სექსით ინებებთ გამოჭერას, თუ საბანკო ვალებით?!

2016.04.02 ავტორი: ირაკლი შარაშიძის ბლოგი

საქართველოში „უპურო სანახაობამ“ სექსუალური ფორმა მიიღო.  ხალხს სხვისი ინტიმი ისე აინტერესებს, ლამის საკუთარი დაავიწყდეს. განსაკუთრებით, თუ „მხილებული“ ქალია, თან პოლიტიკოსი. ეს გასაგებია, მოსახლეობის უმრავლესობას ორიენტაცია და ფსიქოლოგიაც  პატრიარქალურ-კონსერვატიული აქვს.  ირჩევა ზნეობის, ოჯახური ურთიერთობების, ქართველი ქალის „ლეჩაქ-მანდილის“ საკითხები. 

ამ კითხვებს რა თქმა უნდა არსებობის უფლება აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სკანდალებს წინ უძღოდა „კასრების“ ისტორია, ხოლო თვით ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენა არავის არ მოუთხოვია, ვიღებ მათ ფაქტებად და ვფიქრობ, რომ აქ სხვა, არანაკლებ საინტერესო საკითხებიცაა განსახილველი.

 

სექსის გამოყენება ადამიანისგან ინფორმაციის მისაღებად და მასზე გავლენის მოსაპოვებლად სამყაროსავით ძველია. შუა საუკუნეებში ევროპელ კურტიზანთა საწოლებში  იქმნებოდა პოლიტიკა, თავისი სილამაზით, ჭკუით და რიგი სხვა თვისებებით უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ და ხშირად  აგვარებდნენ სახელმწიფოთაშორის საკითხებსაც კი, აჩაღებდნენ ომებს, პოულობდნენ მოკავშირეებს და აზავებდნენ მოქიშპე მხარეებს. ჰო, გასაგებია, პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა მამრი გახლდათ.

 

ქალების მომრავლებამ პოლიტიკაში კურტიზან მამაკაცებზე ხომ არ გააჩინა მოთხოვნა? არავის დაინტერესებულა, თუ ვის მკლავებში აღმოჩნდა  მავანი,  მაღალი თანამდებობის და სახელმწიფო საკითხებში კარგად ინფორმირებული პოლიტ-ბანოვანი. არადა ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, ვიხილავთ ამას ინტერნეტში ატვირთულს თუ არა.

 

მამაკაცი პოლიტიკოსების შემთხვევაში საქმე თითქოს უფრო მარტივადაა, აბა „თავმოყვარე ვაჟკაცს“ ასზე ნაკლები ქალი ხომ არ ეყოლებაო გამოცვლილი.  მსგავსი სექსმხილებებით საქართველოში მამაკაცის რეპუტაციას არაფერი ემუქრება. მამაკაცი პოლიტიკოსების „ყურებით დასაჭერად“ მათთვის ფინანსური ვალების აკიდებაც საკმარისია. დანიშვნიდან მეორე დღეს იპოთეკურ და სხვა  კრედიტებს იღებენ, თან იმდენს, სიცოცხლის ბოლომდე რომ ვერ გაისტუმრებენ მინისტრის ხელფას-დანამატით. რატომღაც საზოგადოება დუმს. მას სხვისი სექსი აინტერესებს ვალებზე მეტად რატომღაც, რომელსაც საკუთარი გაღატაკების ხარჯზე იხდის.

 

ის ბანკი რიგით მოქალაქეს იპოთეკურ სესხს არ აძლევს. მისი ნებაა, რა თქმა უნდა მისცემს თუ არა, მაგრამ თქვენ რატომ ყოფთ კისერს კაბალაში, პატივცემულო მინისტრებო და დეპუტატებო. ნურც იმ ერთ მდიდარ კაცს დააბრალებთ, კაბალაში ყოფნა თქვენი თავისუფალი არჩევანია, თქვენ ხართ მზად ფულის გულისთვის იცხოვროთ ყოველდღიური შანტაჟის და ცოლ-შვილის უბინაოდ დარჩენის საფრთხის ქვეშ. მახსენდება ნაწყვეტი ფილმიდან „სათამაშო“.

 

მედიამაგნატი თავის კაბინეტში უბრძანებს რედაქტორ კაცს გაიხადეო და ისიც ხელად შეუდგება გაშიშვლებას. ბოსის კითხვაზე, რას აკეთებო, რედაქტორი პასუხობს, თქვენ არ მიბრძანეთო?

 

„რომელი ვართ საშინელება, მე რომელმაც გახდა გიბრძანეთ, თუ თქვენ, რომელიც მზად ხართ შიშველმა იაროთ რედაქციაში?!“

ეს ფილმი იმედია ყველას გინახავთ. ქრესტომათიაა.

 

ისე, კაზინოებშიც რომ გაკეთებულიყო ჩანაწერები, არ იქნებოდა ურიგო. მავანის მიერ წაგებული ფული და ბანკის ვალები პირადი ცხოვრებაა ნეტავ, თუ შანტაჟის საშუალებას არ იძლევა? თან შანტაჟისტი ყოველთვის არაა ცხვირმოუხოცავი ჰაკერი ან უხილავი „ჰაკიმ ფაშა“...

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED