დავიბენი, ბატონო ბიძინა!

2016.05.31 ავტორი: მერაბ როდონაიას ბლოგი

როგორ დამაბნია თქვენმა წერილმა, რომ იცოდეთ, ბატონო ბიძინა… ჯერ ციფრების ლაბირინთებში ჩავიხლართე... რას გავუგებ მაგ მილიარდებს, როცა ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, ლარს უპროცენტოდ ვერ იშოვი?! ეგ მე არ მითქვამს მარტო. "ენდიაიმაც" თქვა, 300 ლარს უპროცენტოდ ვერ იშოვიო;  არც ის გამიგია, ბატონო ბიძინა, რომ ეს პუნქტი ვინმეს გაეპროტესტებინოს. ამიტომაც არის, რომ ფული ამ ქვეყანაში ყველაფერზე უკეთ იყიდება.

რომელ ქუჩასაც არ უნდა დაუყვე, ყველგან ლომბარდებია; ბანკებზე და ონლაინ სესხებზე აღარაფერს ვამბობ. ვუყურებ და გული სიხარულით მევსება, დღიდან დღემდე როგორ მრავლდებიან კერძო ბიზნესში დასაქმებულები.

 

დასაქმების პრობლემა ხომ მთავარია ყველა გამოკითხვაში. ნაცების დროსაც ეგრე იყო და ახლაც ასეა. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვის 23 ათასით გაზრდა კი გონია ამ მთავრობას უმუშევრობის პრობლემის მოგვარება, მაგრამ მაინც…


დასაქმებაზე გამახსენდა… თურმე, კერძო სექტორში დასაქმებული 475 ათასი დასაქმებული ხელფასს უხდის და ინახავს საჯარო სექტორში დასაქმებულ 275 ათასამდე  ადამიანს და მათ ოჯახებს - კიდევ სამ იმდენ სულს. ეგ ლომბარდები და მიკროსაფინანსოებიც ხომ კერძო სექტორში ითვლება? მარკეტებიც?

 

მე, ერთი რიგითი, პარტიული მრავალფეროვნებით დაბნეული მოქალაქე ვარ, ბატონო ბიძინა. კი არ მესმის მაგ ციფრების, თქვენ რომ გესმით ისე და რომ ვუყურებ, ქვეყანაში მევახშეები მუშაობენ მხოლოდ და ძირითადად ისინი გამოდიან გადასახადების გადამხდელები, ისინი “ქმნიან” დამატებით ღირებულებას ფულისგან, რომელსაც ყოველ წელს ახალ ვალად ვიღებთ...


კაი, როგორც ამბობთ, ქვეყნის ვალი ბოლო ორ წელიწადში სადღაც მილიარდნახევრით გაიზარდაო მხოლოდ. მაგრამ ხომ გაიზარდა?! არ შემცირებულა…


ახლა ვფიქრობ, როგორ დავფაროთ ეს ვალები და მოგებაზეც გავიდეთ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ალბათ შენც ვერ მოიფიქრე, ბატონო ბიძინა, თორემ ხომ იზამდი რამეს?!...

 

იმის იმედი მაქვს, "უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა"-ო რომ თქვით. აქამდე ხომ სულ პირიქით ხდებოდა. როგორც ამბობთ, "ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს – არაფრისო."


დღეს სხვა რეალობაა, ბატონო ბიძინა და ბევრ პატარა ჯგუფს აქვს ყველაფრის უფლება, დანარჩენებს კი, როგორც ადრე - არაფრის.
ასე, განუხრელად მივიწევთ "პროგრესისკენ".  მართალია, “თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ” 2030 წლამდე სტაბილურ კეთილდღეობას არ გვპირდებით, მაგრამ გულწრფელობას მაინც ვერ დაგიკარგავთ, ბატონო ბიძინა და მეც წარმატებებს გულწრფელად გისურვებთ. იმიტომ, რომ მინდა ჩემს ქვეყანას წარმატებული (თუნდაც არაფორმალური) მთავრობა ყავდეს…

 

მინდა ყავდეს წარმატებული პარლამენტიც.
თქვენი წყალობით ხომ გაჩნდა არჩევანის თავისუფლება?
ხომ თქვით, რომ “ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია”-ო? რომ “ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთებაო".


აქაც გეთანხმებით, ბატონო ბიძინა. რთულია და მეც ამ ციფრებსა და მრავალფეროვნებაში დავიბენი.


ვერც ის გავიგე, თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომ არის ყველაფერი ასე ცუდად ? 

დავიბენი, ბატონო ბიძინა! 

 

 

 

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED