ცხოვრება ომია, ძმაო!

2016.07.01 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

ქართველობის დაცვისათვის კიდევ ერთი მასშტაბური და შთამბეჭდავი ომის მომსწრე გავხდით ოცდამეერთე საუკუნეში. ჰა, დაიზაფრეთ?! როგორ გამომეპარაო, იფიქრეთ, ვინძლო? მე სად ვიყავიო მაშინ, დასვით ხომ  შეკითხვა?! ეგ არაფერი, ძალიანაც ნუ იდარდებთ, უკანასკნელი ათწლეულების ომები საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  თუ შეიტყო, ისიც როგორც  ფაქტი, აი, ისეთი, სადღაც პლანეტის სხვა ნახევარში რომ ხდება ხოლმე და ჩვენს ინფორმაციულად დავიწროვებულ სამყაროში მყისიერად რომ მოგვეწოდება, როგორც სტატისტიკური მოცემულობა, რიცხვებითა და შეჯამებული მონაცემებით.

აი, ისე, მუზილის აფორიაქებულ  გმირებს საშინელი ავტოკატასტროფის შემსწრეთ, სტატისტიკას რომ მიაშველებენ, წელიწადში ასი ათასი  კაცი კვდებაო ამ გზით და მათაც მყისიერად მოეშვათ გულზე, სისტემატური ცოდნით შეიარაღებულებს.  

 

ომები  რეალურად  დიდად არ შეტყობია ქართველი კაცის ყოველდღიურ ყოფასა და  აზრთა დინებას დიდუბესა და ვაკეში. აბა, როგორ შეეტყობოდა, როცა ტანკებმა თბილისის შესასავლელიდან გადაუხვიეს და არ დაურღვიეს  სიმშვიდისათვის საჭირო ადგილი და სივრცე. მტერმაც იცოდა, რომ თბილისს არ უნდა მიკარებოდა. მცოდნეა მამაძაღლი.   

 

დღევანდელი ომი სადღაც აფხაზეთთან, ან სამაჩაბლოს კარიბჭესთან კი არ მომხდარა, არამედ  ზეციურ არა და, ვირტუალურ საქართველოში, ფეისბუკის ველზე. მსხვერპლი სახეზეა, ათასობით ცუდი სახელის მქონე ქართველობის უგულვებელმყოფი „რომაელზე უარესი“,   მგზნებარე მამულიშვილებმა დაუნდობლად რომ მოსრეს თავიანთი გულებიდან არა და, ფრენდლისტიდან.

 

და ომის მთვარსარდალი?! ამგვარი მგრძნებარების  მამულიშვილი სხვა დროსაც რომ ჰყოლოდა ქართველებს, დარუბანდისა  და კიდევ მეორე რომ არის,  იმის  მითი რეალობად გვექცეოდა  დღეს ჩვენ და ხვალ კიდევ, ჩვენს შვილებს. მისი სიტყვების მგზნებარება მთრთოლვარე ტალღად გვივლის ქართველობა ჯერკიდევ შენარჩუნებულ და დნმ/იდან ჯერაც არგამორეცხილ მოსახლეობას. თუ გაგაჟრიალა, ე.ი, ქართველი ხარ !  

 

„ვინაც ქართული ენა რომაულის ქვეშ არტახებში  მოაქცია, ანუ „ზედმეტი სახელის“ გრაფაში ჩაწერა და ფრჩხილებში მოათავსა, ის „რომაელზე“  უარესია, რადგანაც მან მისივე სურვილით ქართული დედა(ენა) გადამთიელს  ქვეშ დაუწვინა!!!

 

სირცხვილი ასეთ ქართველს!!! გონს მოდით, ბედოვლათებო! ნუთუ, მთლად გაგიშრათ და გაგიხმათ ეროვნული სიამაყის განცდა???“

 

თუ დაგაჟრიალა, დაალაიკე, თუ უფრო ღრმად, დააშეარე! ეს სიტყვები ომების ისტორიას უნდა შემორჩეს, როგორც მთვარსარდლის რიტორიკული ხელოვნებისა და  სტრატეგიული აზროვნების ნიმუში, ზუსტად რომ იცის მეომართა ზნე, მამოძრავებელი მუხტი და დიდი მიზანიც.

 

ვალმოხდილი მეომრების  მგზნებარებაც  აღუწერელია. ჟამთაღმწერლად ვერ გამოვდგები, ამისთვის  ნიჭი არ მიბოძა ზემოდან ზეცამ. მაგრამ ერთი კია:  გამაჟრიალა და გარანტირებულად გაგაჟრიალებთ თქვენც, თუ წაიკითხავთ  ველიდან და საკუთარი კედლებიდან  დაბრუნებულების პატაკს მთვარსარდლისადმი, რომ დაუნდობლად მოაშთეს „რომაელზე უარესები“ თავინთ ფრენდლისტიდან  არა და, სამეგობროდან,  ბედისწერის თუ არა, ფეისბუკის მიერ ბოძებული  სიიდან.  კი დარჩნენ ერთი ორი ღერი ქართულსახელებიანების იმედზე, მაგრამ ჯანდაბა, საკუთარ თავსა და ვირტუალურ ინტერესებს!   

 

არ ვიქნებოდი ობიექტური ადამიანი, კიდევ ერთ ომს თუ დავივიწყებდი ქართველობის სახელით ჩატარებულს, ერთი- ორი წლის წინათ, თბილისის ცენტრში,  რუსთაველის გამზირზე მიმდინარეს.  როცა ათიათასობით ქართველი გამოვიდა სულიერი მამების თაოსნობითა და მეთაურობით,  ისე, როგორც ადრე, საუკუნეების წინ,  ოცი, მაგრამ ქართველობის  ყველაზე ეფექტურად წამბიწველების წინააღმდეგ. ადრე რიცხობრივი შესამაბისობა მოწინააღმდეგეებს შორის პირიქით კი იყო, მაგრამ მანდ მტრის ეფექტურობაა გადამწყვეტი ფაქტორი. ქართველობის სახელითა და ქართველობის დამცველებმა  სულ კუდით ქვა ასროლინეს  მაგ პიდარასტებს,  ავტობუსებში შეყარეს მძლავრად.  აი, მანდ გამოჩნდა, თუ რა შეგვიძლია ჩვენ : გავეშება მტრის წინააღმდეგ, ზეადამიანური ძალა და ფრენები.

 

ომი შეგვიძლია, ამას ვერავინ  წაგვართმევს. კაცმა არ იცის, თუ კიდევ რამდენი გველოდება წინ: მძიმე ყანწით ხელში სუფრაზე,  ანუ ქართველობის გაკვეთილებზე, თუ ქუჩაში, ბირჟაზე გაგების სიყვარულში, ან გაგებასა და სიყვარულში.  ეკლესიებიდან გამოსულებს  არამართლმადიდებლებისა, თუ ნაკლებადმართლმადიდებლების, ვიღაც ვეგანებისა, თუ ყვავილებიანშარვლიანი ვითომქართველების, კუდზე ყავარგადებული, წიგნის ჭია, მოპიდარასტო ლიბერალების, მენატოვე, მედასავლეთე, თუ  ათასი ჯურის პროფესიონალი ქართველობაწამრთმევების შემხედვარეს. მტერი ბევრია, მთავარია, არ მოვდუნდეთ.  

 

ცხოვრება ომია,  ძმაო! 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED