ოდა სოციალურ ქსელებს

2016.06.20 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

სოციალური ქსელი კაცობრიობის დიდი აღმოჩენაა, თან, აღდგენილი სამართლიანობა და შემდგარი უპირატესობაც,  ამას სრული დარწმუნებით ვამბობ.  ინსტრუმენტი მჭვრეტელი სუბიექტებისათვის, უპირატესობა კი -  დაჩაგრულთთავის . ეს იმიტომ, რომ ადამიანებმა, განათლებულებმა, თუ გაუნათლებლებმა, დიდებმა თუ  პატარებმა, ძლიერმა ამა ქვეყნისა თუ  არც თუ ისე ძლიერებმა, სუსტებმა და ჩაგრულებმა, ქალებმა  თუ კაცებმა დაიწყეს თავიანთი აზრების, განწყობების ყოველი შეღიტინებისა, თუ ყოფის ყოველი წვრილმანი გამოვლინების  წერილობითი ფორმით დაფიქსირება.

ადრე წერა მხოლოდ გამორჩეულების,  მწერლებისა თუ ანალიტიკოსების, მეცნიერებისა, თუ პენსიაზე გასული  საიდუმლო აგენტების პრივილეგია  იყო: კაცობრიობას შემორჩენოდა მათი აზრთა დინება და დანარჩენები კი მერე გავცნობოდით ჩვენსავე ვნებებს.

 

სინამდვილეში, სულ რომ ვერ ვცნობდით შემდგომში მათ,  სხვის მიერ უცნაურად კოპირებულ/გადატანილს, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს, სწორედ  იმ ფორმით. სწორედ იმ საშუალოსტატისტიკური ადამიანების, ადამიანებისა თვისებების გარეშე, რომელთა მიმართაც ჩემს უსაყვარელ მუზილს ამოჩემებული ინტერესი ჰქონდა რატომღაც,  ვნებები არც არავინ იცოდა პირდაპირ და უშუალოდ,  მათ ავთენტურ პირველსაწყისში. ეს, კაცმა რომ თქვას, ცოდვა გამხელილი სჯობს და,  არც არავის აინტერესებდა.

 

არა, როგორ არ აინტერესებდათ, თუნდაც, სოციოლოგებს, სოციალური სამყაროს დინამიკების კანონზომიერებების გაგება რომ სურდათ,  დიდ დროსა და ფულსაც რომ არ იშურებდნენ   საშუალოსტატსისტიკურის განწყობებისა და დამოკიდებულებების საკვლევად სტატისტიკისათვის, შემდგომში ისინი რაღაც აბსტრაქტულ/ სისტემატულ კლასიფიკაციებში რომ მოექციათ.  

 

ვინმე ეთნოფსიქოლოგებსაც ჰქონდათ სპეციფიურ/მეცნიერული ინტერესები, ისევ   განზოგადებებით გაპენტილი თეორიებისათვის.  გენიოსი მწერლები ხომ ჩასაფრებულები იყვნენ, აააბა, როგორ მეტყველებსო ერთი რიგითი მძღოლი და მეძავი ქალი. და სულ გაფართოებული თვალებით უგდებნენ ყურს ლაივში მათ, უცაბედად თუ შემოეფეთებოდათ ისინი ბედნიერი შემთხვევითობის ძალით.

  

ჰოდა, ალილუია! გაიხარეთ, მწერლებო, მოაზროვნეებო  და მასთან გათანაბრებულო პირებო: აქ და ახლა, სულ მთრთოლვარე და ცინცხალი, ქაფქაფა   მასალა თქვენს თვალწინ, ნატურალიზმის განსაცვიფრებელი სიზუსტით ადამიანების ტუალეტებიდან, საძინებლებიდან და სამზარეულოებიდან! თვალი შეავლეთ ახალგამოღვიძებულ ქალს, უკან  ჯერაც გაუსწორებელი ლოგინის ფონზე. როგორ პოზირებს! აბა, ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს! ყოველი ამოოხვრა, „ლოოოლ“, და სმაილიკი მთელი ენციკლოპედიაა ადამიანური გაგებისა და აზროვნების გამოვლინებების, ექსისტენციის განსაცვიფრებელი გრადაციებით. გააბრაზეთ, გააბრაზეთ ისინი და მერე ნახავთ ჯერაც უნახავს: გახსნილსა და გაფურჩქვნილ ადამიანობას, სპონტანურად  და იმპულსურად წარმოდგენილს, სასტიკსა და სასაცილოს. აი, ეგაა ადამიანი და არა ის, რაც თქვენ აქამდე გეგონათ და მერე ისევ ჩვენ გვაჯერებდით, რომ იცნობდით მას. აქ არიან ადამიანები მთელი სისრულით, ინფანტილურობით, ტყუილით და თვალთმაქცობით, გამორჩენის დაძაბული სურვილით, ამოჩემებული იდეებით, სულიერებად წოდებული  ფანატიზმით, თანაგრძნობითა და ტკვილით, მანერულობითა და ნიღბებით. სიკეთით, სისასტიკით.

 

თქვენ კი, წერა/კითხვას გადაჩვეულო, თუ არც არასოდეს მცოდნე ადამიანებო! ახლა უკვე თამამად შეგიძლიათ კვალი დატოვოთ ქაღალდზე, თქვენი კვალი და არა უფრო მაგრების მიერ საგანგებოდ გადაწერილი ამპარტავნული გაუგებრობა თქვენზე. მართალია, ვირტუალურ ქაღალდზე, მაგრამ ესეც საქმეა: ქაღალდი აქამდე არც გიცნობდა თქვენ. დაძლიეთ თეთრი ფურცლის  შიში და თამამად იძიეთ  შური  მათზე - პრივილეგირებულებზე. თქვენ, ქუჩის ბირჟებიდან, ბორდელებიდან, ბაზრობების დახლებიდან, ეკლესიებიდან  შეუვარდით პრეზიდენტებს, პოლიტიკოსებს, ინტელექტულებს, ნამდვილ და თვითაღიარებულ მწერლებს და აჩვენეთ აღიარებულ ჭკვიანებს მათსავე კედლებზე „ где раки зимуют“. სულ ააქოთეთ იქაურობა საკუთარი იქყოფნით, დაუფრთხეთ ანგელოზები თქვენგან დისტანცირებულებს და თქვენს ზემოთ მდგომებს.  დაურღვიეთ სიმშვიდე და საკუთარ წარმოდგენებსა და  ინტერესებს მორგებული სამყარო: აჩვენეთ, რომ თქვენც არსებობთ. ელაპარაკეთ თქვენსავე ენაზე, თქვენივე გამოცდილებით შეგუბებული ენით, სიმართლითა და ტკივილით, უთხარით, თუ რა არის ნამდვილად ადამიანი. დაურღვიეთ სიმშვიდე და მათ მიერ აწყობილი  სისტემები,  საკუთარ  ინტერესებს რომ მოარგეს რატომღაც მხოლოდ.

 

თუმცა, ამას ხომ უკვე აკეთებთ, მაპატიეთ, პათეტიკა და მოწოდებები. თქვენ ამას კარგად აკეთებთ.

 

უკვე შემდგარი მომავლის იმედით, პატივისცემით, ერთი თქვენგანი

 

ინგა გრიგოლავა :) :) :)

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED