მშიერი ბავშვების ხარჯზე მოსმენილი სტინგი და რამაზოტი

2016.04.12 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

მილიონების კონცერტებზე ხარჯვა არც ადრე მომწონდა და არც ახლა. უწინაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც სოფო ნიჟარაძის და ანდრია ბოჩელის დუეტი და ბავშვობის დროს ბაბინებზე თუ კასეტებზე მოსმენილი ტოტო კუტუნიოს ჩამოყვანაში გადახდილი ფული მიზანშეწონილად მიაჩნდათ და ამას კულტურას ეძახდნენ და დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სტინგის და რამაზოტის კონცერტში 29 მილიონის გადახდას ჭეშმარიტ კულტურულ აქტად მიიჩნევენ. 

ოღონდ ეს ადამიანები სხვადასხვა ბანაკებში კი არიან, მაგრამ საოცრად გვანან ერთმანეთს იმით, რომ არ გააჩნიათ არც პრინციპი, არც ნამუსი, არც პასუხისმგებლობა, არც ეთიკა, არც სტანდარტი, არც გემოვნება და არც ქვეყნის სიყვარული.

 

მაგრამ ეს ადამიანები ყოველ არჩევნებზე წყვეტენ ვინ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლებებსაც ამ ადამიანთა გემოვნების შესაბამისს ვიღებთ. ეს ადამიანები მუდამ ხელისუფლებაში მყოფ კორუმპირებულთა ნამცეცებით არსებობენ, ზოგ მათგანს ინტელექტიც აქვს, რომელსაც თავგამოდებით ახმარს მისი რჩეული ხელისუფლებების დაცვას. მაგალითისათვის, ორივე ხელისუფლებების დროს მსგავსი კონცერტების მიზანშეწონილობის არგუმენტების შედარებაც კმარა, რაც გაჭრილი ვაშლივით გავს ერთიმეორეს.

 

სახელმწიფოში, სადაც, კვლევების მიხედვით, კვების დეფიციტი ისევ წარმოადგენს ერთ -ერთ უმთავრეს საფრთხეს ბევრი ბავშვისთვის და თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ დღეში დაახლოებით ორ ლარს მოიხმარს, ხოლო ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის თითქმის 300–მდე ბავშვი იღუპება ძირითადად, ორსულისა და ბავშვის არასრულფასოვანი კვების გამო, მსგავსი სანახაობისთვის, ამავე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების ჯიბიდან ამოღებულ ათეულმილიონობით ლარი გამოიყოფა. ამის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა  უკიდურესი „ლევაკობა“ და სიბნელეა, სხვადასხვა დროის ხელისუფლებების გუნდრუკისმკმეველთა აზრით. უფრო მეტიც, თურმე ამით ჩვენ ტურიზმს ვავითარებთ, ტურიზმს კი შემოსავლები მოაქვს და ეკონომიკა შენდება.

 

არის კიდევ ერთი ასეთი გამგმირავი არგუმენტი: თურმე ნუ იტყვით და კულტურა საჭიროა...

 

ომის დროს, ჩერჩილს ქვეყნის ბიუჯეტი შეუტანეს განსახილველად. რამდენიმე ფურცელი რომ გადაათვალიერა, იკითხა:

- კულტურის ხარჯები სად არის?

- ომი მიდის... რა კულტურა?

- თუ არ იქნება კულტურა, აბა რისთვის ვიბძვით ჩვენ? - მიუგო ჩერჩილმა.

 

დიახ! კულტურა და სულიერი საზრდო საჭიროა, ოღონდ არა ამ სახით და ამ კულტურული კრიზისის ქვეყანაში, სადაც კულტურის მინისტრს შოუ-ბიზნესი და ფესტივალები ქართული კულტურის განვითარება ჰგონია და რამაზოტის ჩამოყვანით, ქვეყნის კულტურულ თუ ტურისტულ ცენტრად გადაქცევას გეგმავს.

 

სპივაკოვის, სტინგის ან კარერასის კონცერტი სრულებით არაა მათი მიმღები ქვეყნის და მის მოქალაქეთა კულტურის მაჩვენებელი. ეს მოვლენაა და არა კულტურა. ერის და ქვეყნის კულტუროსნობის მაჩვენებელი ისაა,  თუ როგორი კონცერტები იმართება თბილისის და ქუთაისის კონსერვატორიათა დარბაზებში, და შესაბამისად, რამდენად მცოდნე და დახვეწილი  პუბლიკა დახვდება მათ.

 

შემსრულებელთა ჩამოყვანას და კონცერტების, თუ ფესტივალების გამართვას, თუკი ის მომგებიანია, კერძო კომპანიებს ვერავინ დაასწრებდა, თუ მაინცდამაინც სახელმწიფოს სურდა ჩვენს „კულტურულ გართობაზე“ ზრუნვა, დაბეგვრაში შეღავათის გაწევითაც მოახერხებდა ამას.

 

29 მილიონი ლარი კი კონსერვატორიების და სხვა სასწავლებელთა მატერიალურ ბაზას, მათ პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს რომ მოხმარებოდა და კულტურის სამინისტროს რეალურად ეზრუნა კულტურის განვითარებაზე, მის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაზე, პუბლიკის უმრავლესობას ოპერა და დიდი თეატრები  ქურქების სადემონსტრაციო ადგილი არ ეგონებოდა მხოლოდ, გემოვნებიან მაყურებელს კონცერტზე დასასწრები ბილეთის ყიდვა არ გაუჭირდებოდა და შესრულებისას დარბაზში ხმაური, ჭორაობა და სისტემატური „სუ“  და „ჩუ“ არ იქნებოდა, არც ტაშის დაცხება ნაწარმოების შესრულებისას „სვეცკი“ ნუვორიშების  მიერ.

 

რაც შეეხება ამ კონცერტებით ტურიზმის განვითარებას, ეს არგუმენტიც ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც თავად ის ფაქტი, რომ ამ კონცერტ-ფესტივალებს რაიმე საერთო აქვთ კულტურასთან. ეროს რამაზოტი დარჩება თბილისში სამუდამოდ, ან იქნებ ხოსე კარერასი აიშენებს სახლს საღორიაზე? თუ ტურისტები მოგვაწყდებიან იმ სცენის სანახავად, რომელზედაც ოდესღაც მათი კონცერტი გაიმართა? კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ქვეყანას ის აქცევს, რაც ადგილობრივია, უნიკალური და მუდმივად აქ იმყოფება და რაც მართლა გვაქვს. აქვე ფასების არაკონკურენტუნარიანობასაც ნუ დავივიწყებთ. ეს ბიზნესის სფეროა, ისევე როგორც ყველის ან გობელენების ფესტივალი.

 

და ბოლოს, ჩვენ რომ განვითარებული საზოგადოება ვიყოთ და მართლაც გვინდოდეს საკუთარი კულტურის წარმოჩენა/განვითარება, კულტურის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქციებს უნდა ვუწყობდეთ: არ მინდა სტინგის მოსმენა იმ მშიერი ბავშვების და მათი მშობლების ხარჯზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავ ქუჩებში, სამეზობლოში, საახლობლოში, ვკითხულობთ თუ გვესმის მათზე ათასი სულისშემძვრელი ისტორიები.

 

ამ ფაქტის მიმართ ჩვენს ამ განწყობა-დამოკიდებულებაში ჩანს სწორედ ის უგემოვნობა, უკულტურობა, გულგრილობა, უკიდურესი სნობიზმი, ცინიზმი და არასოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რამაც ამ დღეში ჩააგდო ჩვენი კულტურაც, განათლებაც და ზოგადად, ყოფა.

 

და სანამ პასუხს არც საკუთარი ფულის ფლანგვაზე ვითხოვთ და არც იმაზე, რომ აბუჩად გვიგდებენ - ამ გაფლანგულ მილიონებს ჩვენივე სასიკეთო ნაბიჯად გვისაღებენ, სანამ არჩევნებზე ხმების მიცემას კულტურად გასაღებული სანახაობისთვის ითხოვენ და იღებენ კიდეც, მანამ კულტურული კატასტროფის და ჩამორჩენილი ეკონომიკის ძალიან უთავმოყვარო ქვეყანა ვიქნებით, სახელწიფოს მხოლოდ გარეგნული ნიშნებით.

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED