ადამიანები კანის ფერის, ენისა და სტატუსის გარეშე - მოხეტიალე ფოტოგრაფის ისტორია

2014.11.27 ავტორი: ეკატერინე ლემონჯავას ბლოგი

„ვმოგზაურობ იმიტომ, რომ საკუთარი თავი დავინახო სხვადასხვა მხრიდან, მივიღო განსხვავებული გამოცდილებები. მოგზაურობის დროს მრავალ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ვხვდები და ვისწავლე მათი გამკლავება. ამ გამოცდილებამ ჩემი თავი ბევრი განზომილებიდან დამანახა.  მოგზაურობა ნიშნავს ხშირ შემთხვევაში უარი თქვა კომფორტზე, გადააწყდე სიცივეს ან სიცხეს, მიიღო სხვადასხვა გამოწვევები, რომელმაც თავის მხრივ, ჩემი უცნობი ნიჭები აღმომაჩენინა“ - მეუბნება. მისი სახელია რენე ბაუერი. ის ფოტოგრაფია და მოგზაური.

დიდი ხანია არ დავკვირვებივარ ნიშნებს. იმდენად დიდი ხანია, რომ ისიც არ მახსოვს, ვანიჭებდი თუ არა ოდესმე მნიშვნელობას. Follow the omens. God  has prepared a path for everyone to follow. You just have to read the omens that he left for you – „ალქიმიკოსის“  ეს ნაწილი, ზუსტად ისევე მიზის მეხსიერებაში მექანიკურად, როგორც აუდიოწიგნის პირველი ერთი საათი, რომელსაც ბოლო რამედენიმე თვეა ყოველ ღამე ვუსმენ.


„მოგზაურობისთვის არსებობს რამდენიმე გზა, შესაბამისად, არსებობენ მრავალნაირი მოგზაურები. მაგრამ ყველა მათგანს ცნობისმოყვარეობა აერთიანებს. ცნობისმოყვარეობა იმისი, რა არის ჰორიზონტს იქით. ეს ასევე ნიშნავს საკუთარი სულის და გონების ჰორიზონტს. მუდმივად მოგზაურობის შედეგი (მეტნაკლებად) მიჯაჭვულობის დაკარგვაა.

 

ეს არის თავისუფლება, რომელსაც საზოგადოებაში, რომელიც გარკვეულ წესებს და კანონებს ექვემდებარება, ვერ განახორციელებ. ზოგჯერ თავისუფლება ისეთი რომანტიული არ არის, რომელზეც ადამიანები ოცნებობენ, მაგრამ ეს საშუალებას გაძლევს საზოგადოების მიღმა შექმნა საკუთარი თავი“ - ამბობს რენე. ახლა ის თვეზე მეტია აფრიკაშია.

 

მე მჯერა ერთი გონების არსებობის. ყოველ შემთხვევაში, იმისი, რომ ადამიანები (ზოგჯერ სრულიად უცნობები) ერთსა და იმავე მომენტში ერთ განცდას ატარებენ. მაგალითად, აღმოაჩენენ ერთსადაიმავე ფოტოს ერთ კონკრეტულ დღეს, უსმენენ ერთსადაიმავე მუსიკას ერთ კონკრეტულ მომენტში, სიტყვისადმი ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ, ერთნაირად იზიარებენ უცნობ კულტურას - ეს ჩემი ნიშანია.


„მე მტკიცედ მჯერა, რომ სადაც არ უნდა წავიდე ხალხი გაიგებს ჩემი სახის და სხეულის განწყობას, როცა ვიცინი, ვიღიმი, გაბრაზებული ვარ, ვყვირი თუ ა.შ. ეს ურთიერთობას მარტივს ხდის, ასევე გვეხმარება ზუსტად ამაში, რომ ერთმანეთი აღვიქვათ როგორც ერთიდან წამოსულებმა“ - მიხსნის და  შეკითხვაზე, რატომ იღებ ფოტოებს, რენე მპასუხობს: „ეს მარტივია -  ჩემმს ფოტოებმა უნდა აჩვენონ ადგილის ატმოსფერო, ხალხის განწყობა, დეკორაციის შუქი. დღემდე იმას ვცდილობ ყველაფერი ისე დავიჭირო, როგორც ეს ჩემთვის რეალურ მოცემულობაშია“.

 




ყოველთვის მაინტერესებს, ის, რასაც ქმიან ის არის, რასაც ხედავენ თუ ხედვა შექმნის შემდეგ იწყება. რენეს ფოტოები ჩემთვის როკ ენ როლია. ზოგჯერ პოპის, ზოგჯერ ჯაზის და ზოგჯერ მეტალის ელემენტებით. მისი ერთი სტილის მრავალფეროვნება იმდენად საინტერესოა, რომ თითოეული ფოტოდან ვიწყებ იმ განწყობის აღქმას, რომელსაც ეს ვიზუალი  განცდადს ხდის  როგორც თავგადასავალს, რომელსაც  ზურგჩანთამოკიდებული ფოტოგრაფი იღებდა ყველა კონტინენტზე, 80 სხვადასხვა ქვეყანაში.


„ეს არ არის ქვეყნების „კოლექცირება“ - ამბობს.  „ეს არის გამოცდილება. სიჩქარეში ვიცი, რომ შესაძლოა ბევრი ემოცია გამოვტოვო. ამიტომ, ვცდილობ ერთ ადგილას დიდი ხანი დავყოვნდე, ან ხელახლა დავბრუნდე“.

 

მოგზაურობა ადამიანური გრძნობების გამოცდააო, მითხრა ჩემმა ავსტრიელმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც რამდენიმე თვის წინ ლუქსემბურგი და ბელგია ფეხით მოვიარეთ. მოგზაურობა ადგილობრივების და სტუმრების საერთო სიხარულია - ამბობს ჩემი რენე: ლოკალური მოსახლეობა როგორც წესი ყოველთვის გეხმარება ყველაფერში და შეძლებისდაგვარად  მინიმუმამდე დაჰყავთ სტუმრისთვის შესაძლო რისკები და მოყავს მაგალითი: აბუჯაში, ნიგერიის დედაქალაქში, ის, ეკლესიის გვერდით მანქანაში ღამის გასათენებლად მომზადებული როგორ დააბინავეს მღვდლებმა რამდენიმე დღით.

 

ცხადია, მაგალითები მას ბევრი აქვს. ერთიც ასეთი: „ერთხელ მოროკოს უდაბნოში მარტო მივდივარ ჩემი Landrover-ით. ღამე პატარა შემაღლებულზე გავათენე. მეორე დილით ძალიან შორს კვამლი შევნიშნე. როცა მივუახლოვდი, ვნახე, რომ ადგილობრივი თავისი ძველი  Landrover-ის გვერდით ჩაის ადუღებდა. როგორც მიღებულია, გავაჩერე მანქანა და დახმარება შევთავაზე. მარტო მოგზაურობ ამ უდაბნოში - მკითხაო შეშფოთებულმა, შემდეგ  ჩვენს მანქანებს ღიმილით გადახედა, ძმაოთი მომმართა და ჩაიზე დამპატიჟაო. უდაბნოს კანის ფერი, ენა და სტატუსი არა აქვს - ამბობს.

 

მოგზაურობაში ჩემთვის ყველაზე დიდი სტრესი გზაშია.  მისი თქმით  მოგზაურობა ერთდროულად სტრესიც არის და განტვირთვაც. “მე ვხმარობ ტერმინს „პოზიტიური სტრესი“ რაც ზუსტად გამოხატავს მოგზაურობის არსს, არასდროს იცი ახალ გზაზე რა გელოდება, რა სირთულეები უნდა ნახო.  ეს გაურკვევლობა იმავე დროს აღფრთოვანებას მანიჭებსო“ - მიხსნის რენე.

 

ვიცი როგორია მისი აღფრთოვანება. ღიმილისგან  მოხუჭული თვალებიდან რომ  გამოსდის.


„ცხადია, იმიტომ არ მოგზაურობ, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგზაურობა ამაში გეხმარება.  გარკვეული დროის შემდეგ ეს ცხოვრების სტილი ხდება. გზა, რომელიც ერთ დღეში გინგისაზღვრავს მთელს შენს  ცხოვრებას“ - მწერს. ჰო. ეს ერთხელ ხდება და შემდეგ შეუძლებელია არ მოხდეს. და ყოველი ასეთი აქტის შემდეგ ქართული „რა პატარაა საქართველო“ გლობალური ხდება და ვამბობ - რა პატარაა მსოფლიო.  „მე საპირისპირო განცდა მაქვსო -  მეუბნება რენე -  რაც უფრო მეტ ადგილს და ადამიანს ვნახავ, მით მეტად დიდი ხდება ქვეყანა ჩემთვის, რადგანაც ახალი საინტერესო ადგილი ვერ გამოვლიე. ალბათ, ერთი ცხოვრება საკმარისი არ არის დედამიწის დასათვალიერებლად“ . მიუხედავად იმისა, რომ მისი და ჩემი ქვეყნიერებისადმი დამოკიდებულებები ტოლობაში არ არიან, მაინც ერთ აზრს ატარებენ. ჰო, ასეა, მოგზაურობა ის აქტია, სადაც პარალელებიც იკვეთებიან.


უცნაური ადამიანები არიან მოგზაურები. ღია. ძალიან გულახდილი (ყოველშემთხვევაში სხვა აზრი არ გიჩნდება), მეგობრულები და დახმარებისთვის მუდამ მზად.  გზის ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში, ალბათ პიროვნული თვისება ხდება. სახლი დასვენებისთვის არის, სხვა დანარჩენისთვის არსებობს მსოფლიო - შესაძლოა ჩემს ამ დაკვირვებას იქამდე არ დაეთანხმო,  სანამ რომელიღაც ქვეყნიდან დაბრუნებული მანამდე უცნობი ენთუზიაზმი ძალაუნებურად ახალი ენერგიებით არ შეგმართებს საკუთარ თავთან მიმართებაში.


ფოტოგრაფიაზე ვსაუბრობთ ისევ. ის მიხსნის, რომ „ფოტოკამერა კომუნიკაციის თავისებური საშუალებაა. თუკი ვიცი ადამიანი, რომელსაც ფოტოს ვუღებ, რა პროფესიის არის ან რა თვისებები აქვს, სურათიც  უფრო საინტერესო გამოდის. ფოტოს გადაღება რაღაც წილად თანაგრძნობის გამოხატვაა.

 

მახსენდება ერთხელ კუბაში ვსეირნობდი ქუჩზე, რომელსაც არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს უცხოელებისთვის, ჩემს ირგვლივ სიცილი და მეგობრული დიალოგები მესმოდა, რაც მშვიდ განწყობას და უსაფრთხოების გრძნობას არ მიკარგავდა. დავინახე ასაკოვანი მამაკაცი, დაახლოებით 95 წლის ინვალიდის ეტლში იჯდა. მასთან მივედი და ვკითხე რა არის მეთქი შენი მთავარი პრობლემა. მუხლებიო. ვთხოვე ფოტოს გადაგიღებ მეთქი. ის მაშინათვე წამოდგა, არ მინდა გადამიღო ისე, რომ ჩემი სისუსტე ჩანდეს, გადამიღე ისე, რომ  ძლიერი გამოვჩნდეო, მერე სავარძლიდან ადგა, ხელებით იქვე რკინის ღობეს ჩაეჭიდა და ვარჯიში დაიწყო. ახლომახლო ხალხი და მოხუცის მეზობლები გვიყურებდნენ და იცინოდნენ“.

 

ვთხოვ, ლომებზე მომიყვეს, როგორ იღებს მათ, როგორია გრძნობა, როცა ლომებს ხვდები სულ რაღაც რამდენიმე მეტრში. მე ვიცი როგორი იქნება ჩემი და ლომების შეხვედრა, დაახლოებით ისეთი, ჟან ლუკ პონტის კონცერტზე დარბაზიდან რომ გამოვედი. გრძნობა დიდის და დიადის, რომელსაც განსაცდელადაც არ ყოფნი, იმდენად პატარა ხარ მასთან.


„ლომებზე, ბევრი ისტორია მაქვს. ისინი ღამე გამოდიან სანადიროდ, ან ძალიან ადრე. დღის მანძილზე დამალულები არიან. მათი ნახვა არ არის ისეთი ადვილი, როგორც ეს ბუნების შესახებ დოკუმენტური ფილმებიდან შეიძლება ჩანდეს. რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება არა მხოლდო მენახა ისინი, არამედ გადამეღო კიდეც მათთვის ფოტო. ლომები ძალიან ამაყები არიან. მათ სიამაყეს და თავდაჯერებულობას გრძნობ როცა მათთან ისე ახლოს ხარ, რომ თვალებში უყურებ. ამ დროს თავს ძალიან პატარად და დაუცველად გრძნობ. 

 

მანქანა, სადაც ზიხარ - ერთადერთი უსაფრთხო ადგილია დამკვირვებლისთვის.   ხშირად ლომები გზიდან ძალიან შორს არიან. დურბინდი აუცილებლად თან უნდა ატარო რომ დისტანციიდან მაინც შეძლო მათი დათვალიერება. ზოგჯერ, თუკი ძალიან გაგიმართლა, მათ გზის პირასვე ნახავ. ერთხელ, კალაჰარში დილაუთენია დავტოვე ბანაკი და შუაგზაზე ვიპოვე ლომების ჯგუფი, რომლებსაც რაღაც ცხოველი ყავდათ მოკლული და მას მიირთმევდნენ. მე უბრალოდ მათ პირისპირ დავდექი და ვათვალიერებდი. რამდენიმე წუთში ძალიან ბევრი მანქანა მოგროვდა და გზა გადაიკეტა. დაახლოებით ორი ხვადი,  4-5 ძუ და რამდენიმე პატარა ბოკვერები იყვნენ.

 

მზე მალე ამოვიდა და ჰაერის ტემპერატურაც გაიზარდა, რამდენიმე ბოკვერი ჩემი მანქანის ქვევით შეძვრა მზისგან თავის ასარიდებლად, ერთ ფანჯარასთან ერთი ხვადი დაწვა, ერთი ძუ კი - მანქანის მეორე ფანჯრის გასწვრივ მდებარე პატარა შემაღლებულზე. მანქანის ქვევით ბოკვერები მანქანის ნაწილებს ეთამაშებოდნენ . ხალხი ჩემს გარშემო მანქანებიდან აღფრთოვანებულები უყურებდნენ ამ სანახაობას, მე ცოტათი შეშფოტებული ვიყავი ჩემი მანქანის მდგომარეობით. ეს მართლა საინტერესო და უცნაური დღე იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლომები წავიდნენ“.

 

მას იმდენი ისტორია აქვს, რომ ალბათ, უკვე შეუძლია ზღაპრებიც წეროს დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც. არ ვიცი, ამას გააკეთებს თუ არა, მაგრამ მის პირველ გამოფენას რომ თბილისი უმასპინძლებს ამაზე შეთანხმება უკვე დავდეთ www.renebauer-photography.com.


მისი სახელია რენე ბაუერი, მაგრამ მე მას wanderer-ს ვეძახი.

 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED