ფოთელების სენი - უმოქმედობა

2014.10.22 ავტორი: ქეთევან ხომერიკის ბლოგი

ვფიქრობ და არ ვიცი ფოთმა ხელისუფალთა წინაშე რა მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინა ისეთი, რომ დღემდე გული არცერთს მოუბრუნდა ქალაქისკენ.

წინა ხელისუფლება, რომელიც „სახელგანთქმული“იყო მთელი ქვეყნის მაშტაბით გზების აღმშენებლობის საქმეში, ფოთის გზები იმ დონემდე მიიყვანა, რომ ფოთის ცენტრალური ნაწილის გავლა მიზანშეწონილი (როგორც მანქანისთვის, ისე მგზავრისთვის) მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილით იყო. დანარჩენ ნაწილში კი ბოტები და დღის მონაკვეთის მიხედვით დამხმარე ჯოხი ან ფანარი გჭირდებოდა.

 

არ მინდა საკითხი გლობალურ ჭრილში გადავიტანო, არ მაქვს პრეტენზია არც შესაბამის ცოდნასა და შესაძლებლობაზე. შემიძლია მხოლოდ ძალიან კონკრეტული მაგალითებით, კონკრეტული გამოცდილება გაგიზიაროთ. 

 

2012 წლის არჩევნების წინ, მახსოვს, წინა ხელისუფლების აბსოლუტური უყურადღებობით გაბრაზებული ფოთის მოსახლეობა იმდენად იყო აგრესიული იმათ მიმართ, ვინც დადებით შეფასებას აძლევდა სააკაშვილის მთავრობას, რომ ცალსახად გაჩუმება ჯობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ფიზიკური ანგარიშწორება იყო გამორიცხული სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე მოქალაქის მიმართ. ფოთი ასე ერთსულად შეკრული, არც მანამ მინახავს და ეჭვი მაქვს მომავალშიც ვეღარც ვნახავ (სამწუხაროდ).

 

იმ წლის ოქტომბრიდან დღემდე, სულ რაღაც ორი წელი გავიდა. როგორც ჩანს, ეს ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა ფოთელების „ოცნების“ დასანგრევად. დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მესმის უკმაყოფილო ამომრჩევლის ხმა. სუსტი, მაგრამ მაინც.

 

თუმცა დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლების აქტიური დამცველები არ დამეთანხმებიან და გააპროტესტებენ, გაკეთებულ საქმეების ჩამონათვალს თეატრით დაიწყებენ. არადა, ეს თეატრიც ზუსტად იმავე „ხარისხით“ აშენდა, როგორი „წარმატებითაც“ ნაციონალური მოძრაობა აშენებდა მთელ რიგ შენობებს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმატება კი, მშენებლობის საკითხში გახლდათ წყალდიდობა შენობაში პირველივე ძლიერი წვიმის დროს.

 

როგორც წესი, წინა ხელისუფლების დამცველები, ამასთან დაკავშირებით მაშინვე კომენტარს მაგებებენ: „ხომ მაინც კეთდებოდა რაღაცო?!“ არა, შენობას, რომელსაც ყველა ქარის დროს კარ-ფანჯრები და სახურავი ძვრება, ყველა წვიმის დროს კედლებიდან წყალი ჟონავს, აშენებულად და გაკეთებულად ვერ ჩაითვლება. ეს იყო იაფფასიანი საკენკი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება უგდებდა „თვალების ასახვევად“ თავის ამომრჩეველს. თუმცა, ფოთში ეს საკენკიც კი არავის გადმოუგდია.

 

დღევანდელი ხელისუფლება ალბათ ფიქრობს, რომ ქალაქში გზა დააგო ფეხით მოსიარულეთათვის. ვისაც არ ქონია ბედნიერება ერთი წლის განმავლობაში ფოთში მოხვედრილიყო, იმათთვის ავხსნი, რომ

 

ჯერ იყო და ლამის ლოდები დაყარეს იმ ქვიშის ნაცვლად, რომელზეც შემდეგ გზა უნდა დაგებულიყო. შემდეგ კი, ერთი წელი ამ ლოდებზე გვახტუნეს, წლის თავზე ბოდიში მოიხადეს შექმნილი დისკომფორტისთვის და გაზაფხულზე გზების გაკეთება დაიწყეს. გაზაფხულიდან დღემდე 6 თვე გავიდა. საქმე გაკეთდა, მაგრამ სანახევროდ - გზის ერთი ნაწილი დაიგო და მეორე ნახევარი დატოვეს. რისთვის დატოვეს, ან ვის დაუტოვეს გასაკეთებლად არ ვიცი.  შედეგი? ისევ გახარჯული თანხები და დაუმთავრებელი საქმე.

 

მდინარე რიონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს კვეთს. ამ ცენტრალური ნაწილის მარჯვენა მხარეს ხეივანი მიუყვება, მარცხენა მხარეს კი ბაზარი. მდინარის ორივე მხარეს კი, წინა ხელისუფლების 9-წლიანი „მოღვაწეობის“ პერიოდში „გაუვალი ჯუნგლები“ წამოიზარდა.  ეს ხელისუფლება კი აგრძელებს წამოზრილი „ჯუნგლების“ მოვლას და რატომღაც აზრად არავის მოსდის მოჭრას, გაკაფოს, მოუაროს, დაასუფთავოს, რომ ან მდინარის მეორე ნაპირი დაინახოს, ან უბრალოდ მოვლილმა ნაპირებმა ესთეტიური სიამოვნება მიანიჭოს ადამიანს. ან თუნდაც იმიტომ, რომ რომელიმე სამსახურმა შეასრულოს თავის მოვალეობა, რომელიღაც სამსახურის კომპეტენციაში მაინც ხომ შედის აღნიშნულ საკითხზე ზრუნვა?!

 

ალბათ, გაუთავებლად შეიძლება გასაკეთებელ და გაუკეთებელ საქმეებზე საუბარი, რომელზეც არც წინა და არც არსებული ხელისუფლების პერიოდში შეუწუხებია თავი არავის, თუმცა პასუხისმგებლობის რაღაც ნაწილი ჩვენ, ფოთელებსაც გვეკისრება. რატომღაც ქალაქში პრობლემის წამოწევა, მასზე მითითება და შემდეგ ხმამაღლა საუბარი, გვერიდება. შეიძლება, გვეშინია კიდეც... ან ორივე ერთად...

 


მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ, სანაპიროზე ტრენაჟორების დადგმის მოთხოვნით განცხადების დაწერა და მერიისთვის მიმართვა გადავწყვიტე. იმედი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ მოთხოვნას წინ რა ედგა. ხელმოწერების შეგროვება დილის 7 საათზე ზღვის სანაპიროზე სავარჯიშოდ გასული მოქალაქეებისგან დავიწყე. რომლებიც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული. სამწუხაროდ, განცხადებაზე ხელმომწერი ვერავინ ვნახე. უნდობლობა, ეჭვი, შიში...

 

რატომღაც ფოთელებს, არც მოთხოვნა გვიყვარს და არც გვერდში დგომა, როცა ვიღაც რაღაცას ცდილობს. როცა საჭიროა პრეტენზიის თქმა, პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება, რატომღაც მორიდებით თავს ვხრით ხოლმე და ვიმალებით.

 

ჩვენს მაგივრად კი სხვა არასდროს ისაუბრებს, არავინ მოსთხოვს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას საქმის გაკეთებას. ჩვენი უფლება კი არა, ვალდებულებაა მოვთხოვოთ და ვაიძულოთ გააკეთონ.

 

წინა ხელისუფლების უუნარობაც და უყურადღებობაც ნაწილობრივ სწორედ ჩვენმა გაუთავებელმა ტაშისკვრამ განაპირობა. მაშინ როდესაც ქალაქს ნაქალაქარის სახე ქონდა, თანამოქალაქეები ტაშს უკრავდნენ სააკაშვილის მთავრობას და სოციალურ ქსელში ფეისბუქში, „ამაყი“ ფოთელების გვერდი იყო გახსნილი, სადაც მხოლოდ ქალაქის არ არსებულ მშვენიერებაზე და დიდებაზე საუბრობდნენ.

 

არ მინდა ახლაც იგივე განმეორდეს და ამ ხელისუფლებას მივცეთ იმის საშუალება, რომ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პრივილეგიებით ისარგებლონ და ქალაქი იქ დატოვონ, სადაც ახლაა.

 

პრობლემაზე საუბარი სირცხვილი არ არის. მეტიც, დანაშაულია, როცა პრობლემას მიზანმიმართულად ვმალავთ და ხელს ვაფარებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვალდებულები არიან დაინახონ და არ ხედავენ, გააკეთონ და არ აკეთებენ, იმოქმედონ და არ მოქმედებენ. 

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED