კაკაფონია Brexit- ის ფონზე

2016.06.28 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

Huuuuuuraaaa!  - იხუვლა  ბრექსიტის მომხრე პოლიტიკურმა ისთაბლიშმენტმა რეფერენდუმის შედეგების გაცხადებისას. მემარჯვენე პოპულისტმა ნიგელ ფარაგიმ ახალი „დამოუკიდებლობის დღედ“ შერაცხა 23 ივნისი დიდი ბრიტანეთისათვის.

Vote Leave - take control - ბორის ჯონსონის ბრექსიტკამპანიის მთავარი სლოგანი, „დავტოვოთ და ავიღოთ კონტროლი ხელში“,  გასაოცარი სისწრაფით, მაგრამ ერთობ  პარადოქსული შინაარსით განხორციელდა სულ რაღაც ორ  საათში ბრიტანულ სააქციო ბირჟებზე  და სენსაციური ნიშნულით  ფუნტის ისტორიისათვის: უკანასკნელი ოცდაათი  წლის განმავლობაში მისი ღირებულების გაუგონარი ვარდნით და ბირჟებზე ნამდვილი  ტურბულენტური რყევებით,  აქციების ფასის ათპროცენტიანი შემცირების  შედეგით.

 

შთამბეჭდავი 5 ბილიარდი დოლარის დანაკარგი სახეზეა. პირველ საათებსა და დღეებში მხოლოდ  გერმანულ ბირჟებზე 95 მილიარდი ევროს ღირებულება ჰაერში გაუჩინარდა.  

 

ბრექსიტის დიდი სიკეთე იქნება ის, რომ ემიგრანტებისაგან დავიცავთ დიდ ბრიტანეთსო, აცხადებდნენ კამპანიის აქტიური სახეები:  გერმანული წარმოშობის გიზელა სტიუარტი ლეიბორისტთა პარტიიდან და პრიტი პატელი, ინდოელი წარმოშობის მშობლებით, რომლებიც უგანდაში ცხოვრობდნენ.

 

მაგრამ „დიდი გამარჯვების“ შემდგომ ბრექსიტის მამები რატომღაც არ ჩქარობენ ლისაბონის ხელშეკრულების 50/ე პუნქტის სასწრაფო წესით ამოქმედებას, ევროპის საბჭოსადმი მიმართვას რეფერენდუმის შედეგების აწ უკვე რეალურად ამუშავებისათვის და ევროკავშირიდან ქვეყნის  გამოსვლის იურიდიული პროცედურების დაწყებას,  ევროკავშირს ფუნქციონერების  მხრიდან მკაცრი და საქმიანი მოთხოვნის მიუხედევად, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ეს. ბორის ჯონსონმა, ბრექსიტის მამამ და ვარსკვლავმა, ჯერ არ ვხედავთ საჭიროებას ევროკავშირიდან გასვლის რეალური ნაბიჯის გადადგმისათვისო, ბრძანა. როგორც ჩანს, დაუნსთრიტის 10 ნომერში მისი კარიერული ტრიუმფალური აღმასვლისათვის ეს ამბავი ახლა უკვე სულაც არ არის გადაუდებელი აუცილებლობა.   

 

საკუთარ ქვეყანაზე  „კონტროლაღდგენილ“ ბრიტანეთში რეალურად სრული უკონტროლო ქაოსია: ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური შინაარსის. შესაძლო საკონსტიტუციო კრიზისითა და რეცესიით : შოტლანდიელები დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის რეფერენდუმზე ფიქრობენ, 3 მილიოზე მეტი ადამიანი განმეორებით რეფერენდუმის გულუბრყვილო მოთხოვნით პეტიციებს ადგენს,   კამერონმა ხელი დაიბანა, მას სულაც არ უნდა საკუთარ მხრებზე ატაროს, თუნდაც, ოქტომბრამდე, ბრექსიტის შედეგების პასუხისმგებლობა და ცნობილი 50/ე პუნქტის ამუშავების საშიშროებები. გამარჯვებულ ბრექსიტელებს კი არც კონკრეტული გეგმა აქვთ და არც ზუსტი წარმოდგენა, თუ რითი დაიწყონ და რა გააკეთონ უკვე დამდგარი ახალი რეალობის პირობებში.

 

მეორე მხრიდან, ევროკავშირის მაღალი რანგიის ფუქციონერები არ მალავენ გაღიზიანებულ ტონს ბრიტანეთის მიმართ და მოითხოვენ მის  სასწრაფოდ გასვლას ევროკავშირიდან,  პროცესების დაუყონებლივ დაწყებას, ახლავე  და სამშაბათამდე. ევროსაბჭოს სხდომაზე დემონსტრატიულად არ იწვევენ ჯერაც ევროკავშირის წევრი დიდი ბრიტანეთის დელეგაციას. გერმანული  მხარე კი, გერმანული პრაგმატიზიმისა და თავშეკავებულობის წესით , ზომიერი  სიმშვიდით რეაგირებს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე მუშაობს საფრანგეთისა და იტალიიის პირველ პირებთან ერთად, კონსულტაციების ფორმატში. უფრო ფართო მასშტაბის  შეკრებებს ამზადებს და ევროკავშირის ახალ გეგმებსა და პროექტებზე ლაპარაკობს უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლისა და ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროექტების საკითხებზე.

 

დომინოს ეფექტის საშიშროება  სახეზეა, ეს იციან ბრიუსელში. მაგრამ  ეს დღეს არ დაწყებულა, არამედ გუშინ ნაციონალური სახელწმიფოებისა და საზოგადოებების ყველაზე ღრმა ულტრანაციონალური დინებების წიაღში.  

 

სოციოლოგი ბენედიქტ ანდერსონი თავის წიგნში Imegering Comminities წერს,  ნაციებს აქვს წარმოდგენები , რომ იდენტობა მაშინაა მყარი და ძლიერი, როცა ის უცხოსაგან თავს შემოისაზღვრავს და აგრესიულად  გამოაცალკევებს: პეგიდას მომხრეები არიან თანამედროვე  მამაკაცები, რადგანაც მუსლიმებს ქალთა პრობლემები აქვთ. თეთკანიანი ამერიკელები არიან  „great“, იმიტომ რომ მექსიკელი ემიგრანტები ყველა კრიმინალები არიან (დონალდ ტრამპი). ბრიტანელებისათვის კი ის „სხვა“ და მტრული „უცხო“  ევროკავშირი გახდა : ბიუროკრატების იმპერია, რომელიც ემიგრანტებს უგზავნის მათ.  და დიდი ბრიტანეთი ისევ great გახდება, თუ ის ამ მოსტრისაგან გათავისუფლდება (ბორის ჯონსონი).

 

მიუხედავად იმისა, რომ  ევროკავშირი 28, დღეს კი, დე ფაქტო,  27  ნაციონალური სახელწმიფოსაგან შემდგარი ერთი პოლიტიკური ერთეულია, 24 ენით, 505 მილიონი ადამიანითა და 16,9 ბილიონი ევრო ბრუტო სოციალური პროდუქტით და აბსოლუტურად ყველა  ნაციონალურ სახელწმიფოს დიდი ეკონომიკური ხეირი, გადაადგილებისა და ქმედებების სიკეთე აქვს ამ ფორმატში, ნაციონალური საზოგადოებების წიაღში  ევროპასკეპტიკოსები ბრიუსელის მხრიდან  პოლიტიკური ძალაუფლების ფაქტს აგრესიულად აპროტესტებენ. ბიუროკრატიის დიქტატი ჰიპერბოლიზებულად მონსტრად  წარმოისახება ნაციონალური იდენტობისა და დამოუკიდებლობის სპეციფიური წარმოდგენების მქონე თავებში.   მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, გერმანელს გერმანელობას, პოლონელს პოლონელობას, ან ფრანგს ფრანგობას არავინ უშლის და რეალურად  ნაციონალური და კულტურული განსხვავებულობის მთელი კალეიდოსკოპია ევროპა, მაინც: ნაციონალურ სახელწმიფოებში ამ ერთობის წინააღმდეგ ამუშავებული ულტრაკონსერვატორული ურაპატრიოტული ძალები ისეთი ძლიერები არიან დღეს, როგორც არასდროს.

 

ევროპასკეპტიკოსები  ნაციონალიზმის ირაციონალური სიამაყისა და იდენტობის გამძაფრებული გრძნობების  მანიპულაციებს ახდენენ, სწორედ რომ უცხო, ამჯერად კი, ევროემიგრანტების, ლტოლვილების წინააღმდეგ, იმის უგულვებელყოფითა და შეგნებულად მიჩქმალვით, თუ როგორი მნიშვნელოვანნი არიან ისინი  მათი ეკონომიკებისთვის. ევროკავშირის მსხვილი ფინანსური დახმარებების წინააღმდეგ არავინაა, უფრო პირიქით, მაგრამ ვალის უკან დაბრუნებისა და ერთიანი ფინანსური პოლიტიკის რეჟიმების წინააღმდეგ კი აუცილებლად გამოდიან და ამ კონტექსში, ბრიუსელის დიქტატს ნაციონალური დამოუკიდებლობის შევიწროვებად აღიქვამენ. კარგია სარგებელი პასუხისმგებლობის გარეშე.

 

ყველა მათგანი სარგებლობს უსაფრთხოების ზოგადევროპული სისტემის სიკეთეებით, ამ საქმისათვის აუცილებელი კოლოსალური ფინანსური უზრუნველყოფით, რაც ცალკეული ქვეყნებისათვის სრულიად წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნებოდა: განსაკუთრებით კი, რეალურად არსებული გლობალური საშიშროებების კონტექსტში. მაგრამ ერთობლივი პრობლემების, მაგალითად, ლტოლვილთა კრიზისის დასაძლევად, დიდ ინიციატივას მაინც და მაინც არ იჩენენ, ეს პრობლემები ერთი/ ორი მსხვილი ევროპული სახელმწიფოს ანგარიშზე გადადის.  

 

გულზე ხელისბრაგუნა ულტრანაციონალიზმის ირაციონალური ყიჟინის ფონზე თვალსა და ხელს შორის იკარგება რაციონალური, გათვლითი და პრაგმატული მიდგომები, რომელიც სასარგებლოსა და ეკონომიკური/პოლიტიკური  მიზანშეწონილობის პარამატრებს აიგნორირებს. თუმცა, დაიგნორირება და  თავის მოკატუნება დიდ ხანს არ გასტანს:  ფუნტი სტერლინგის ღირებულება დაეცა და ეს ფაქტი  გამარჯვებული და „კონტროლდაბრუნებული“  ბრიტანელის ჯიბეზე უსწრაფესად აისახება. ეს მომავალი უკვე დადგა, არც თუ ისე სახარბიელო პროგნოზების კონტექტსში.

 

და მაინც: რაციონალიზმი, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობა და თითქოს მივიწყებული, მაგრამ საოცრად ქმედითი და ევროპის, როგორც პოლიტიკური იდეის, სიცოცხლისუნარიანობა უპირობოა: ის ამ კრიზისსაც დაძლევს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED