ფრაგმენტები ემიგრანტის აზრებიდან

2016.06.16 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

ემიგრაცია უცხო ქვეყანაში ზრდასრული ადამიანისათვის ერთი დიდი განსაცდელია. სწორედაც რომ განსაცდელი, რისკიანი ნახტომი, ნახტომი „უცხოში“ . თავგადასავალი, რომელიც კაცმა არ იცის, თუ რითი დამთავრდება :  ახალი სიცოცხლით,  ახალი გზით,  ან  სრული და შეუქცევადი  დეგრადაციით ...

 

უცხო  სასიცოცხლო გარემოში ჩავარდნილ  ადამიანს თანდაყოლილი , ანუ დაბადებითი უპირატესობანი ზურგს უკან რჩება: კულტურისა და სოციალური წრისადმი მიკუთვნებულობის კომფორტი, ჩვეულისა და ჩვეულებრივის თავისთავადობა და სიცხადე, ლანდშაფტის თვალისათვის  შეჩვეული  ფორმები, ჰაერის სითბო და სუნი, საჭმლის გემოს ელფერი,  და რაც მთავარია, მშობლიური  დედაენა, როგორც აზროვნებისა და სოციუმში ადამიანად აქყოფნის ინსტრუმენტიც. 

 

ამ ბუნებითი უპირატესობებისაგან განძარცვული ადამიანი, სრულიად შიშველი იწყებს ახალ სივრცეში ხელის ცეცებით საკუთარი  თავისა და გარემოს ხელახლა მოსინჯვას, მოხელთებას, შეგრძნებას, გაგებას. ეს სწორედ იმას გავს, მხედველობა,  თუ  სმენადაკარგული კაცი ახლა უკვე სხვა და ახალი შეგრძნებების გამახვილების გზით რომ ცდილობს  სამყაროს ხელახალ და სხვაგვარ კონსტიტუირებას.

 

სწორედ ამ ანალოგიით, უცხო რეალობაში მოხვედრილი ადამიანის ცნობიერების მუშაობა სწორედ გარემოს ახალი ფორმულირებაა, რასაც ახლავს შიში, გაგების სირთულე, მოხელთების სირთულე, ზედაპირზე ამოყირავებული საკუთარი თვისებების ქაოსი, ცოდნა და გამოცდილებები, როგორც სავსე ჩემოდნის უწესრიგო რია-რია, როცა ვერაფრით პოულობ იმ ნივთს, რომელიც სწორედ ახლა აუცილებლად გჭირდება და ნერვიულობ და ნერვიულობ ამის გამო. და ეს ხილვებად ქცეული  ტკივილი, უკვე ზურგს უკან მიტოვებულის მიმართ, ნაზი, ღრმა და ძლიერი, რასაც ხალხში ნოსტალგიას უწოდებენ ხოლმე.

 

მაგრამ იქ, სადაც განსაცდელია, სამყარო გულუხვად გვიგზავნის ხოლმე შვებასაც. ის ისახსრება ახალ წიგნად, სადაც ადამიანები, ქუჩები თუ ხეები არსებობენ იმისათვის, რომ ჩვენ გვასწავლონ. ქუჩაში სწავლობ სიტყვებს, რომელიც იქვე შინაარსით ივსებიან შენს თვალწინ და გონება მთრთოლვარე მადლობას უხდის მას  სიცხადის სიხარულისათვის. ადამიანები კი სრულიად უპრეცენდენტო  ღიაობას იჩენენ დაბნეული და გაურკვევლობაში მოხვედრილი კაცის მიმართ, რაღაც წარმოუდგენელი ხალისითა და მზრუნველობით, სწორედ ისე, როგორადაც ბავშვს ეხმარებიან ხოლმე: სიყვარულით,  მოთმინებითა და მსუბუქი, უბოროტო ირონიით.

 

მერე კი, ეს უცხო და რთული რებუსი მარტივდება და ცხადდება თვალსა და ხელს შუა, როგორც ზღაპარში, უცებ და ერთბაშად:  ჰაერში გასროლილი ბგერები შინაარსით სავსე სიტყვებად იქცევა, ადამიანების სახეებზე აღბეჭდილი  გაუგებარი გრიმასები - მიმიკად ,    განწყობების  ნიშნად, გრძელი გზა სახლისაკენ მიმავალ ქუჩად, სადაც გესალმებიან ადამიანს, რომელსაც ერთხელ უკვე შეხვდნენ. უსახო შენობა სახლად იქცევა, სადაც ცხელ ყავას მოხარშავ, სურნელოვანს.  შეგიყვარდება.  

 

და შენ ახლა უკეთ იცი საკუთარი თავი, როცა უცხოს  თვალებში ჩახედე . ტკვილი მსუბუქდება და იკარგება სადღაც, ზოგჯერ ფანტომურად თუ შეგახსენებს თავს, არეულს წინა ცხოვრების ფრაგმენტულ  ხატებთან,  დრო და დრო სადღაც ცხვირის მიდამოებში რომ ქმნის ერთ ტალღას და თვალებს ავსებს მგრძნობელობის ნივთიერებით.  გახსენდება  მედუზა გორგონა, რომელსაც ერთხელ თვალებში ჩახედე. ის ზოგს აშეშებს, მძლეველებს კი  კარიბჭის მიღმა უძღვება, სადაც აქამდე  უცნობი დიდებული სანახებია.

 

   ინგა გრიგოლავა , ჰანოვერი, გერმანია

 

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED