ვისთვის და რისთვის აქვს თავდაცვის სამინისტროს ბოდიში მოსახდელი

2014.12.25 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

“მე არ ვიცი მათი დაბადების ღირსება, მაგრამ მესმის მათი დაღუპვის სიდიადე."- ამერიკელი გენერალი ჯარისკაცზე.

ქართველი ჯარისკაცის უკრაინის ფრონტზე დაღუპვამ, ქართულ მედიასივრცეში ისეთი პოპულისტურ თემები წამოატივტივა, როგორიცაა: მოიხდის თუ არა თავდაცვის მინისტრი ბოდიშს, გადადგება თუ არა მინისტრი, მინისტრი სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა, მინისტრის მოადგილემ ასე თქვა, პოლიტიკოსები ასე ამბობენ, "თავისუფალი თაობა" და "თავისუფალი ზონა" ერთმანეთს უპირისპირდებიან და მოსყიდვაში ადანაშაულებენ და ა.შ.

 

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის გარშემო ატეხილმა სკანდალმა კარგად დაგვანახა, რომ საქმე ორ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს. ერთი - ჯარისკაცის სხვა ქვეყანაში დაღუპვას მეორე ძალას აბრალებს და პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, ხოლო მეორე - ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ნებისმიერ უზნეო პოპულისტობას არ თაკილობს, თუნდაც ეს ადამიანის სიცოცხლეს, გარდაცვლილისათვის პატივის მიგებას, მისი ოჯახის უზომო ტკივილსა და ტრავმას უკავშირდებოდეს.

 

ძალიან გულუბრყვილობა იქნება დავიჯეროთ, რომ განცხადების გამო თავდაცვის მინისტრის გადადგომით, უწყების პოლიტიზების პრობლემა მოგვარდება, რადგან ის მიდგომების შეცვლის გარეშე, ერთადერთი არც ყოფილა და არც იქნება.

 

რაიმეს შეცვლას თუ აპირებ, თავდაპირველად პრობლემის აღიარებით იწყებ, თუმცა ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა და ორი დაპირისპირებული პოლიტჯგუფი ამას ერთმანეთის ბრალდების იარაღად იყენებს, იქ ადამიანებს ყოველთვის მოკლავენ, ციხეებში აწამებენ, სხვის ომებში დაიღუპებიან, შიმშილით და უწამლობით მოკვდებიან, ქუჩაში გაიყინებიან... მედია ამ ადამიანების ტრაგედიებზე შოუებს დადგამს, სასულიერო პირები ამ ადამიანთა ოჯახებისგან შესაწირს უშფოთველად მიიღებენ და იმ შეგრძნებით დამშვიდებულები, რომ ტანჯვით აღსრულებულები ცხონდებიან, ისევ ძველებურად გავაგრძელებთ ცხოვრებას.

 

თავდაცვის პოლიტიზება, პირველ რიგში ის იყო, როცა  ე.წ."მიშას ოფიცრები" ამ ხელისუფლებისთვის მიუღებლები გახდნენ და მათ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციის საშუალება არ მიეცათ ამ ქვეყანაში, რითაც ყოფილი მთავარსარდლის თამაშში ჩაბმის შანსიღა დაუტოვა საკუთარმა ხელისუფალმა.

 

მათ გულწრფელ თავგანწირვას, ასევე უზნეოდ რომ ექცევა და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ყოფილი ხელისუფალი, შესაძლოა, ეს თავადაც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც იქ ურჩევნიათ, სადაც, როგორც ქვეყნის ჯარისკაცები მართლები არიან. ამიტომაც მათი რუსეთთან ომში წასვლა, მორალურად გამართლებულია და გასაკვირი სულაც არაა. არაფერია იმაზე დამთრგუნველი და გამანადგურებელი, როგორც იმის შეგრძნება, რომ ბრძოლაგამოვლილი ოფიცერი, სამშობლოს არ სჭირდება. 

 

ყველა ღირსეულმა ქვეყანამ იცის საბრძოლო გამოცდილების სამხედროების ფასი, მასში დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული და სწორი მენეჯმენტის (პრემიერს და ექსპრემიერს უყვართ ხშირად ამ სიტყვის გამოყენება) პირობებში, თუკი კანონით დასჯად განსაკუთრებულ სამხედრო დანაშაულთან არ გვაქვს საქმე, ის რჩება თუნდაც სარეზერვო კადრად, რომელსაც სახელმწიფო ცხოვრების ბოლომდე ხელისგულზე ატარებს.

 

“ამერიკელი ჯარისკაცი ისტორიის საკუთრებაა, როგორც წარმატებული პატრიოტიზმის ერთ–ერთი უბრწყინვალესი მაგალითის შემოქმედი. იგი შთამომავლობის საკუთრებაა, როგორც საძირკველი მომავალი თაობებისა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაფუძნებით. იგი ეკუთვნის აწმყოსაც, გვეკუთვნის ჩვენც, მთელი თავისი ღირსებებითა და მიღწევებით.... ჯარისკაცი, რომელიც მოწოდებულია, რომ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნას და შესწიროს სამშობლოს, ჭეშმარიტად კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილებაა” -ასე ფიქრობენ ამერიკელები.

 

იქ სამხედროები და მით უფრო სამხედრო გამოცდილების მქონენი, ყველაზე დაფასებულები, ყველაზე მაღალანაზღაურებადები, სოციალურად ყველაზე დაცულები არიან. ამერიკელმა სამხედროებმა იციან, რომ მათი დაღუპვის შემთხვევაშიც კი, მათ ოჯახებს სიცოცხლის ბოლომდე არაფერი გაუჭირდებათ.

 

ჩვენთან გმირი ანწუხელიძის მაგალითიც კმარა, სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხვდე საკუთარი სამხედროების, მისი ასევე გმირი ოჯახებისა და ზოგადად, ადამიანის მიმართ. რამდენადაც ცნობილია, ანწუხელიძის დედა სახლის გადახურვას ითხოვდა, რასაც სიცოცხლეში ვერ ეღირსა და სიკვდილის შემდეგ კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  გადახურვის სამუშაოები საერთოდ შეწყდა.

 

ტყვედ არ ჩავარდნილან და ცოცხალი დაბრუნდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომიდან, მაგრამ ზოგიერთი ვეტერანი დღემდე ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ მიზერულ ფულად დახმარებას და იცით რატომ? სასამართლოზე ორმა თანამებრძოლმა უნდა დაამოწმოს, რომ ის ნამდვილად იბრძოდა. მობილიზაციის დროს სახელმწიფოს ისინი არ დაავიწყდა და საომარ სიაში ჩაწერა. ხოლო როცა საქმე რაიმე ფორმით მათ მცირედ სოციალურ დახმარებას შეეხო, სახელმწიფოს დამტკიცება დასჭირდა, რაც რიგ შემთხვევაში, შეუძლებელიც ხდება, მთლიანად განადგურებული ბატალიონების გამო. 

 

საერთოდ, ქვეყანა, როცა ვერ უვლის თავის სამხედროს, ეს ძალიან ცუდად ახასიათებს ამ ქვეყანას. სანამ ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო მიშას ან ედიკას ჯარისკაცებად მიიჩნევს იმ საბრძოლო გამოცდილების მქონე ფასდაუდებელ სამხედროებს, რომელთა რესურსი წესით, ნორმალურ ქვეყანაში უნდა იცოდნენ, სანამ სახელმწიფო ღირსეულად არ მოექცევა მათ, სოციალურად ვერ უზრუნველყოფს და სანამ პოლიტიკოსები უნამუსოდ გამოიყენებენ მათ გულწრფელ თავგანწირვას, მანამ რამდენი ალასანია თუ ჯანელიძე არ უნდა გამოიცვალოს, კვლავ ცუდი ქვეყანა ვიქნებით. ქვეყანა, სადაც ადამიანი არ ფასობს და ღირებულებები დევალვირებულია.

 

თუ რუსეთს მთავარ მტრად ვაღიარებთ, მაშინ უკრაინის ომის "სხვის ომად" აღქმა, ულოგიკოა. ამიტომ ცალკეულ მოხალისეებს, რომელთაც სწამთ, რომ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან და ვიღაცაზე მეტი სიმამაცე ყოფნით ეს გააკეთონ, შესაბამისი პატივი უნდა მიაგო.

 

თუ რომელიმე მათგანი, რაიმე უკანონობას სჩადის ან საფრთხეს უქმნის საკუთარ სახელმწიფოს, მაშინ ქვეყნის თავდაცვა ამაზეც უნდა რეაგირებდეს ადექტავტურად და ნეკროლოგში არ გამოხატავდეს საკუთარ შეფარულ პოზიციას. თუ შენი ჯარისკაცის "სხვის ომში" დაქირავებულად წასვლის წინააღმდეგი ხარ, იმდენი სიმამაცეც უნდა გაგაჩნდეს, რომ მკაფიოდ განაცხადო საკუთარი პოლიტიკის შესახებ და მოუწოდო შენს სამხედროს, ეს არ გააკეთოს. თუ ის იგრძნობს და დაინახავს, რომ მის პროფესიონალიზმს აფასებ და პოლიტიკური მოსაზრებით არ იკვეთავ, მის სიცოცხლეს უფრთხილდები და არ იხსნი მასზე პასუხისმგებლობას, დაგიჯერებს.

 

სამინისტრო მისი პირვანდელი განცხადებით, საკუთარი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას ცდილობდა და იმაზე მეტად, თუ ვინ დაწერა ის, ან მოგვიანებით რატომ აიღეს საიტიდან, დამაინტერესებდა, რისთვის მოიხადეს ბოდიში? თუ იმისთვის, რომ საკუთარ სამხედროებს ცუდად ექცევიან, მისაღებია, ხოლო თუ მხოლოდ საზოგადოების აღშფოთების დროებით გასანელებლად - ეს ძალიან ცუდი იქნება. რეალურად, ბოდიში ყველა მის მიერ "ჩარეცხილ" სამხედროსთან აქვს მოსახდელი სახელმწიფოს. და თუ საერთოდ სახელმწოფო ხარ, შენს თითოეულ სამხედრო პირზე, მოქმედსა თუ გადამდგარზე, და მათ მოქმედებაზე პასუხი თავად უნდა აგო. 

 

და ბოლოს,

 

ყველაზე საგულისხმო გარდაცვლილი ჯარისკაცის მამის განცხადება იყო. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ არ ესპეკულირათ ფაქტით და ამ თემაზე ლაპარაკი შეეწყვიტათ. თუმცა ეს რომ არავინ გააკეთა აქ გამოჩნდა სწორედ, რომ ყველას ერთნაირად ადარდებს ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილი ჯარისკაცი და მისთვის მისაგები პატივი.

 

იქნებ, ვისწავლოთ საკუთარი ჯარისკაცების დაფასება...

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED