მოსკოვსა და ბერლინს შორის

2016.06.12 ავტორი: ინგა გრიგოლავას ბლოგი

დღეს სოციალურ ქსელში ერთი რუსი კაცის, ვინმე მიხეილ შეველოვის პატარა ტექსტს წავაწყდი შემთხვევით და ბევრი რამე მენიშნა მასში. არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს ეს პიროვნება, მაგრამ თავად მის ნათქვამში ბევრი რამ საინტერესო და საგულისხმო დავინახე. აი, ტექსტიც ორიგინალის ენაზე:

Михаил Шевелев, Москва

Я приехал в Тбилиси после тринадцатилетнего отсутствия. И обнаружил, что Москва перестала служить грузинам столицей – окончательно и бесповоротно. Этот процесс шел давно, все двадцать пять лет, что существует независимая Грузия. И стоило пропустить тринадцать из них, чтобы увидеть итог.


Мы – Россия и Москва – никому в Грузии не интересны. Ни в каком виде. Ни политика наша, ни экономика. Ни страсти и сплетни. Ни углеводороды наши, когда азербайджанские под боком, и не так капризны. 
Ни сериалы российские – своего дерьма хватает. Об авторах, которыми зачитывается Москва, в Тбилиси никто не слышал. Российское кино? - вежливо (хотя и несколько смущенно) поднятые плечи. 


И Путин им не интересен. И Ходорковский тоже.
Дело в том, что грузин с Россией и Москвой теперь не связывает ничто – ни образование, ни карьера, ни бизнес. Новости из других мест их теперь волнуют – прежде всего, из Рустави и Зугдиди, Батуми и Кутаиси.
А также из Брюсселя, Лондона, Берлина и Нью-Йорка. 
Там теперь их столицы. 

 

ხოლო მათ, ვინაც რუსული ენა არ იცის, მოკლე აბსტრაქტს ვთავაზობ: ავტორი ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ ნანახი საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, რომ ქვეყანა მოწყდა მოსკოვის გავლენების ცენტრს, რუსეთი და მოსკოვი არავის აინტერესებს საქართველოში, არც მათი პოლიტიკა, არც ეკონომიკა, არც ვნებები და ჭორები რუსული დედაქალაქიდან ...  ბოლოს კი ამბობს, რომ ქართველებისათვის დღეს „დედაქალაქები“ სადღაც სხვაგანაა უკვე:  ბრიუსელში, ლონდონში,  ბერლინსა თუ  ნიუ-ორკში.

 

ტექსტის შინაარსის ქართულად თარგმნა აუცილებელია დღეს, როცა სათქმელი ფართო აუდიტორიაზეა მიმართული. რამეთუ,  ახალმა თაობამ საქართველოში რუსული არ იცის.  სწორედ  მათთვის გადმოვიტანე  ასე ზედაპირულად  და მსუბუქად  მოტანილი შინაარსი ქართულ ენაზე. თუნდაც, ეს ფაქტიც ადასტურებს რუსი მოგზაურის ზოგადი შთაბეჭდილების სისწორეს: დღეს რუსული არ იცის 25 წლამდე ადამიანების თაობამ, არც ენის ცოდნასთან დაკავშირებული კულტურული/მენტალური კავშირები აქვთ რუსულ სივრცესთან. შესაბამისად, არც მენტალური მიბმულობა და სიმპათიაა სახეზე, რისგანაც თავისუფალი ვერ არიან  წინა თაობები, რომელებიც  „დასტაევსკისა “ და  „სლიოგკიმ პარომის“  ხიბლის მიმართ  მსუბუქ და ნოსტალგიურ შემოტევებს ვერ უმკლავდებიან ხოლმე დრო და დრო.

 

ამ თაობებისათვის  დანარჩენ სამყაროსა და მათ  კულტურებთან კავშირის ერთადერთი გზაც  უმეტესწილად,  ისევ რუსული ენა იყო თავის დროზე.  აქედან, აარაერთმნიშვნელოვანი  დამოკიდებულება ენისა და კულტურის, მთლიანობაში  ქვეყნის მიმართაც  მაინც სახეზეა. დრო და დრო ძლიერი, ბოლო ათწელულების პოლიტიკური მოვლენების ფონზე კი ბრაზითა და მრისხანებით სავსე, მაგრამ ფაქტი სახეზეა,  რომ ფსიქოლოგიური მიბმულობა რაღაც ფორმით მაინც არსებობს: ამბივალენტური გრძნობების ქაოსში.

 

თავის დროზე ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების აუცილებლობის მოხსნა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო : ახალი თაობა მაინც გათავისუფლდა ამ ამბივალენტობის ტკბილ/მწარე გაურკვევლობისაგან, ემოციურ/მენტალურად ჩამოშორდა რუსულ ორბიტას, უფრო სწორად, არც არასოდეს არ ჰქონია მასთან რაიმე შინაგანი კავშირი, თუ არ ჩავთვლით ამბივალენტურ გაურკვევლობაში მყოფი მშობლების გავლენებს ბოლოს და ბოლოს,  რეალობა გახდა ის, რომ ევროპულ კულტურას უშუალოდ პირველწყაროდან დაუკავშირდა ქართველი კაცი, გამაშუალებელი  რუსული „ფანჯრისა“  და გადასახედის გარეშე,  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე ...  პირდაპირ და უშუალოდ. აქედან,  მენტალობისა და ინტერესების მიმართულება სწორედ იქითკენ წარიმართა: ბრიუსელ-პარიზ-ბერლინისაკენ.

 

ახალ თაობაში ეს მიმართება ცალსახაა,  მაგრამ ძველი თაობებშიც  შეიცვალა ბევრი რამ, ყოველ შემთხვევაში,  ფორმალური სახით უპირობოდ: ფორმალური შინაარსის დონეზე  ქვეყნის, სახელწმიფოს, ცხოვრების წესის მიმართულება დასავლეთისაკენაა მოსახლეობის დიდი უმრავლესობაში.  თუმცა, რეალურად თუ რა არის ეს მრავალგზის ხსენებული  „დასავლეთი“ , რა კონკრეტული შინაარსები იგულისხმება მასში, ხშირად გაუგებარია. ცოდნა დასავლეთზე ბურუსითაა მოსილი,  უამრავი ცრურწმენით გაპენტილი, ხშირად მცდარი  და ინფანტილურიც.  დასავლეთის  მოწინააღმდეგეთა  დამოკიდებულებებიც  მწირ და უსაფუძვლო ცოდნას ეფუძნება.

 

საკუთარ პოზიციას  რაღაც „საკუთარის“ დაკარგვის შიშით  ხსნიან ხოლმე,  აკვიატებით, რომ „ისინი“ აუცილებლად „ქართველობის“ დათმობას  მოითხოვენ ჩვენგან წინაპირობად, მდიდარ და თავისუფალ „დასავლეთში“ ადგილის სანაცვლოდ.  არადა,  რეალურად ამ „საკუთარისა“ და „განუმეორებლების“  მთელი კალეიდოსკოპია დასავლეთი: უამრავი ნაციისა და კულტურის საერთო სახელი, სადაც ყველა რჩება იმად, რაც არის, მაგრამ დინამიური განვითარების კალაპოტში. 

 

რუსი მოგზაურის მიერ შენიშნული შემობრუნება საქართველოში უპირობოდ სწორი დაკვირვებაა. შემობრუნება სახეზეა,  მაგრამ ხშირად მხოლოდ ფორმალური აზრით. ის ზედაპირზე ჩერდება  და ნაკლებად აღწევს   მენტალობის  შინაარსებს.

 

სახელმწიფოებრი ცნობიერების სფეროში  ეს განსაკუთრებით  ჩანს მაშინ, როცა ქართველისათვის   ნიშანდობლივი  უპირატესი და ერთადერთი საზრუნავი:   „მე“ , „ჩემი“ ,“ჩემი ოჯახისა და საახლობლოს ინტერესები“  უპირობოდ დომინანტობს  „ჩვენის“, ანუ საზოგადოებისა და სახელწმიფოს ინტერესებზე. ამ უკანასკნელთ   პირველსავე  შემთხვევაში  კუთხეში მიაგდებს ხოლმე  იგი, ამ ორ შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობისას. აქედან: კორუპცია, ავტოკრატიზმი, ერთპიროვნული თუ არაფორმალური მმართველობის მთელი „მშვენიერებაც“ და მისი „სიკეთეებიც“ რეალობაში.

 

მრავალსაუკუნოვანმა კოლონიალურმა ყოფამ,  როგორც ჩანს, მძიმე შრეები წარმოქმნა მენტალობის შინაგან სივრცეში, ძნელად მოსაშორებელი და დომინანტური, როცა სახელწმიფო პიროვნების  პირადი მტერი იყო  და ადამიანი  ათასგვარი  მანქანებით ცდილობდა  მისგან თავის დაღწევას: პარალელური, საკუთარი ჩაკეტილი სამყაროს შექმნითა და მხოლოდ მასზე ზრუნვით, რასაც გადარჩენის ინსტიქტი წარმართავდა მხოლოდ.  და შეცვლილ ვითარებაში კი, როცა სახელმწიფო უკვე მისია და არა თავსმოხვევული, უცხო და ძალადობრივი ძალის „აქყოფნა“ მისსავე სახლში,  ქცევა, ავტომატურად მაინც იგივე რჩება. არადა, სახელმწიფოს შინაარსი და ხარისხი უშუალოდ, პირდაპირ თუ ირიბად ირეკლება ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე. აქედან, მისდამი იგივე, ანუ ისტორიულად ცნობილი და გადარჩენის ინსტიქტებზე დაფუძნებული ჩვეული  დამოკიდებულებები, რომელიც უხეშად უგულვებელყოფს საყოველთაოს, მთლიანის ინტერესებს,  კონტრაპროდუქტიული და დამანგრეველია მხოლოდ: ერთხელ გასროლილი ბუმერანგის პრინციპით.  

   

ზემოთ ხსენებული ფორმალური ცვლილელებების  კონტექტსში ვისურვებდი, რომ „მოსკოვი“ ადამიანების თავებიდან, მენტალობიდან ამოირეცხოს სრულად და უკვალოდ და არა მხოლოდ ფორმალური განაცხადის  დონეზე. და  „ბერლინ-პარიზი“ კი იქცეს კონკრეტულ, ცოცხალ აზრებად, ამასთან, არსებობისა და ქცევების „აქ“ და „ახლა“ არსებულ ქმედით შინაარსებად.

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED