩეული პატარა  დარბის - გახარებული და თმამოფრიალე ანასტასია და თვალებციმციმა, ცელქი მიშიკო.  ისინი დღეს ყველასგან გამოირჩევიან  და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილებზე ვწერ ახლა... ისინი ქართველები არიან - ქართულ ეროვნულ სამოსში. ამას ნებისმიერი მიხვდებოდა, მაგრამ გერმანიის ამ ქალაქში მათ ირგვლივ უამრავი ცნობისმოყვარე გერმანელი შეყრილიყო მთელი რიგი შეკითხვებით.

 

-"WIR SIND AUS GEORGIA!"

 

აქვე ვიტყვი, რომ მათ შორის, ვინც ამ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას და თავისი კულტურისა და ქვეყნის გაცნობას ეწეოდა, მხოლოდ ჩვენ გვხვდა წილად მოვმხდარვიყავით მასმედიის ყურადღების ცენტრში, რაც დაიბეჭდა კიდეც  "SACHSISCHE ZEITUNG"-ში.

 

ამაყი ვარ და  მიხარია, რომ  მხვდა წილად პირველობა ამ ქალაქში წარმედგინა საქართველო.

 

როგორც აღმოჩნდა, სითბო რომელიც მე წამოვიღე ვერ დაეტია მომცრო ზომის ჩანთაში და მთელი ქალაქი დაათბო.

 

2016წ.

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED