არჩევანი ღირსეულ ცხოვრებასა და მათხოვრობას შორის...

2014.11.20 ავტორი: ირაკლი შარაშიძის ბლოგი

დებატებს იდეებს უმართავენ და არა პიროვნებებს, თუმც ჩვენთან ხომ პირიქითაა.
მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, დებატებსაც არა აქვს აზრი. იმიტომ რომ, რაზეც ვკამათობთ - მეორადია, ზედნაშენი, პრობლემა კი საფუძველშია. სწორედ ამიტომ, რა რეფორმაც არ უნდა ჩაატაროს ხელისუფლებამ, ის ჰაერში დარჩება გამოკიდებული და საბოლოო ჯამში მოკვდება. იმიტომ რომ ზედაპირულია. 

ანეკდოტია - კახელმა ზოოპარკში ზებრა დაინახა - "რა პიჟამაც არ უნდა ჩაიცვა, მაინც ჩემი ჩოკინა ხარო".  ცოტა რამ ვირის ზებრად ქცევის შესახებ...

 

რა არის ევროპა და ევროკავშირი, რომლისკენაც ასე "მივისწრაფვით"?

 

1. ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის არანაკლებ 40%-ს (დაახლოებით 400 000 ოჯახი საქართველოს პირობებში) აქვს ყოველგვარი ხელისუფლებისგან, რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს, დამოუკიდებელი და ოჯახის რჩენისათვის სავსებით საკმარი შემოსავალი.

 

ეს არაა მარტო წარმოების საშუალებათა მესაკუთრე-ბიზნესმენთა კლასი, ეს სპეციალისტებია, რომელთაც უმუშევრად დიდხანს დარჩენა არ ემუქრებათ და არც მაცივარი დარჩებათ ცარიელი მეორე დღესვე, თუ რაღაც მიზეზით სამსახური დროებით დაკარგეს. იმიტომ , რომ დანაზოგიც აქვთ, ეს სამსახურიც არსებობს და სპეციალისტი მუდამ საჭიროა. ამ ფენას ვერც მიტინგზე გაიყვან 20-30 ლარის გადახდით და არც მთავრობისგან ნაწყალობევი ელექტროენერგიის ვაუჩერით შეგრაცხავს ერის მხსნელად და მესიად. დისკომფორტია პოლიტიკოს-ჩინოვნიკისთვის, მაგრამ ამაზე დგას ცივილიზებული სამყარო და დემოკრატია.


2. ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება შემდეგს:


ა) მატერიალურ ფასეულობათა წარმოება. დიახ წარმოება და არა სხვისი წარმოებულის რეალიზაცია (ეგ ისედაც საკმარისად გვაქვს). ამას კი თანამედროვე ტექნოლოგიები და შესაბამისად მომზადებული კადრები სჭირდება, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გვღირსებია, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს და სამედიცინო სიახლეებს თუ არ ჩავთვლით და სადაც უფრო სხვისი შექმნილის მომხმარებლები ვართ, ვიდრე ავტორები.

 

გულზე ხელი დავიდოთ, აბა თუ გვსმენია მაინც ბოლო 24 წელიწადში ტექნიკური და ტექნოლოგიური კადრების გამოზრდის შესახებ საქართველოში? რა სპეციალობებს ეუფლებიან ჩვენი შვილები საქართველოში თუ საზღვარგარეთ? ყველანაირს, გარდა საინჟინრო-ტექნოლოგიურისა. და რატომ? მართალია, გამოყენება არა აქვთ. ჰოდა დავრჩით საბჭოთადროინდელი სპეციალისტების ამარა, რომელთაგან ყველაზე ახალგაზრდებმა მიუკაკუნეს ან გადააბიჯეს 50 წლის ასაკს. თუ იმასაც ვიანგარიშებთ, რომ მათ უმრავლესობას პროფესიით წლებია არ უმუშავია და კვალიფიკაცია დაკარგული აქვს, მივხვდებით, თუ რა მძიმე ამოცანის წინაშე ვდგავართ ყველანი.


ჩვენ, უკეთეს შემთხვევაში გასული საუკუნის 80-იანი წლების ტექნოლოგიით შეგვიძლია მუშაობა. ამიტომაცაა ჩვენი შრომის ნაყოფიერება და წარმოების კულტურა დაბალი, ხოლო პროდუქციის თვითღირებულება მაღალი. თვით ისეთ ტრადიციულ დარგში, როგორც სოფლის მეურნეობაა. აბა შევადაროთ, რა მოსავალი მოჰყავს ევროპელს ან ამერიკელს ფართობის ერთეულზე და რამდენი - ჩვენ? დანახარჯი კი თითქმის ერთნაირია, პროდუქციის ერტეულის თვითღირებულება კი ჩვენთან გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომაც არ გვაქვს კონკურენციის უნარი.

 

გამოსავალი ახალ ტექნოლოგიებშია. სად მოვიპოვოთ ისინი?

 

ბ)დღეისათვის ჩინეთი და სამხრეთ კორეა ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, საკუთარი საწარმოები ევროპის საზღვრებისკენ გადმოწიონ. კაპიტალის 85%-ს დებენ, მხოლოდ 15% -ის გაწევა უწევთ ადგილობრივ ბიზნესმენებს, თუნდაც გაპარტახებული ყოფილი სამრეწველო შენობების სახით.


ამაზე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის აწყობა შეიძლება. ადგილმდებარეობა კი ნამდვილად გვიწყობს ხელს. მაგრამ ხსენებული იდეის ხორცშესხმას ზოგ სახელმწიფო მოხელეთა დაუძლეველი წინააღმდეგობა ხვდება. ზოგის - სისულელითა და არაკომპეტენტურობით, ზოგის კი შეგნებული, პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე აშკარა თუ ფარული საბოტაჟით.

 

გ) გასაღების ბაზარი


მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა (ევროპაში კი ის უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ საღად და პრაგმატულად აზროვნებენ) რომლის პოლიტიკასაც უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური ინტერესები არ წარმართავდეს. ჩვენთან კი სამწუხაროდ პირიქითაა. ყბადაღებული პოლიტიკური კურსი წარმართავს ეკონომიკას. ეკონომიკური კანონები და კატეგორიები კი მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში - ვიცით მათი არსებობის შესახებ თუ არა, ან გვინდა მათი მოქმედება თუ არა და ამის არგათვალისწინება, მხოლოდ ჩვენი აზროვნების სიმწირეზე მიუთითებს და სხვა არაფერზე.

 

არსებობს ძირითადი ეკონომიკური პარტნიორის ცნება და ის ძირითადად, როგორც წესი, მოსაზღვრე და ის სახელმწიფოებია, სადაც მეტი მოთხოვნილება არსებობს შენს პროდუქციაზე. ჩვენს შემთხვევაში ასეთი რუსეთია. ოკუპანტია? კი, რა თქმა უნდა. მერედა მარტო ჩვენთვისაა ოკუპანტი? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იაპონიამ, გერმანიამ, ფინეთმა ან პოლონეთმა უარი თქვან რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე მათი ტერიტორიების ოკუპაციის მიზეზით? არა მგონია. იქ სრულ ჭკუაზე მყოფი ხალხი ცხოვრობს და ასეთ სისულელეს არასოდეს გააკეთებენ. რუსეთთან ვაჭრობით ამ ქვეყნებში მილიარდები კეთდება ყოველთვიურად, კარგად მოგეხსენებათ.

 

ურაპატრიოტიზმითა და ავანტიურული მართვით ვერავის დავაჯერებთ, რომ სახელმწიფო გვინდა


იმისათვის, რომ შეექმნა თანამედროვე გერმანია, მაშინდელმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა გერმანიის ტერიტორიის მესამედი, 16- მილიონიანი მოსახლეობით, სსრკ-ს დაუთმო. მარშალის გეგმით, ეკონომიკის მინისტრის ლუდვიგ ერჰარდის უდიდესი ცოდნითა და ძალისხმევით, მთელი ერის გონიერი შრომით სულ რაღაც 10-12 წელიწადში გფრ ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა მოუვიდოდა გფრ-ს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის რომ დაეწყო მაშინ ბრძოლა? ტერიტორიების უპერსპექტივო დაბრუნების მცდელობებს, მათ ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს შექმნა არჩიეს. სხვა შემთხვევაში, ალბათ საერთოდ დაკარგავდნენ სახელმწიფოებრიობას.

 

უფრო მეტიც, 1973 წელს გფრ-მ და გდრ-მ ერთმანეთი ოფიციალურად სცნეს და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებიც გაცვალეს. რა, სამშობლო არ უყვარდათ? მაგრამ "არის ჟამი ქვის სროლისა და არის ჟამი ქვის შეგროვებისა". და როცა სროლის დრო მოვიდა, ერთი ხელის დაკვრით გადაჭრეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, გაყოფიდან 4 ათეული წლის შემდეგ. ეს საქმიანი და გონიერი პატრიოტიზმია და არა "მჩხავანა კატების" მიერ ლოზუნგებით და ავანტიურებით სახელმწიფოს მართვა. ჩხავილი ადვილია, თაგვის დაჭერაა ძნელი.

 

ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით, როგორ გინდათ დააჯეროთ პრაგმატიკოსი ევროპელები, რომ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან "ოკუპაციის" გამო არ გვსურს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ნორმალური ურთიერთობა?

 

არ გვსურს ვაჭრობის გაფართოება ქვეყანასთან, რომლის სტანდარტებზეა მორგებული ჩვენი წარმოება და სოფლის მეურნეობა და ხვალვე (თუ მოხერხდა) ევროკავშირში და ნატოში გვინდა გაწევრიანება, თუმც უახლოეს წლებში არანაირი შანსი არა გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაციის. ვის და რის იმედზე ვაპირებთ ცხოვრებას? გრანტების და კრედიტების, რომელთა დაბრუნების შანსი ასეთ ვითარებაში ნოლია და ეს კარგად იცის ყველა საფინანსო ინსტიტუტმა? განა, ცოტა მოგვცეს?! მარტო ლტოლვილებზე აქვთ იმდენი ფული მოცემული, თითოეული ოჯახი როგორც მინიმუმ დიდი, კაპიტალური ბინით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ფიქრობთ, სულელები არიან და არ იციან, სად წავიდა ფული?

 

რუსეთთან ვაჭრობის გაფართოება და ურთიერთობის დალაგება არაა პანაცეა (ისევე, როგორც ნატო, ან ევროკავშირი. რომელი გვაგლეჯს კალთებს, თორემ კი), ის მხოლოდ სულის მოთქმის საშუალებას მოგვცემს რაღაც დროით, იმისათვის, რომ ეკონომიკის გადაიარაღება, ევროსტანდარტების დანერგვა და კადრების გაზრდა შევძლოთ.

 

ვიცი, არაა დღევანდელი რუსეთი ის სახელმწიფო, რომელიც მოგვეწონება, უახლესი ისტორიაც კარგად გვახსოვს ყველას, მაგრამ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას ვკიდებთ ხელს, ჩვენი მოწონება-არმოწონება სადმე შორს შევინახოთ, ისე რომ არსებობაც არ გაგვახსენდეს მისი, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მემუარების წერას არ დავიწყებთ. მოქმედი პოლიტიკოსისთვის პირადი სიმპათია-ანტიპათია დაუშვებელი ფუფუნებაა.


დ) ჰო, მართლა, სად არის მთავრობის დაპირებული ანტიმონოპოლიური ღონისძიებები? როგორ წარმოგიდგენიათ ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება მონოპოლიებთან ერთად?

 

ე)იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია გარე ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს, მიწოდების სატრანსპორტო ხარჯები უნდა შემცირდეს.

 

ნუ გაგვაკვირვებს ისიც, რომ ჩვენი ბიზნეს-ნიშა რუსეთში კარგა ხნის დაკავებულია და კონკურენცია ძალიან სერიოზული იქნება. ამ კონტექსტში აფხაზეთის რკინიგზის გახსნის იდეის განხილვა აზრს იძენს, რადგან ეს, ჯერ ერთი, ჩვენი პროდუქციის მიწოდებას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან მიერთებით, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის მომარაგებაში მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს, შესაბამისი შემოსავლით. თუმცა ამ მიზანშეწონილობის განხილვისას, ისევ ურაპატრიოტულ მოწოდებებს ვაწყდებით, თურმე რუსეთის სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება.

 

რაც შეეხება რუსეთის მიერ სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას, ამის მონიტორინგი ძალიან ადვილია, ევროპაც მოკავშირეობას გაგვიწევს. თუ აზერბაიჯანი ახერხებს საქართველოს რკინიგზაში სომხეთისკენ მიმავალი ნავთობპროდუქტების მონიტორინგს, ჩვენი ტვირთების მონიტორინგიც საკუთარ ქვეყანაში როგორმე უნდა შევძლოთ.

 

არჩევანი ყოველთვის არის... არჩევანი ღირსეულად ცხოვრებასა და სხვისი ხელის შემყურეობას შორის. თქვენ რა აზრისა ხართ?

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED