სამზარეულოს ალქიმია

2016.07.05 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

ეს საქმე ძალიან გვიან დავიწყე. თუმცა, „ადრე“ და „გვიან“ აქ  ერთობ პირობითია. ნებისმიერს მაშინ მოსდის, როცა ბედისწერა მას აჩუქებს მისიას, იყოს ქურუმი ქალი. 

ჩემს ბავშვობაში ჩვენი სამზარეულოს ბატონ-პატრონი ქალები  ნამდვილი ქურუმები იყვნენ. ცნობილი იყო მათი განსაკუთრებული ხელი და უნარები, ლეგენდად რომ დადიოდა სამეზობლოსა თუ ნაცნობ- მოყვრებში.  


არა  იმიტომ, მათ ბეჯითად  ჰქონდათ ნასწავლი მზარეულობის ტექნიკური ავან-ჩავანი. ტექნიკა, რეცეპტი და მისთანანი  ამ საქმეში მხოლოდ დასაწყისია. ის ყველას აქვს, ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად.  ამ ცოდნის მიღმა  იწყება  სწორედ სამზარეულოს მისტერია: სიცოცხლისათვის მსახურების ყოველდღიური ჯაფა, ზემოდან მობარებულ ადამიანებზე ზრუნვის წიაღში. და მზარეული ქალი აქ იქცევა ნამდვილ ქურუმად: სიცოცხლის, ჯანის სიმრთელისა და  სიამოვნების მსახურ რჩეულად.  დაუკვირვებელ თვალს მხოლოდ მორიგი სადილის კეთება  ჰგონია, ყოველდღიური და მოსაწყენი, ყოფის ოხშივარში გახვეული დამღლელი ერთფეროვნება. მზარეულს ირონიულ- შემწყნარებლურ მზერასაც  მიმართავს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებული. სინამდვილეში კი, ეს მზერა უცოდინარობა და თვალის სიბეცეა,  უუნარობა მარტივსა  და რუტინულს იქით დაინახოს სიცოცხლის მისტერია. 

 

სამზარეულოს მისტერია შედგება მაშინ, როცა ადამიანი მოგეცემა, რომელსაც ემსახურები.

 

როცა ის მომეცა, სამზარეულო ჩემი არსებობის უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა, მანამდე უცნობი და გაუგებარი,  გაუგებარი, თუ რა უნდა მოეტანა მას ჩემთვის. საკუთარი სიცოცხლის შემაწუხებელ გაფლანგვად  მიმაჩნდა ამ სივრცეში  დაკარგული ჩემი კუთვნილი დრო, მისი ყოველი წუთი.  ეს ის ხანაა, როცა მეგონა, ადამიანის „მეში“  გაურკვეველი წარმოშობის ეგოისტური მოძრაობები და ჭინთვები იყო  სამყაროს ცენტრი, მისი თავი და ბოლოც.  

 

სინამდვილეში, ადამიანზე ზრუნვაა ის, რომელიც გამოგანგრევინებს საკუთარი „მეს“  ეგოისტური დახშულ სივრცეს, სულს რომ გიხუთავს ჩაკეტილობის ბეც და ნაცრისფერ  შეზღუდულობაში. ზრუნვაა  საკუთარი ექსისტენციალური ყოფნის ღიაობა, სიცხადე და გარკვეულობა. ადამიანი მანდ  იშლება მთელს სამყაროში, როგორც საჭირო ენერგია, ძლიერი და ქმედითი სითბო და სხივი. ისევე,  როგორც  ოხშივარი სამზარეულოში, სიცოცხლის აქყოფნის კვალი. ჯადოსნობა არასოდეს მეორედება, ის ყოველ ჯერზე ერთადერთია: ადამიანის ნების, მონდომების, აზრისა და ფანტაზიის, ძვირფასი ადამიანზე ფიქრისა და მისდამი სიყვარულის განხორციელება,  რეცეპტებსა და ჩვევებს მიღმა: ინდივიდუალური აქტი.

 

სითამამე,  ახლისა და  ერთჯერადის კეთების მოტივი უმთავრესია სამზარეულოს ქურუმთათვის . ეს  დიდი ალქიმიური ექსპერიმენტების ლაბორატორიაა, სადაც  მთელი სამყაროს სამზარეულოთა სიბრძნეები და მოპოვებული საიდუმლოებათა „ქვა“  და ინსტრუმენტი : სანელებლებია უხვად თავმოყრილი.

 

სანელებელი სამზარეულოს ალქიმიის ქვაკუთხედია,  განუმეორებელი პროვოკაციების წყარო,  თავისი  წარმომავლობის მიწის, ცისა და წყლის ძალებს  რომ ატარებს საკუთარ თავში . ისინი ადამიანთა  მოდგმის სამსახურში არიან კეთილი სულების მსგავსად: სულისა და სხეულის ჰარმონიის, ენერგიების,  სიამოვნებისა და უკვდავების ძალის პატარა მატარებლები.

 

ქართული, ფრანგული, ირანული, ჩინური თუ ტაილანდური, მრავალი და მრავალი მიწისა და ცის   ფერადი და სურნელოვანი გზავნილები  ის პალიტრაა, ადამიანის  დღეს რომ ქმნის საჭიროებისამებრ:  მშვიდსა თუ მეტადრე ენერგიულს, აგრესიულსა თუ ჰარმონიულს,  წინმსწრაფს,  გამტანსა, თუ უკანდამხევი წონასწორობის მსურველს.  სანელებელი ალქიმიის უმთავრესი ესენციაა: განმსაზღვრელი ელფერი და მიმართულება, ენერგეტიკული კრებული, არაცნობიერ  დონეზე,  ყოველ ჯერზე თავიდან რომ იგონებ გასუსული სწორედ დღევანდელი სურვილებისათვის, მგრძნობელობის ყველა საცეცის დასაკმაყოფილებლად.  

 

და უწყება  და მიმართვა  იმ  ადამიანისადმი, რომელსაც ეკუთვნის ქმედების მთელი სისავსე.

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED